ავტორი:

"მენატრებოდნენ, მათთან ჩახუტება მინდოდა" - მამაცი გულები უკრაინიდან - უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი Vogue-ს ობიექტივში (ფოტოები)

"მენატრებოდნენ, მათთან ჩახუტება მინდოდა" - მამაცი გულები უკრაინიდან - უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი Vogue-ს ობიექტივში (ფოტოები)

24 თებერვლის შემდეგ უკრაინა რუსი ოკუპანტების თავდასხმის ობიექტია. ომმა მილიონობით ადამიანი დევნილად აქცია, დაიღუპა და დაიჭრა ათასობით მოქალაქე. დამპყრობლებმა არც ბავშვები დაინდეს. ომი გრძელდება, უკრაინა კი კვლავ იარაღს ითხოვს. უკრაინელი პოლიტიკოსები იყენებენ ყველა ტრიბუნას, ყველა შესაძლებლობას, რომ აჩვენონ მსოფლიოს, რამდენად ველური წესებით მოქმედებენ მათ ქვეყანაში ოკუპანტები. იყენებენ ყველა შესაძლებლობას, რომ დასავლეთს სთხოვონ იარაღი, რათა დამპყრობლებთან გამკლავება შეძლონ.

ამ ადამიანებს შორის არის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა და კონგრესს ამაღელვებელი სიტყვებით მიმართა.

"ვითხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასდროს მენდომებოდა, ვითხოვ იარაღს. იარაღს, რომელიც არ იქნება გამოყენებული სხვის მიწაზე ომისთვის, არამედ საკუთარი სახლის დასაცავად და ამ სახლში ცხოვრების უფლების შესანარჩუნებლად"; - თქვა უკრაინის პირველმა ლედიმ, ქალმა, რომელიც ყველა ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არასდროს სურდა პირველი ლედობა, რომ ყოველთვის მოსწონდა კულისებში ყოფნა.

ზელენსკამ ამის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა Vogue-ის სპეციალური ნომრისთვის და თქვა, რომ პირველი ლედობა არ ყოფილა ის როლი, რომლის შესრულებაც მოსწონს.

"მე კულისებში ყოფნა მომწონს, ეს უფრო შემეფერება. ყურადღების ცენტრში აღმოჩენა ჩემთვის საკმაოდ რთული იყო. ომის დაწყებიდან პირველი კვირების განმავლობაში ჩვენ უბრალოდ შოკში ვიყავით. ბუჩას შემდეგ მივხვდით, რომ ეს იყო ომი, რომელიც ყველას განადგურებას ისახავდა მიზნად“, - ამბობს ოლენა.

Vogue-სთან, ოლენას გარდა, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს თავისი ცოლით, რომელშიც ომის დაწყების შემდეგ ისეთი თვისებები აღმოაჩინა, რომლის შესახებაც არაფერი იცოდა.

"ომი რომ დაიწყო, როგორც ნებისმიერი ჩვეულებრივი კაცი, ძალიან ვღელავდი ჩემს ოჯახზე, მათ უსაფრთხოებაზე. ამაში არაფერია რომანტიკული. საშინელებაა რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. რა თქმა უნდა, ძალიან მენატრებოდნენ ისინი, მათთან ჩახუტება მინდოდა, მინდოდა შემძლებოდა მათი შეხება“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი და დასძენს, რომ ძალიან ამაყობს თავისი ცოლით, იმის გამო თუ როგორ უმკლავდება სირთულეებს.

"ის ძლიერი პიროვნებაა და ალბათ იმაზე უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე თვითონ ფიქრობდა. ამ ომმა მისი ის მახასიათებლები გამოავლინა, რომლებიც არც ვიცოდით, რომ ჰქონდა“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პირველი ლედის თქმით, ყველაზე კოშმარულ ფიქრებშიც კი ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ეს ომი დაიწყებოდა. მას სჯერა, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს:

"ჩვენ ბედნიერად ვცხოვრობდით და ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ეს მოხდებოდა. ომი რომ დაიწყო, თავს იზოლირებულად ვგრძნობდი, არ შემეძლო თავისუფლად მისვლა იქ, სადაც მინდოდა, დღესდღეობით უკრაინაში საყიდლებზე წასვლა ოცნებაა, რომლის ასრულებაც შეუძლებელია.

ჩვენ მოუთმენლად ველით გამარჯვებას. ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ. ეს არის ის, რაც გამძლეობას გვმატებს“, - ამბობს ოლენა ზელენსკა.