ავტორი:

პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი სამართალში - რას სთავაზობს „ალტე უნივერსიტეტის“ სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს?

პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი სამართალში - რას სთავაზობს „ალტე უნივერსიტეტის“ სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს?

დღეისათვის ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის გადაცემაა, რასაც უნივერსიტეტების ნაწილი სხვადასხვა მექანიზმით ცდილობს.

აღნიშნული გამოწვევა სამართლის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებსაც აქვთ, რის საპასუხოდაც „ალტე უნივერსიტეტმა“ დანერგა და განავითარა ქეისებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი, იმიტირებული სასამართლო პროცესები, საკუთარი მოსაზრებების პრეზენტაციის სახით გადმოცემა, პარტნიორ ორგანიზაციებში სტაჟირება, ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში ხელშეწყობა, საკუთარი იურიდიული კომპანიის შექმნის შესაძლებლობა და სხვა ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულება.

აღნიშნული შესაძლებლობები სტუდენტებს განსაკუთრებით სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ეძლევათ. პროგრამა ზოგადი სპეციალიზაციით ხასიათდება და სტუდენტს სამართლის დარგში მრავალფეროვან ცოდნას აძლევს, რომელსაც სამომავლოდ ნებისმიერი მიმართულების (კერძო, საჯარო თუ სისხლის სამართალი) არჩევის შემთხვევაში გამოიყენებს.

კონკრეტულად, რას უნდა აძლევდეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა სტუდენტს და რა ინსტრუმენტებს იყენებს „ალტე უნივერსიტეტი“ პრაქტიკული ცოდნის გადასაცემად, ამის შესახებ დეტალურად სამართლის სკოლის დეკანი ქეთევან ცხადაძე გვესაუბრა:

როგორ უნდა მიიღოს სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა გადაწყვეტილება, რა მიმართულებით და რომელ პროგრამაზე სჯობს სწავლის გაგრძელება?

ვფიქრობ, ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებამდე, კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული სამომავლო მიზანი და გეგმები. ის პრიორიტეტებს უნდა ისახავდეს იმის მიხედვით, თუ რომელი მიმართულება აინტერესებს და რომელი მიმართულებით სურს განვითარება. ამასთან, სამართალი რეგულირებადი პროფესიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, მოსამართლის, ადვოკატის, პროკურორის თუ სხვა პროფესიის არჩევის შემთხვევაში კანდიდატს მოუწევს საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება, ამ დროს კი ხშირ შემთხვევაში მაგისტრის ხარისხიც ერთ-ერთი მოთხოვნაა. სწორედ ამიტომ, ბაკალავრიატის კურსდამთავრებულმა სწორად უნდა განსაზღვროს, რა სპეციალიზაციით აგრძელებს განათლების მიღებას და რა იქნება მისი სამომავლო საქმიანობა.

მიმართულების შერჩევის შემდეგ კი სტუდენტმა სწავლა უნდა გააგრძელოს ისეთ სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც სწავლების პრაქტიკულ მეთოდებზე იქნება აგებული და მას დასაქმების ბაზრისთვის მოამზადებს.

რას უნდა აძლევდეს პროგრამა კურსდამთავრებულს? რა გამოწვევები არსებობს დღეს ამ მიმართულებით და როგორ პასუხობს „ალტე უნივერსიტეტის“ სამაგისტრო პროგრამა აღნიშნულ გამოწვევებს?

თუ საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტი ძირითადად ეროვნულ კანონმდებლობას სწავლობს, სამაგისტრო პროგრამაზე მნიშვნელოვანია ეროვნული და საერთაშორისო სამართლის თანაფარდობის შესწავლა. ეს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახდა ჩვენს ქვეყანაში პოპულარული, როცა რეალური შანსი გვაქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამასთან, საქართველო უკვე წლებია ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებსაც მოიცავს და მნიშვნელოვანია იურისტს, რომელიც ამ მიმართულებით აპირებს მუშაობის გაგრძელებას, საერთაშორისო სამართალში ჰქონდეს საჭირო ცოდნა. დღეს ეს გარკვეულწილად გამოწვევაა და აუცილებელია ამ მიმართულებით უფრო აქტიურად ვიმუშაოთ. „ალტე უნივერსიტეტის“ სამართლის სამაგისტრო პროგრამის შექმნისას სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებთან ერთად გავითვალისწინეთ ევროპული და ქართული კანონმდებლობის თანაფარდობის სწავლების საკითხიც.

ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყველა მიმართულებაზე გამოწვევას წარმოადგენს პრაქტიკული სწავლების მეთოდების დანერგვაც. ამაზე ბევრი ვიმუშავეთ და პრაქტიკოსი ლექტორებისა და ჩვენი პარტნიორების დახმარებით, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან, ქეისებზე დაფუძნებული სწავლებისა და სტაჟირების კომპონენტიც შევიტანეთ პროგრამაში.

იურისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ამ პროფესიაში კონტაქტები უმთავრესი მონაპოვარია. რამდენად უწყობს ხელს უნივერსიტეტი სტუდენტს მათს შეძენაში?

იურისტის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი ალბათ მართლაც კონტაქტებია, რომელთა რაოდენობაც მის წარმატებაზე გარკვეულწილად მიანიშნებს და ასევე, მის ცნობადობასაც უწყობს ხელს.

რაც შეეხება „ალტე უნივერსიტეტის“ როლს კონტაქტების შეძენაში, პროგრამის შემუშავებისას გავითვალისწინეთ, რომ სამომავლო დამსაქმებლები მაქსიმალურად ჩართულები უნდა ყოფილიყვნენ პრაქტიკული სწავლების პროცესში. ეს სტუდენტს ეხმარება როგორც კონტაქტების შეძენაში, ისე ცოდნის გაღრმავებასა და სამუშაო გარემოსთან ადაპტაციაში. აქვე უნდა აღინიშნოს თავად ალტე უნივერსიტეტის დამფუძნებლები, რომლებიც საბანკო და კერძო სექტორის წამყვანი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები არიან და ასევე, რა თქმა უნდა, ლექტორები, რომელთა რიგებშიც იხილავთ: ალექსანდრე იაშვილს, ალექსანდრე წულაძეს, ნანა მჭედლიძეს, ნათია კალანდარიშვილი-მიულერს, არჩილ შეყლაშვილს და სხვა ბევრ პრაქტიკოს ლექტორს.

საქართველოში ერთ-ერთი გამოწვევა არის ისიც, რომ დამსაქმებელი გარკვეულწილად ანაცვლებს ხოლმე უნივერსიტეტს, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. სტუდენტი ისე უნდა იყოს მომზადებული, რომ სამუშაო გარემოსთან ადაპტაცია მარტივად შეძლოს და სამსახურში ისევ სწავლის რეჟიმში არ უწევდეს ყოფნა.

ჩვენ გვყავს პარტნიორები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან, ესენია: საქალაქო სასამართლო, ადვოკატთა ასოციაცია, მედიატორთა ასოციაცია, სხვადასხვა საადვოკატო ბიურო, არასამთავრობო ორგანიზაციები და იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც ჩვენს სტუდენტებს პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას აძლევს და დასაქმებაში უწყობს ხელს.

დაბოლოს, რატომ უნდა შეაჩეროს კურსდამთავრებულმა არჩევანი „ალტე უნივერსიტეტის“ სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე?

„ალტე უნივერსიტეტის“ სამართლის სამაგისტრო პროგრამა მაგისტრანტს საშუალებას აძლევს, სამართლის დარგში მრავალფეროვანი ცოდნა მიიღოს, უკეთ დახელოვნდეს კვლევით საქმიანობაში და თუ აღმოაჩენს, რომ სწორედ ეს არის მისი ინტერესის სფერო, უნივერსიტეტი მას განვითარებაში მაქსიმალურად დაეხმარება.

თუ მაგისტრანტს უკვე შერჩეული აქვს თავისი პროფესია, ჩვენი სამაგისტრო პროგრამა საშუალებას აძლევს თავისი ინტერესის სფეროს მიხედვით შეარჩიოს საგნები, იქნება ეს სისხლის, კერძო თუ საჯარო სამართალი, რაც მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

ამასთან, პროგრამა აწყობილია შედარებითი სამართლის ანალიზის მეთოდზე, რაც გულისხმობს იმას, რომ სტუდენტს ვაძლევთ თანამედროვე იურიდიულ განათლებას, ქართული და უცხოური სამართლის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. ეს ცოდნა მოიცავს ეროვნული და საერთაშორისო სამართლის თანაფარდობასა და გავლენას ქართულ კანონმდებლობაზე, რაც საკმაოდ აქტუალურია და იურისტს კონკურენტულს ხდის არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზეც.

თუკი სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით ხართ დაინტერესებული, აუცილებლად გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

R