ავტორი:

"საბას“ სამი ფინალისტი ავტორი და წიგნები, რომელთაც უნდა იცნობდეთ

"საბას“ სამი ფინალისტი ავტორი და წიგნები, რომელთაც უნდა იცნობდეთ

ლიტერატურული პრემია "საბას“ ფინალისტები უკვე ცნობილია. 2022 წელს საუკეთესო წიგნებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს, მათ შორის ცნობილი გახდება საუკეთესო დებიუტანტი ნამუშევარიც.

ფინალისტებს შორის მოხვდნენ: მარიამ გურგენიშვილის "მარგალიტები“, გიორგი ხარაიშვილის "ბნელია გზა - პირველყოფილი წყვდიადი“ და რატი რატიანის "მკვლელობა სადგურის უბანში“.

სამივე ავტორს თანამედროვე ქართული ლიტერატურის მკითხველი უკვე კარგად იცნობს, "მარგალიტები“ წელს გამომცემლობის ბესტსელერთა შორისაც მოხვდა. ის მოგვითხრობს 15 წლის მარგოს შესახებ, რომელსაც ერთი შეხედვით ისეთივე ცხოვრება აქვს, როგორიც ყველა მოზარდს: ბევრს კითხულობს, სხვადასხვა რამ აინტერესებს, აქვს სირთულეები ოჯახსა და სკოლაში, აქვს ბევრი ოცნება და მრავალფეროვანი შინაგანი სამყარო. მის ყოველდღიურობა სავსეა პატარ-პატარა სასწაულებით, რომელსაც მხოლოდ მარგო ამჩნევს, მის ოცნებებს შორის კი ანანასების ულევად ქონაა, რასაც 90-იანების თბილისში დიდი მიღწევები და შემოსავალი სჭირდება. ეს არის 90-იანების თბილისის მეოცნებე ბავშვის ისტორია, რომელშიც აღწერილი როგორი ყოფა ჰქონდათ მაშინ მოზარდებს, რა იყო მათი საზრუნავი და როგორ ცდილობდნენ რეალობის გადასხვაფერებას. ავტორის მსუბუქი იუმორი და სისხარტე წიგნს მარტივად და სასიამოვნოდ წასაკითხს ხდის, თუმცა ნათლად ასახავს იმ მძიმე ცხოვრებას, რაც მაშინდელ ბავშვებს ჰქონდათ.

თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და ფენტეზის ჟანრის მოყვარულებისთვის საინტერესო იქნება წიგნი "ბნელია გზა - პირველყოფილი წყვდიადი“, რომლის ავტორიც გიორგი ხარაიშვილია. ქართულ მწერლობაში ფენტეზის ჟანრით ნაკლებად ვართ განებივრებული, შესაბამისად, ლიტერატურის მოყვარულებს ახალი თავგადასავალი ელოდებათ. წიგნი საუკეთესო რომანის ნომინაციაშია წარდგენილი.

წიგნში მოთხრობილია პატარა სოფლელი ბიჭის შესახებ, რომელიც მამის სახელოვან საბრძოლო მოგონებებსა და ზღაპრებზე გაიზარდა, საკუთარი გზის პოვნას ცდილობს და სახელსა და დიდებაზე ოცნებობს. მოკლე დროში კაელი, რომელიც უკვე პროფესიონალი მებრძოლია, თავისი სამყაროს ბედის განმსაზღვრელი მოვლენების შუაგულში აღმოჩნდება - ორად გახლეჩილი სამყარო, თეთრი და შავი ტაძარი, სიგიჟის მთები, შავი მხედრები, მაქციები, მაგუსები და არაქნუსები. კაელის გარშემო მოვლენები სწრაფად ვითარდება და ყველა ახალი განსაცდელი მას კიდევ უფრო გამოცდილ და დიდებულ მებრძოლად აქცევს, რომლის შესახებაც ლეგენდებს მოყვებიან.

რაც შეეხება რატი რატიანის მოთხრობების კრებულს "მკვლელობა სადგურის უბანში“, რომელიც საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაშია წარდგენილი, მის პერსონაჟებს უიღბლობა და შიში აერთიანებთ და მათი ცხოვრებაც ამ ორი ფაქტისა და გრძნობის გარშემო ვითარდება. ისინი დამკვირვებლები არიან, გიდები, რომელთაც ირონიული ტონით შეუძლიათ დამზაფვრელი ამბების მოყოლა, მაგრამ ის სინამდვილე აფრთხობთ, რომელზეც გვიამბობენ. დეტექტივიც, დღიურის ფორმის ავტობიოგრაფიული მოთხრობაც, "ათას ერთი ღამიდან“ თანამედროვეობაში გადმოტანილი სიუჟეტიც, საბოლოო ჯამში, სოციალური დრამის სახეს იღებს და დღევანდელი ქართული ყოფის ყველაზე მტკივნეულ პლასტებს ეხება, რაც მკითხველისთვის ნაცნობი იქნება და პერსონაჟების ყოფასაც გულთან ახლოს მიიტანს.

გამარჯვებულებს 'საბა“ სულ 9 ნომინაციაში გამოავლენს, მანამდე კი მკითხველს შეუძლია მათ უკვე გაეცნოს და საკუთარი პროგნოზები გააკეთოს.

R