ავტორი:

"მინდა ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს "- ლევან დავითაშვილი

"მინდა ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს "- ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს.

ის "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელიც "ვისოლ ჯგუფს“, "არაგვი იმპექსსა“ და "ლუკოილს“ რამდენიმე დღეს აძლევს იმისთვის, რომ საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან, შეეშვებიან სანქცირებული, რუსული ნავთობის შემოტანას საქართველოში.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო სანქციებს სრული პასუხისმგებლობით იცავს.

"მინდა ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით, ამ კუთხით არცერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ არ არსებობს. კონკრეტულად ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი არ არის სანქცირებული, ასეთივე ნავთობს ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა ყიდულობს, მათ შორის საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება კერძო კომერციული ორგანიზაციების მხრიდან იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს.

რაც შეეხება აღსრულების მექანიზმს, ამ კუთხითაც საქართველოს საბაჟო სტრუქტურებს ჰქონდათ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან კონკრეტული სამუშაო, ყველა სახელმწიფო უწყება, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენელი იყო ექსპერტებთან ერთად პროცესში ჩართული, როდესაც სანქციების კონკრეტული აღსრულების მექანიზმების განმარტებები ხდებოდა. ნავთობთან ან ნავთობპროდუქტებთან მიმართებით გადაწყვეტილებები შეთანხმებულია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასე რომ ეს საკითხი შეგვიძლია დავხუროთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი "ვისოლ ჯგუფს“, "არაგვი იმპექსსა“ და "ლუკოილს“ რამდენიმე დღეს აძლევს, რომ საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან, შეეშვებიან სანქცირებული, რუსული ნავთობის შემოტანას საქართველოში.

"ათობით კომპანიაა, რომელიც რუსულ, სისხლიან ნავთობს ეზიდება საქართველოში, მათ შორის "ვისოლ ჯგუფი“, "არაგვი იმპექსი“ და "ლუკოილი“ - ამ სამ კომპანიას და დანარჩენ ათს, ვაძლევთ რამდენიმე დღეს, რომ საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან, რომ შეეშვებიან სანქცირებული, რუსული ნავთობის შემოტანას საქართველოში და შეეშვებიან უკრაინის გენოციდის დაფინანსებას“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.