ავტორი:

კურორტები საქართველოში, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა - სად უნდა დავასვენოთ ალერგიული ბავშვები და რომელ დაავადებას რომელი კურორტი უხდება: ინტერვიუ კურორტოლოგთან

კურორტები საქართველოში, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა - სად უნდა დავასვენოთ ალერგიული ბავშვები და რომელ დაავადებას რომელი კურორტი უხდება: ინტერვიუ კურორტოლოგთან

ზაფხული პიკშია, ადამიანების უმეტესობა კი ფიქრობს, სად გაატაროს კუთვნილი შვებულება. თუ გაქვთ საოფისე სამსახური, ან მუშაობთ ფიზიკურად, ალბათ, გაინტერესებთ, საქართველოს რომელ კურორტზე სჯობს დასვენება, რომ ჯანმრთელობა გაიკაჟოთ და კვლავაც ნაყოფიერი მუშაობა შეძლოთ.

"მნიშვნელოვანია შვებულებას სად და როგორ გავატარებთ. სასარგებლო და ჯანსაღ პირობებში დასვენება კი ორგანიზმისთვის აუცილებელია, რადგანაც ეს ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ამ დროს ხდება ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური ენერგიის აღდგენა, რომელიც გასული წლის მანძილზე დავხარჯეთ.

დასვენების პერიოდში ენერგიის ისეთი მარაგით უნდა დავიმუხტოთ, რომელიც შემდგომ სამუშაო პერიოდს ადვილად გაგვატანინებს. ამიტომ, დასვენების ადგილის არჩევა სერიოზული საქმეა, რომელსაც სწორი მიდგომა სჭირდება.

სამკურნალო კურორტის არჩევა იმის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ორგანიზმი. სჭირდება თუ არა ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები კი გახლავთ - მზე, წყალი, ჰაერი ანუ სხვადასხვაგვარი კლიმატი, მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახები, სპელეო მღვიმეები, ზღვის სანაპირო, სხვადასხვა წყალსაცავი, მდინარე და ა.შ" - გვეუბნება თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექიმი-თერაპევტი მანანა ტაბიძე და თემასთან დაკავშირებით, Ambebi.ge-ს კითხვებს ასე პასუხობს.

- ბავშვებისთვის დასასვენებლად მთის რომელი კურორტია საუკეთესო?

- იმისთვის, რომ ბავშვები მთელი წლის მანძილზე ჯანმრთელები იყვნენ და სხვადასხვა დაავადების მიმართ ორგანიზმს ბრძოლის უნარი ჰქონდეს, საჭიროა მათი ორგანიზმის გაკაჟება. კარგია, თუ ისინი მთის კურორტებზე დაისვენებენ, ვინაიდან მთის კურორტებს ორგანიზმზე ძლიერი ფიზიოლოგიური მოქმედება აქვს, კერძოდ, მატრენირებელი თვისება, ე.ი. იწვევს რთულ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას, რომელსაც ორგანიზმის გაჯანსაღება და სხვადასხვა მავნე ფაქტორებისადმი მდგრადობის ზრდა მოჰყვება.

ბავშვებისთვის კარგია ბორჯომის ხეობის კურორტები, თბილისის საგარეუბნო კურორტები, როგორიც არის - კოჯორი, კიკეთი, მანგლისი, წყნეთი, საგურამო. ოღონდ, აქ გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ ბავშვი მცირე ასაკის არის, უმჯობესია ქალაქთან ახლოს მდებარე კურორტები, რომ სამედიცინო დახმარება, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად აღმოვუჩინოთ.

- ალერგიული ბავშვები რომელ კურორტებზე უნდა დავასვენოთ?

- ალერგიული პატარებისთვის განსაზღვრული კურორტები არ არსებობს. ალერგია ინდივიდუალურია და შეიძლება, ზოგიერთისთვის ამა თუ იმ კურორტზე რომელიღაც უმნიშვნელო ალერგენი იყოს წამყვანი. დიდი ხანია, სურამი საუკეთესო კურორტად ითვლება და ალერგიული ბავშვების დასასვენებლად საუკეთესო ადგილია. ასევე ვურჩევდი ბაკურიანს, შოვს, ბახმაროს და ბორჯომის საკურორტო ზონას, ან რომელიმე კარგ სოფელს, სადაც ბავშვი თავს კარგად იგრძნობს.

- ადამიანებმა, რომლებსაც ვენები აწუხებთ, დასავენებლად რომელ კურორტს უნდა მიმართონ?

- ასეთ პირებს, პირველ რიგში, წყლის პროცედურები სჭირდებათ, კერძოდ, ცურვა, წყალქვეშა ვარჯიშები, აკვააერობიკა. ასეთი დაავადებისთვის ასევე კარგია აქტიური მოძრაობა, - ერთ-ერთი პირველი წამალია. ასევე უნდა ჩაიტარონ კურორტული მკურნალობა, მინერალური წყლის აბაზანებით და ფიზიოთერაპიით. ამის საშუალება ქალაქიდან გაუსვლელად, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტშიცაა შესაძლებელი, სადაც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ ყველა პირობაა შექმნილი, მათ შორის, ვენების. თუ ქალაქიდან გასვლა უნდათ, მაშინ კარგია წყალტუბოს აბაზანები, ბორჯომის ნახშირორჟანგიანი აბაზანები, ყველა მინერალური წყალი, რომელიც ამა თუ იმ ადგილზე არსებობს და რომელიც აბაზანების სახით ვენების სამკურნალოდ გამოიყენება. საერთოდ, ყველანაირი წყლის პროცედურა ვარიკოზისთვის ძალიან კარგია.

