ავტორი:

"იმისთვის აღიარეს ჩვენი დამოუკიდებლობა, რომ ის ეკეთებინათ, რაც მოესურვებოდათ" - საპროტესტო ტალღა ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე

"იმისთვის აღიარეს ჩვენი დამოუკიდებლობა, რომ ის ეკეთებინათ, რაც მოესურვებოდათ" - საპროტესტო ტალღა ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში "ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების" გარშემო დაწყებული დაპირისპირება მწვავე ფაზაში გადადის. 186 ჰექტარზე გაშენებული აგარაკის რუსეთისთვის 49-წლიანი იჯარით გადაცემის საკითხი აფხაზეთის "პარლამენტმა" უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს და რაც უფრო ახლოვდება ეს თარიღი, რეგიონში "ტემპერატურა მატულობს."

მოსახლეობის ნაწილი ქუჩაში გამოვიდა, ისინი ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებენ. "რუსეთის ზრახვები არც ისე კეთილგანწყობილი ყოფილა", - ამბობენ ისინი.

აფხაზურ მედიაში წერენ, რომ ასლან ბჟანიამ რუსეთს მხოლოდ ბიჭვინის აგარაკი კი არა, აგუძერის დენდროლოგიური პარკიც დაუთმო, იმ არგუმენტით, რომ ორივე მათგანი განადგურების პირას არის. მათივე ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი საიდუმლოდ იანვარში მოეწერა. ასევე საუბარია, რომ ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთს ჩააბარა აფხაზეთის ენერგოსისტემაც. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ბჟანიამ კიდევ არაერთი ობიექტი გადასცა რუსეთს, სავარაუდოდ, იმ იმედით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც პენსიებსა და ხელფასებს რუსეთის ბიუჯეტიდან იღებდა, ამ ფაქტს გაგებით მოეკიდებოდა.

რამდენიმე კვირის წინ აფხაზეთის "ხელმძღვანელობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ბიჭვინთის აგარაკები" რუსეთის ფედერალურ სამსახურებს გადაეცემოდა, ოკუპირებულ რეგიონში მღელვარება მოჰყვა, თუმცა ამის პასუხად, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებმაც აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას უჭერენ მხარს, ამბობენ, რომ "ეს საკითხი 1995 წელს, აფხაზეთის პირველმა "პრეზიდენტმა", ვლადისლავ არძინბამ გადაწყვიტა, რადგან ესმოდა, რომ აფხაზეთი ასეთ ობიექტებს დამოუკიდებლად ვერ მოუვლიდა."

  • მაშინ რუსეთის ხელისუფლებისთვის აფხაზეთში არსებული მსგავსი ობიექტები საინტერესო არ იყო. 2010 წელს რუსმა ოლიგარქებმა მათ მიმართ ინტერესი გამოთქვეს, მაგრამ თემა მიჩუმდა, ახლა, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, დასავლეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, რუსმა ბიზნესმენებმა აფხაზეთში "აგრესიული ბიზნესი" წამოიწყეს.

აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ "რუსმა ოლიგარქებმა აფხაზეთში სხვადასხვა მიმართულებებით მოსინჯეს ნიადაგი, ბიჭვინთის აგარაკსა და აგიძერას დენდროლოგიურ პარკსაც დაადგეს თვალი, ან ადრეც ჰქონდათ გეგმაში, მაგრამ სასურველ დროს ელოდებოდნენ. ახლა კი, ეს სასურველი დრო, ცოტა სხვაგვარად დადგა - სანქციების ფონზე, მათ სათადარიგო გეგმა აამუშავეს და "უკანა ეზოდ მიჩნეულ აფხაზეთში მასშტაბური შესყიდვები დაიწყეს."

რამდენიმე დღის წინ, ასლან ბჟანია ტყვარჩელს, ოჩამჩირესა და გუდაუთას ესტუმრა, სადაც შეეცადა ადგილობრივი მოსახლებისთვის აეხსნა, რატომ გადაწყვიტა აფხაზეთის მარიონეტულმა მთავრობამ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა.

ბჟანიას ამბობს, რომ "თუ აფხაზეთი რუსეთისთვის სახელმწიფო აგარაკის გადაცემისგან თავს შეიკავებს, ის მათ ზურგს შეაქცევს. აფხაზეთი კი, რუსეთის მხარდაჭერის გარეშე კეთილდღეობასა და მშვიდობას ვერ უზრუნველყოფს." დეფაქტო ლიდერმა პასუხად საპროტესტო გამოსვლები მიიღო.

აფხაზი ბლოგერების თქმით, ბჟანია, ბოლო რამდენიმე დღეა თავის მართლების რეჟიმშია და ერთმანეთის მიყოლებით აკეთებს განცხადებებს იმის შესახებ, თუ რამ აიძულა მისი გუნდი ასეთი ნაბიჯი გადაედგა. მისივე ცნობით, "აფხაზეთი სხვა მეზობელთან ომშია."

  • ბჟანიას თქმით, რუსეთი იცხოვრებს ბიჭვინთის აგარაკის გარეშე, მაგრამ აფხაზეთი იცხოვრებს თუ არა რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ამასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშანი არსებობს. ე.წ. პრეზიდენტის ძალისხმევის მიუხედავად, საზოგადოებაში მღელვარება არ იკლებს.

აფხაზები მწვავედ აკრიტიკებენ მის ბოლო გნაცხადებას, რომლის თანახმადაც ბჟანია ამბობს, რომ "პუტინმა პირადად სთხოვა სახელმწიფო აგარაკის საკუთრებაში გადაცემა.“

"ჩვენთვის დასაფასებელია ის თანადგომა და მხარდაჭერა, რასაც რუსეთი მძიმე პერიოდში გვიცხადებდა, მაგრამ რას ნიშნავს, პუტინმა სთხოვა? ჩვენ რატომ არავინ არაფერს გვეკითხება, ღირსი არ ვართ? თუ რახან პენსიებს და ხელფასებს გვიხდიან, ყველაფრის უფლება აქვთ?! ისედაც სომხების ბიზნესად აქციეს მთელი აფხაზეთი. ასიმილაცია მეტი კი არაფერია", - წერს ალინა კიუტი.

"რაც დროს გადის, უფრო მკაფიო ხდება, რომ თავიანთთვის აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, იმისთვის, რომ რაც მოესურვებოდათ, ის გაკეთებინათ. თუ ვცდები, ვინმემ ამიხსნას, რატომ უნდა მოუნდეს ვინმეს იჩუქოს ჩემი მიწა, აგარაკები, დენდროლგიური პარკი. მეგობრებო, მადლობა დახმარებისთვის, თანადგომისთვის, ყველაფრისთვის, მაგრამ ნუ გადაკვეთავთ წითელ ხაზებს", - წერს ინტერნეტმომხმარებელი "ალიას გუდაუთელი".

ადგილობრივი ბლოგერი თენგიზ ჯოპუა მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით, დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს და "აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად განიხილავს.

"ეს არის "ხელისუფლებასა" და ხალხს შორის კონფრონტაციის პირდაპირი გზა, თუ კონფლიქტი გარდაუვავალია, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ", - წერს ჯოპუა.