ავტორი:

"ფულის სანაცვლოდ ყველაფერს გააკეთებს" - თურქი მსახიობის, ბურაქ ოზჩივიტის მოსკოვში ვიზიტი უკრაინაში ომის ფონზე - რუსი ქალების არმია, ჭყლეტა და კრიტიკა სამშობლოში

"ფულის სანაცვლოდ ყველაფერს გააკეთებს" - თურქი მსახიობის, ბურაქ ოზჩივიტის მოსკოვში ვიზიტი უკრაინაში ომის ფონზე - რუსი ქალების არმია, ჭყლეტა და კრიტიკა სამშობლოში

ცნობილი თურქი მსახიობი ბურაქ ოზჩივიტი (მალკოჩოღლუ ბალი ბეი სერიალ "დიდებული საუკუნიდან“) ორი დღის წინ სტუმრად რუსეთში ჩავიდა.

სპეციალური ვახშამი ბურაქ ოზჩივიტთან ერთად რესტორან Levantine Moscow-ში გაიმართა. ღონისძიებაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა, ვისაც პოპულარული თურქი მსახობის ნახვა სურდა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე ბურაქმა დააგვიანა, ადგილიდან არავინ წასულა და ფანები მას მოთმინებით ელოდნენ.

თაყვანისმცემლებმა ვარსკვლავს ცოცხალი დერეფანი მოუწყვეს, მაგრამ როდესაც ოზჩივიტი დარბაზში შევიდა, ყველა წესი დაირღვა და რუსები ცნობილი მაჩოსკენ გაიქცნენ, როგორც რუსული მედია წერს, ოზჩივიტის გამოჩენას ჭყლეტვა მოჰყვა.

წვეულების ორგანიზატორმა ბურაქი ქალებს გაარიდა და VIP ოთახში შეიყვანა, სადაც მასთან სუფრაზე დიმა ბილანი საყვარელ ქალთან ერთად იყო.

დიმა ბილანთან ერთად

მსახიობს ხამანწკებითა და ზღვის პროდუქტებით გაუმასპინძლდნენ, დარბაზში დარჩენილი ქალები თურქ სექს-სიმბოლოსთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდნენ.

როდესაც ბურაქი ისევ შევიდა დარბაზში, ჭყლეტვა გაგრძელდა. ქალები ცდილობდნენ, რომ მასთან ფოტო გადაეღოთ და თავიანთი კერპი უფრო ახლოს დაენახათ.

ორგანიზატორები აკავებდნენ სტუმრებს და წესრიგისკენ მოუწოდებდნენ. თაყვანისმცემლების ჩამოშორებას დაცვა მსახიობისთვის ვეღარ ახერხებდა, რომელიც, თავის მხრივ, სრულიად მშვიდად გამოიყურებოდა. "როგორც ჩანს, აჟიოტაჟს მიჩვეულია", - წერს მედია.

მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ბურაქი უკვე 5 წელია დაქორწინებულია მსახიობ ფაჰრიე ევჯენზე და წყვილს ოთხი წლის ვაჟი, ქარანი ჰყავს, ვარსკვლავმა რუსი ქალებით აღფრთოვანება არ დამალა.

ბურაქ ოზჩივიტი ცოლთან და შვილთან ერთად

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ყველაზე წარმატებული და პოპულარული მსახიობის მოსკოვში ვიზიტს საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. თურქების ნაწილი მსახიობს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ის არ აპროტესტებს რუსულ აგრესიას უკრაინაში, მისთვის პრიორიტეტი ფული და პირადი კეთილდღეობაა. როგორც სოციალურ ქსელებში წერენ დიდი რაოდენობით თანხა გახდა გახდა მიზეზი, რომლის სანაცვლოდაც ოზჩივიტი რუსეთს ეწვია.

"ჩვენ უკვე შევეჩვიეთ და ვიცით, რომ ფულის გამო ის ყველაფერს გააკეთებს", - წერენ სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ბურაქ ოზჩივიტს მეგობრული ურთიერთობა აქვს ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან. გასულ წელს ის ჩეჩნეთს ესტუმრა, სადაც კადიროვმა პატივით მიიღო და სპეციალურად მისთვის განსაკუთრებული წვეულება გამართა.

ოზჩივიტი კადიროვს ძმას უწოდებს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს.