როგორ უღალატა რუსეთმა საქართველოს 29 წლის წინ - სოჭის შეთანხმება, განიარაღებული სოხუმი და ოკუპანტების და სეპარატისტების შტურმი ქალაქზე

როგორ უღალატა რუსეთმა საქართველოს 29 წლის წინ - სოჭის შეთანხმება, განიარაღებული სოხუმი და ოკუპანტების და სეპარატისტების შტურმი ქალაქზე

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, რასაც წინ უძღოდა რუსეთის მორიგი ღალატი.

სოხუმის დაცემას წინ, ზაფხულში რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, 27 ივლისს კი სოჭის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით აფხაზეთს ტოვებდა ყველა დაქირავებული მებრძოლი, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების უმეტესობა. სოხუმიდან უნდა გაეტანათ ქართული არმიის ჯავშან-ტექნიკა და არტილერია. აფხაზურ ტექნიკაზე კონტროლი აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ ნაწილებს დაევალა. რომელიც ოკუპანტებმა და მათგან წახალისებულმა სეპარატისტებმა მალევე დაარღვიეს.

1993 წლის 1-ლიდან 20 აგვისტომდე პერიოდში ქართულმა მხარემ მთლიანად შეასრულა შეთანხმება: მდინარე გუმისთის მონაკვეთზე დატოვა მხოლოდ ორი სამეთვალყურეო პუნქტი, დაიწყო ბატალიონების დაშლა, ფოთის მიმართულებით გაიყვანა მძიმე ტექნიკა.

1993 წლის 16 სექტემბერს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაარღვიეს სოჭის შეთანხმება და რუსეთის სამხედრო ნაწილების დახმარებით დაიწყეს მასობრივი შტურმი პრაქტიკულად განიარაღებულ სოხუმზე. იერიში ძირითადად ხორციელდებოდა სოხუმის მშვიდობიან მოსახლეობაზე.

1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჩრდილო კავკასიის კონფედერანტებისა და დაქირავებული "ბოევიკების" მეშვეობით, აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს სოხუმი.

მას მერე, რაც უკრაინიდან მარცვლეულის გატანის თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით თითქოს მიიღწა შეთანხმება კრემლთან, რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა, მომხდარმა ჩვენში ბევრს გაახსენა 1993 წელს როგორ დაარღვია ოკუპანტმა შეთანხმება საქართველოსთან.

ამის თაობაზე წერს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე:

"ნათელია, რომ რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმების ფასი იმავე ფურცლის ფასის ტოლია, რომელზეც ეს შეთანხმებაა დაწერილი, მაგრამ აუცილებელია გავიხსენოთ ამბავი, რომელიც 29 წლის წინ მოხდა.

1993 წლის 26-27 ივლისს სოჭში მოლაპარაკებები გაიმართა, სადაც ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტას აფხაზეთში. ამ დროს სოხუმი ჩვენს ხელში იყო, თუმცა მის თავზე არსებული სოფლები 5 ივლისიდან მოწინააღმდეგეს ჰქონდა დაკავებული. ამათგან გამორჩეული მნიშვნელობის სვანური სოფელი კამანი იყო, რომლის აღების შემდეგაც სეპარატისტებმა, რუსებმა და ჩრდილოკავკასიელებმა სოფლის მცველები და ყველა დარჩენილი მოსახლე მოკლეს, ადგილობრივი მღვდელი კი ეკლესიის ეზოში დახვრიტეს. შემდეგ კი მთელი ღამე რუსულ სიმღერებს მღეროდნენ.

მიუხედავად ამისა, მაშინ საქართველოს ხელისუფლება მაინც დასთანხმდა სოჭის ხელშეკრულებას და სოხუმიდან გაიყვანა მძიმე ტექნიკა და შეწყვიტა დამატებითი ძალების მობილიზება. 3 სექტემბერს მოსკოვში შეთანხმებას დასრულებული სახე მიეცა, რომელიც მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებამ და სამხედრო ძალებმა შეასრულა. ამასობაში რუსული იარაღი და ტექნიკა აფხაზეთში განლაგდა და ზუსტად 13 დღეში, 16 სექტემბერს მძიმე ტექნიკისაგან დაცარიელებული სოხუმის შტურმი დაიწყო. იქვე მუშაობდა რუსული ავიაციაც, რომელიც სოხუმს 16-27 სექტემბრის პერიოდში პერიოდულად ბომბავდა. ოღონდ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, მანამდეც აქტიურობდა რუსეთი და ერთჯერადად კიდეც მოხერხდა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება ქართველ სამხედროთა მიერ. მიუხედავად ამისა, მაშინ, 26-27 ივლისს საქართველო კვლავ ენდო რუსეთს. კიდევ ერთხელ: რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას იმდენივე ფასი აქვს, რამდენიც იმ ქაღალდს, რომელზეც იგია შესრულებული".

  • სტატიაში გამოყენებულია შახ აივაზოვის ფოტოები