ავტორი:

"დადასტურდა, რომ ომთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ორკესტრირებული" - თინა ხიდაშელი

"დადასტურდა, რომ ომთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ორკესტრირებული" - თინა ხიდაშელი

ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებით მასშტაბურ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს, რაც პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ორკესტრირებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ამას ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებაც.

"შეუძლებელია ასეთ მასშტაბურ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებდეს სახელისუფლებო პარტია მისი ყველა შემადგენლით და ეს არ იყოს ბიძინა ივანიშვილის მიერ ორკესტრირებული, დღეს მან ეს დაგვიდასტურა“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს ელჩთან შეხვედრას დაადასტურებდა.

"არაფერი მოულოდნელი არ იყო იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა. ასევე მოსალოდნელი იყო ისიც, რომ აშშ-ს ელჩთან შეხვედრას დაადასტურებდა, სხვა შემთხვევაში ეს კითხვა არ დაისმებოდა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს შეხვედრები იმართება. ეს არის მათ შორის იმის დასტური, რომ ამ ქვეყანაში ყველას ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული, ვინ არის რეალური მმართველი და როდესაც კრიზისული ვითარებაა, ურჩევნიათ, რეალურ მმართველებს ესაუბრონ პირდაპირ, ვიდრე მათ ხელის ბიჭებს, ამიტომ, აქაც არაფერი გასაკვირი არ არის. უფრო საინტერესო იქნება, როგორ განვითარდება ეს ისტორია“, - განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის "დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

ამასთან, საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. გარდა ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, "გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა“.

ივანიშვილი განცხადებაში, როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ისე უშუალოდ მასსა და შვეიცარიულ ბანკს შორის მიმდინარე დავასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ "არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გეგმავდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას“.

ასევე იხილეთ: