ავტორი:

"ალბათ საჭიროა, მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს..." - თეა წულუკიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ

"ალბათ საჭიროა, მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს..." - თეა წულუკიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ

ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს. ის კონსტიტუციური უფლებამოსილებიდან გადახვევად აფასებს ზურაბიშვილის ელჩების დანიშვნაზე გაკეთებულ განცხადებას. როგორც ცნობილი გახდა, ის ხელს არ აწერს აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის დავით ბაქრაძის დანიშვნას გაერო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად. პრეზიდენტმა ვაშინგტონში ბაქრაძის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა, წულუკიანმა კი ბაქრაძე დაიცვა.

"დავით ბაქრაძე არის კატეგორია, რომელსაც სადაც კი არ უმუშავია და ის არაერთი წლის განმავლობაში ჩემი კოლეგა იყო სახელმწიფო მინისტრის რანგში, ყოველთვის ყოფილა გამორჩეული თავისი პროფესიული სინდისით, სერიოზულობით, ცოდნითა და პროფესინალიზმით", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, სრულიად დაუშვებელია კრიტიკა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტისგან მოვისმინეთ. "საქართველოს პრეზიდენტი ერთი და იგივე გამოსვლაში იცავს, აქტიურად იცავს უცხო ქვეყნის ელჩს ჩვენს ქვეყანაში, ვისურვებდი, მან თუნდაც იმის ნახევარი მონდომებით დაიცვას ჩვენი ელჩები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან და იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - წულუკიანის კომენტარი "პირველმა არხმა" გაავრცელა.

როგორც ზურაბიშვილმა თქვა, 37-დან 36 ელჩის დანიშვნას ხელი მოაწერა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ახლა რჩება ერთი, ბაქრაძის პრობლემა. "ამაზე შეაქვთ საკონსტიტუციოში და სთხოვენ, რომ ანტიკონსტიტუციურად იყოს მიღებული ჩემი უმოქმედობა ამ შემთხვევაში. ჯერ არ არის უმოქმედობა, იმიტომ, რომ 15 ივლისის წერილი არის და ვნახოთ, როგორი მოქმედება მექნება ან უმოქმედობა", - დაამატა პრეზიდენტმა.

წულუკიანი კი ზურაბიშვილს ადვოკატის აყვანას ურჩევს.

ალბათ, საჭიროა, მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს. ინტერვიუში თქვა ის, რაც მას ძალიან შეასუსტებს დავისას. რეალურად, მეორე მხარეს მისცა არგუმენტები და გაამართლა რეალურად, რასაც ჩვენ ვფიქრობდით, რასთანაც საქმე გვქონდა. პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცილდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და უარს ამბობს ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე თუ მას მიაჩნია, რომ ესა თუ ის ელჩი წარუმატებელია. ეს არ არის მისი ფუნქცია, კონსტიტუცია ამას არეგულირებს სხვანაირად. დასანანია, რომ ჩვენ ჯერ არ შეგვხვედრია ისეთი პრეზიდენტი, რომელმაც გაუგო საპარლამენტო მოდელს. ჩვენ ჯერ ვერ ვიყოლიეთ ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც ესმის, რა არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები ისეთ მოდელში, რომელიც საპარლამენტო მოდელია. რომელი პრეზიდენტიც გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით, საპარლამენტო მოდელში ყველას აქვს გარკვეული კომპლექსი. მე ამას კონსტიტუციურ კომპლექსს დავარქმევდი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.