- რას ურჩევთ მათ, ვინც მთელი წლის განმავლობაში ოფისში ზის და მუშაობს?

- შვებულება აქტიურად გაატარონ. დიდხანს იყვნენ სუფთა ჰაერზე, იმოძრაონ, იარონ, იცურაონ. თუ ახალგაზრდები არიან, ტურისტულ ლაშქრობებში წავიდნენ... უნდა ეცადონ, ყველა კუნთი და სახსარი აამოძრაონ. მათთვის არ შეიძლება პასიურად, წამოწოლილ მდგომარეობაში ყოფნა. დახურულ შენობაში მომუშავე ადამიანებს კანი უსუსტდებათ, ამიტომ აუცილებელია ჰაერის აბაზანის მიღება, რათა კანი გაიკაჟონ.

- ასთმიანი ადამიანებისთვის რა რეკომენდაციაა?

- ზღვის დონიდან რაც უფრო მაღლა ვართ, ატმოსფერული წნევა და ჰაერში ჟანგბადის შემცველობა მით უფრო მცირდება. ჰაერის ტემპერატურაც ნაკლებია. საშუალო და მაღალი მთის კლიმატი ხელს უწყობს ორგანიზმის შემცვლელი რეაქტიულობის ნორმალიზაციას, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის გაუმჯობესებას, იმუნური სისტემის და ორგანიზმში ფერმენტული რეაქციების გაძლიერებას. ეს კი თავისთავად ორგანიზმის გაკაჟებას და გაჯანსაღებას იწვევს. ბრონქული ასთმისა და ალერგიის მკურნალობის დროს კარგია: ბაკურიანის, სურამის, შოვის, ბახმაროს და საშუალო მთის ყველა კურორტი.

უნდა მოერიდონ შავი ზღვის სანაპირო ზოლს, რადგან იქაური ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი ასთმიანებისთვის მძიმე გადასატანია და შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

- ამა თუ იმ კურორტზე ბავშვი რამდენკვირიანი ინტერვალით უნდა წავიყვანოთ?

- ერთკვირიანი ინტერვალით კურორტზე ბავშვის წაყვანა დასვენებად არ ითვლება. როდესაც ის ახალ ადგილზე გაგყავთ, მას ადაპტაციის ანუ მიჩვევის პერიოდი სჭირდება. მიჩვევის პერიოდი აუცილებელია როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. თუ შეჩვევის შემდეგ შევწყვეტთ ბავშვის იმ გარემოში ყოფნას და სხვა კლიმატურ ზონაში გადავიყვანთ, მკურნალობა ჩატარებულად არ ჩაითვლება. ბავშვი ერთი თვე მაინც უნდა იყოს ერთნაირ გარემო პირობებში.

- მათ, ვისაც თირკმელები აწუხებთ, როგორი კურორტია მათთვის მიზანშეწონილი?

- თირკმლით დაავადებულთათვის მიზანშეწონილია მშრალი კლიმატი, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე პირებზე სასარგებლოდ მოქმედებს. კურორტ საირმის მინერალური წყალი დადებითად მოქმედებს თირკმელკენჭოვანი დაავადებების დროს. ისე, ყველაფერი ინდივიდუალურია და აუცილებელია მკურნალი ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება. ქობულეთი ნოტიო სუბტროპიკული კლიმატით გამოირჩევა, რაც ძალიან დატვირთავს თირკმლების დაავადებების მქონე პირებს. კარგია კახეთში არსებული კურორტი არხილოს კალო, რომელიც მშრალი კლიმატით გამოირჩევა, წვიმა იქ თითქმის არ მოდის. ეს მშრალი ჰავა სასარგებლოდ მოქმედებს თირკმლის ფუნქციონირებაზე. ამიტომ კარგია, თუ აღმოსავლეთ საქართველოში, ამ მშრალ კლიმატურ ზონაში გარკვეულ პერიოდს გაატარებთ. კურორტი საირმე და მისი მინერალური წყალი თირკმლით დაავადებულთათვის ერთ-ერთი პირველია. თუმცა თირკმლის დაავადებებიც სხვადასხვაა. ჩვენ კი ამჯერად ზოგადად ვსაუბრობთ.

- რა უნდა გაითვალისწინონ ზღვის სანაპირო კურორტებზე დამსვენებლებმა?

- ზღვაზე დამსვენებლებმა აუცილებლად უნდა დაიცვან მთავარი პირობა: არ შეიძლება სანაპიროზე ყოფნა 11:00-დან 17:00 საათამდე. ეს ძაბავს თერმორეგულაციის სისტემას, რომელიც ორგანიზმს იცავს და მუდმივ ტემპერატურას უნარჩუნებს. ხოლო მზის სხივებზე ზედმეტად ყოფნა შეიძლება მზის დაკვრით, სითბური დაკვრით და კანის ძლიერი დამწვრობით დასრულდეს. საერთოდ ყოველ ამ მდგომარეობას შეიძლება ბევრი გართულება მოჰყვეს. ძლიერი ულტრაიისფერი სხივების ჭარბი რაოდენობის მიღება, ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის. ალბათ გინახავთ ადამიანები, რომლებიც მთელ დღეს სანაპიროზე ატარებენ და მზის აბაზანებს იღებენ - ეს დაუშვებელია. ყველაფერს თავისი დოზა და ნორმა აქვს. ასე რომ, ზღვაზე დამსვენებლებისთვის საუკეთესო პერიოდია 11:00 საათამდე (ივლის- აგვისტოში) და საღამოს - 17:00 საათის შემდეგ.