ავტორი:

"კაცი რომელიც მიყვარდა, რაღაც მაწყენინა და დავწყევლე. დედაჩემის დასაფლავების დღეს... და მოკვდა. მიღალატა და ეს ვერ ვაპატიე..." - ვისზე იყო შეყვარებული და რას ნანობს ბერტა ხაფავა?

"კაცი რომელიც მიყვარდა, რაღაც მაწყენინა და დავწყევლე. დედაჩემის დასაფლავების დღეს... და მოკვდა. მიღალატა და ეს ვერ ვაპატიე..." - ვისზე იყო შეყვარებული და რას ნანობს ბერტა ხაფავა?

ცნობილმა მსახიობმა ბერტა ხაფავამ გადაცემაში "სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ საკუთარი ცხოვრების საინტერესო მომენტების შესახებ ისაუბრა.

ბერტა ხაფავა:

"არასოდეს მომწონდა ჩემი გარეგნობა, ძალიან მაღალი ვიყავი, გამხდარი, არ მსიამოვნებდა. სკოლა რომ დავამთავრე, აბაშაში ვიყავი და ერთი ხუჭუჭთმიანი, ლამაზი ბიჭი მომწონდა. კინოში ვიყავით და სახლში რომ გამომაცილა, ვიდრე კიბეზე ავიდოდი, მაკოცა. ძალიან განვიცადე, როგორ მაკადრა-მეთქი. ეს ბიჭი არ ყოფილა ჩემი დიდი სიყვარული. პირველად 18 წლის ასაკში შემიყვარდა, ის კაცი ჩემზე ბევრად უფროსი იყო. ცალმხრივი სიყვარული იყო... , ეს იყო თემურ ჩხეიძის მამა, კარგი მსახიობი ნოდარ ჩხეიძე. სადაც წავიდოდა, დავდევდი. არაფერს მეუბნებოდა, იცოდა, რომ მომწონდა, მაგრამ არ იმჩნევდა.

ერთხელ მაინც შეიმჩნია... დიდხანს გაგრძელდა ეს სიყვარული, წლების განმავლობაში ვიყავი ცალმხრივად შეყვარებული. მერე ნელ-ნელა გადამიარა. ნამდვილი ტანჯვა იყო. სიამოვნებდა ამ კაცს, რომ მე ვწვალობდი. ცოლი არ ჰყავდა მაშინ და წლების შემდეგ რომ დაოჯახდა, ძალიან განვიცადე, ღამეები ვტიროდი. ნოდარ ჩხეიძე არ უნდა შემყვარებოდა...

სულ მინდოდა, რომ შვილი გამეჩინა. არ გაჩნდა... ვიმკურნალე კიდეც, ყველაფერი, მაგრამ არ გამოვიდა. შემდეგ ჩემი და გათხოვდა, შვილი გააჩინა, მხოლოდ მის მუცელში იჯდა, მაგრამ ჩემი გაზრდილია. ოჯახის გარეშე რომ გამეჩინა შვილი, ნამდვილად არ შემრცხვებოდა, მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა...

ბოლო სიყვარული ჩემზე რვა წლით უმცროსი იყო, კარგა ხანია გარდაიცვალა. ამ დროს უკვე დაშორებულები ვიყავით, მაგრამ ძალიან განვიცადე. გული ჩამწყვიტა, ჩემი ცხოვრება წაიღო და წავიდა.

ცუდი მოგონება მაქვს, კაცი რომელიც მიყვარდა, რაღაც მაწყენინა და ძალიან მაგრად დავწყევლე. დედაჩემის დასაფლავების დღეს, კუბოსთან და მოკვდა. მიღალატა, სხვა ქალთან წავიდა და ეს ვერ ვაპატიე..."