"ისინი ჩემი უსუსურობით სარგებლობდნენ..." - ქეით მოსის გულახდილი ინტერვიუ: რა ზეწოლის ქვეშ იყო სამოდელო ბიზნესში 14 წლის ასაკში მოხვედრილი და რას ჰყვება საკულტო გადაღებებზე?

"ისინი ჩემი უსუსურობით სარგებლობდნენ..." - ქეით მოსის გულახდილი ინტერვიუ: რა ზეწოლის ქვეშ იყო სამოდელო ბიზნესში 14 წლის ასაკში მოხვედრილი და რას ჰყვება საკულტო გადაღებებზე?

ბრიტანელმა სუპერმოდელმა ქეით მოსმა, BBC-ის სერიალ Desert Island Discs-თან მიცემულ ინტერვიუში, თავისი კარიერიდან მისთვის მნიშვნელოვანი ისტორიები გაიხსენა. მოსს 2010 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ ზოგადად, "სძულს მედიასთან საუბარი" და ახალგაზრდობაში დარდით ავადაც კი ხდებოდა მიცემული ინტერვიუების შემდეგ. ამჯერად, მოსი BBC-ის წამყვან ლორენ ლავერნს იმ მტკივნეული გამოცდილების შესახებ ესაუბრა, რომელიც მან სამოდელო ინდუსტრიაში კარიერის დასაწყისში განიცადა.

როგორც სუპერმოდელი ყვება, ის საკულტო გადაღებები, რომლებიც მას კარიერის შექმნაში დაეხმარა, კულისებს მიღმა "რთულად გადასატანი და მტკივნეული" იყო მისთვის. მაგალითად, მოსი ჟურნალისტთან გამოტყდა, რომ 1992 წელს Calvin Klein-ის საცვლების მთავარი კამპანიის გადაღებებისას, რომელშიც ის და მარკ უოლბერგი მონაწილეობდნენ, თავს "დაუცველად და შეშინებულად" გრძნობდა. "უოლბერგი ნამდვილი მაჩო იყო და წამყვანი როლი მას ეკავა. ამასთანავე, მას ინდუსტრიაში დიდი და გავლენიანი გარემოცვა ჰყავდა. ისინი ჩემი უსუსურობით სარგებლობდნენ. მაშინ საკმაოდ ახალგაზრდა და გულუბრყვილო ვიყავი", - ყვება მოდელი.

მოსი, რომელიც ერთ-ერთმა წამყვანმა სამოდელო სააგენტომ 14 წლის ასაკში აღმოაჩინა, 16 წლიდან გადაღებებზე დადიოდა. 48 წლის მოდელი იხსენებს, რომ მისი პატარა ასაკი მის წინააღმდეგ ხშირად გამოუყენებიათ. ის ყვება, რომ ფოტოგრაფები ხშირად ახდენდნენ მასზე ზეწოლას, რომ სხეულის მეტი ნაწილი გამოეჩინა - მათ შორის წელს ზემოთ შიშველი ფოტოების გადაღებასაც სთხოვდნენ, რომლის დროსაც ის თავს არაკომფორტულად გრძნობდა.

ქეით მოსმა ფოტოგრაფ კორინ დეისთან The Face-ისთვის გადაღებები გაიხსენა:

"ბევრი ვიტირე. არ მინდოდა ტოპის გახდა. თავდაჯერებული არ ვიყავი საკუთარ სხეულში, ის კი მეუბნებოდა, - თუ არ გაიხდი, Elle-ისთვის გადაღებებზე აღარ დაგიკავშირდებითო. "ეს ჩემთვის მტკივნეული იყო, რადგან კორინს ჩემს საუკეთესო მეგობარად მივიჩნევდი და მართლა ძალიან მიყვარდა ის, მაგრამ სამუშაოდ რთული პიროვნება იყო. ფოტოები საბოლოოდ ლამაზი გამოვიდა და ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი როლიც ითამაშა, მაგრამ მათთვის საკმაოდ ვიტანჯე".

მოსის თქმით, ის ხშირად ხდებოდა ბევრი ადამიანის პრობლემების განტევების ვაცი. "არასოდეს ვყოფილვარ ანორექსიული. არასდროს მიმიღია ჰეროინი. გამხდარი იმიტომ ვიყავი, რომ გადაღებებზე ან შოუებში არ ვიკვებებოდი," - ამბობს სუპერმოდელი. ამის გამო, 2005 წელს, როცა ბრიტანულმა ტაბლოიდმა მოსის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ის კოკაინს იღებს, მან თავი ცუდად იგრძნო და ძალიან გაბრაზდა. მოგვიანებით მოსმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც მან ბოდიში მოუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელთაც მან იმედი გაუცრუა. მისი თქმით, ამან მის ოჯახზე, მეგობრებზე, თანამშრომლებსა და ბიზნეს პარტნიორებზე ცუდად იმოქმედა.

მოსმა ლავერნთან ჯონი დეპის სასამართლო პროცესზეც ისაუბრა. ამბერ ჰერდმა ჩვენება მისცა, რომ მას "გაურკვეველი ჭორი" ჰქონდა გაგონილი, რომლის მიხედვითაც დეპმა, 90-იან წლებში, სანამ ის და ქეითი ერთმანეთს ხვდებოდნენ, ხელი კრა მოსს და კიბიდან დააგორა. ამ ბრალდების უარსაყოფად დეპმა მოსს დაურეკა და მოწმედ მისვლა სთხოვა. "მას ჩემთვის ხელი არასოდეს უკრავს. სიმართლე უნდა მეთქვა", - უთხრა ლავერნს სუპერმოდელმა.

2004 წელს ქეითმა ოფიციალურად მიატოვა სამოდელო კარიერა, 2016 წელს კი საკუთარი სამოდელო სააგენტო დააარსა, რომლის ერთ-ერთი წამყვანი სახე ახლა მისი ქალიშვილი, ლილა მოსია.

ამ თვეში, ქეით მოსი დიეტური "კოკა-კოლას" კრეატიულ დირექტორად დანიშნეს. ამავე თანამდებობაზე ადრე მოდის ტიტანები, კარლ ლაგერფილდი, ჯან პოლ გოტიე და მარკ ჯეიკობსი იყვნენ.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა