ავტორი:

პოლიტიკოსი, ყოფილი მორაგბე, ფიზიკოსი, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე და ნინო ბურჯანაძის პარტიის ექსლიდერი - ვინ არის ირაკლი კობახიძის მამა?

პოლიტიკოსი, ყოფილი მორაგბე, ფიზიკოსი, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე და ნინო ბურჯანაძის პარტიის ექსლიდერი  - ვინ არის ირაკლი კობახიძის მამა?

შეიძლება ითქვას, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და "მთავარი არხის" ჟურნალისტს შორის კონფლიქტმა ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესი გადაფარა. ამას წინ უძღოდა უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიას "მთავარ არხთან" ინტერვიუში კობახიძეზე გაკეთებული განცხადებები. არახამიას თქმით, მან არ იცოდა ვინ იყო ირაკლი კობახიძე, თუმცა შემდეგ რაც "დაგუგლა" , აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა “კეგებეშნიკია”. ამის შემდგომ ამის თაობაზე კითხვა "მთავარის" ჟურნალისტმა კობახიძეს დაუსვა, რომელიც, ფაქტობრივად, წყობიდან გამოვიდა და ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა. "ქალი აღარ ხარ რა.. ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე.. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს", - ასე მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს, რის გამოც საზოგადოების ნაწილმა ის მკაცრად გააკრიტიკა, მათ შორის იყო ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. თავის მხრივ, კობახიძემ ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და კრიტიკოსებს "პავლიკ მოროზოვები" უწოდა, მათ შორის პრეზიდენტსაც. მოკლედ, როგორც გვჩვევია, საზოგადოება ისევ ორად გაიყო, ზოგს ჟურნალისტის საქციელი არ მოსწონს და კობახიძეს ამართლებს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კობახიძეს, როგორც საჯარო მოხელეს, თმენის ვალდებულება აქვს.

  • ვინ არის ირაკლი კობახიძის მამა?

გიორგი (გია) კობახიძე 1953 წლის 23 ნოემბერს, თბილისში დაიბადა. ბიოგრაფიულ ლექსიკონში ის მოხსენიებულია, როგორც პოლიტიკოსი, სპორტსმენი, ფიზიკოსი.

ამავე წყაროს თანახმად, მან 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1972-1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაგბის გუნდის კაპიტანი; 1974-1976წწ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი; 1977-1978წწ. ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის ინჟინერი; 1978-1985წწ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, 1985-1992წწ. მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

  • პოლიტიკური კარიერა:

ის გახლდათ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, პრეს-მდივანი, თავმჯდომარის მოადგილე, საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი (1991-1996); იყო საქართველოს ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმის წევრი, აღმასრულებელი მდივანი (1990-1992); საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (1992-1995); საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქციის "ეროვნულ დემოკრატიული პარტია",

თავმჯდომარის მოადგილე (1992-1995); საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-1999); საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999), საქართველოს სახალხო პარტიის წევრი (1996).

გია კობახიძე ქართულ პოლიტიკურ ველზე აღიქმებოდა, როგორ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჯგუფის წევრი, ამიტომაც ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მისი ნინო ბურჯანაძის პარტიაში "დემოკრატიული მოძრაობა" გამოჩენა, რომელიც დღემდე ჩვენში საზოგადოების ნაწილისთვის პრორუსულ ორგანიზაციად აღიქმება. მან 2015 წელს, მას მერე, რაც მისი შვილი აქტიურ პოლიტიკაში გამოჩნდა, ეს პარტიაც და პოლიტიკაც დატოვა.

"27 წელია პოლიტიკაში ვარ, თუმცა არ დავღლილვარ. უბრალოდ, წესებს ვიცავ. ეს გადაწყვეტილება, საბოლოოდ, სწორედ იმიტომ მივიღე, რომ ჩემი შვილი პოლიტიკაში, მმართველი პარტიის ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა. პოლიტიკიდან რამდენიმე მიზეზის გამო წავედი: პირველი სახელმწიფო ინტერესია, რადგან ქვეყნისთვის კარგი საქმის გაკეთების ყველა მოკლე გზა ხელისუფლებაში ყოფნაა. ახლა ჩემი შვილი სწორედ ამ გზას დაადგა და მეც გადავწყვიტე, არათუ ხელი შევუშალო, არამედ მაქსიმალურად შევუწყო. მეორე მიზეზი ისაა, რომ არსებობს პროფესიული ეთიკის ნორმები და ოჯახის წევრები ერთმანეთთან ოპონირების რეჟიმში არ უნდა იყვნენ; მესამე მიზეზი კი ზოგადი, ადამიანური ეთიკის საკითხია, რომლის დარღვევაც პოლიტიკაში არაჯანსაღ ატმოსფეროს შექმნიდა", - აცხადებდა ის იმჟამად.

გია კობახიძის მეუღლე თამარ ზაალიშვილი 2018 წლამდე მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში, დირექტორის მოადგილედ და იყო უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საბჭოს წევრი. ამჟამად მას "ფეისბუქის" პირად გვერდზე მითითებული აქვს, რომ არის აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

მათ ირაკლის გარდა, ჰყავთ კიდევ ერთი ქალიშვილი - ქეთევან კობახიძე, რომელიც დავით ფაცაციას მეუღლეა.

  • ambebi.ge დაუკავშირდა ბატონ გიას და შექმნილ სიტუაციაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა, თუმცა მან გვითხრა, - 7 წელიწადია მედიასთან ურთიერთობა არ მქონია და უხერხული იქნება, ახლა ვილაპარაკოო.

იხილეთ ასევე: