ავტორი:

"ბრაზილიაში ტყეს ცეცხლი რომ მოეკიდა, ივანიშვილმა 1 მილიონი გადარიცხა - მილიონი საჭირო არ არის, უკრაინის მხარდამჭერი ერთი სიტყვა მაინც ეთქვა" - რომან გოცირიძე

"ბრაზილიაში ტყეს ცეცხლი რომ მოეკიდა, ივანიშვილმა 1 მილიონი გადარიცხა - მილიონი საჭირო არ არის, უკრაინის მხარდამჭერი ერთი სიტყვა მაინც ეთქვა" - რომან გოცირიძე

სად არის ბიძინა ივანიშვილის სოლიდარობა უკრაინის მიმართ?! - ბრაზილიაში ტყეს ცეცხლი რომ მოეკიდა, 1 მილიონი გადარიცხა. 1 მილიონი საჭირო არ არის, უკრაინის მხარდამჭერი ერთი სიტყვა მაინც ეთქვა და თანაგრძნობის ერთი სიტყვა დასცდენოდა, - ეს განცხადება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, "ივანიშვილი შანტაჟის ენით საუბრობს და “ტროიკის“ ლანძღვასა და ფურთხებას თუ გამოვაკლებთ, მისი წერილის შინაარსიც იგივეა“.

"ბიძინა ივანიშვილის წერილი თვითლუსტრაციაა. ივანიშვილმა აღიარა, რომ უცხოეთის სახელმწიფოებს ურთიერთობა მასთან აქვთ. ელჩი ივანიშვილთან ვახშმად არ მისულა - მას სახელმწიფოს სახელით ელაპარაკება და როცა საუბრობს, სამი საათი ვილაპარაკეთო, თქვას ამ სამ საათში რამდენი იყო სუფრაზე გადატარებული დრო და რამდენი - საქმეზე საუბარი. ამ სამ საათს ისე აჩვენებს, თითქოს საუბარი უმძიმესს პრობლემებზე მიდიოდა და ვიღაცას საქართველოში ომის დაწყება უნდოდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის “დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

ამასთან, საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. გარდა ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, “გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა“. ივანიშვილი განცხადებაში, როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ისე უშუალოდ მასსა და შვეიცარიულ ბანკს შორის მიმდინარე დავასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ "არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გეგმავდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას“.