ავტორი:

"სოსო გოგაშვილის ქონებაზე და რეპუტაციაზე საუბარი უნდა გადაიდოს იქამდე, სანამ სისტემა არ შეიცვლება" - გია ხუხაშვილი

"სოსო გოგაშვილის ქონებაზე და რეპუტაციაზე საუბარი უნდა გადაიდოს იქამდე, სანამ სისტემა არ შეიცვლება" - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სოსო გოგაშვილის ქონებაზე, რეპუტაციაზე და მორალურ სტატუსზე საუბარი იქამდე უნდა გადაიდოს, სანამ სისტემა არ შეიცვლება.

ამის შესახებ ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"თეორია, რომ გოგაშვილის ისტორია ხელისუფლების თამაშია, ან ვაჭრობს, აღარ არის აქტუალური - მან წითელი ხაზი ამ მხრივ უკვე გადაკვეთა. ამიტომ, ახლა დროა ის აქტივი, რომელიც მას უკავშირდება, გამოყენებულ იქნას სისტემის მხილების და მისი დემონტაჟისთვის.

მის ქონებაზე, რეპუტაციაზე, მორალურ სტატუსზე საუბარი მინიმუმ უნდა გადაიდოს იქამდე, სანამ სისტემა არ შეიცვლება და არ გასამართლდება" - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ბიძინა ივანიშვილსაც ახსენებს:

"დანიშვნის შემდეგ, როდესაც გახშირდა უკანონო დავალებები, მივხვდი, თუ რა სისტემაში აღმოვჩნდი, ამიტომ დავდექი არჩევანის წინაშე. ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი.

მქონდა სამი არჩევანი: 1. სამსახურიდან წამოსვლა 2. ყველაფერზე ხელის მოწერა და ჩაყოლა 3. დარჩენა, ყველა მტკიცებულების მოგროვება და სისტემის მხილება, რომელიც, ხვდებით რომ ავირჩიე და ამიტომ ვზივარ აქ.

ვინც მე მაკრიტიკებთ თუ სად ვიყავი აქამდე, გაიარეთ იმ გზის ნახევარი იმ გარემოცვაში, რაც მე მოვახერხე და ისე დამამუნათეთ. ახლა დროის კარგვის ნაცვლად, ჯობია ეს ბინძური სისტემა დავამთავროთ და ჩემს დასჯას ყოველთვის მოახერხებთ, არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან არსად წასვლას" - წერს გოგაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გოგაშვილი სუს-ის თანამშრომლებმა 16 ივლისს დააკავეს და ბრალდება სამი მუხლით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარუდგინეს, რაც სასჯელად ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.