ავტორი:

"მე მხოლოდ შვილის დაბრუნება მინდა" - უკრაინაში დაკარგულ რუს სამხედროთა ოჯახების წერილი პუტინს: რას წერენ ისინი და რით ემუქრებიან მათ იმ შემთხვევაში, თუ არ გაჩერდებიან?

"მე  მხოლოდ შვილის დაბრუნება მინდა" - უკრაინაში დაკარგულ რუს სამხედროთა ოჯახების წერილი პუტინს: რას წერენ ისინი და რით ემუქრებიან მათ იმ შემთხვევაში, თუ არ გაჩერდებიან?

რუსი სამხედრო მოსამსახურეების ასზე მეტმა ოჯახმა მიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, შვილების, ქმრების თუ ძმების მოძებნის თხოვნით. მათი თქმით, აქამდე ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მხოლოდ ზედაპირულ და ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს იღებდნენ. სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებიდან ხან ეუბნებოდნენ, რომ მათი ახლობლები ცოცხლები არიან, სხვა სახელმწიფო სამსახურიდან კი პასუხობდნენ, რომ მათი ახლობელი სამხედროები ან უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ, ან გარდაიცვალნენ, თუმცა მათ ცხედრებსაც არავინ აძლევს.

"ვითხოვთ, იპოვოთ ჩვენი ახლობლები, შეიყვანოთ სამხედრო ტყვეების სიაში ისინი, ვინც უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მათი ძებნა არ ხორციელდება, რადგან ისინი დაკარგულებად მიიჩნევიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკვე ხუთი თვეა აფერხებს სამხედრო მოსამსახურეებისთვის სტატუსის შეცვლას, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მუდმივად იცვლება. ახლობლებს უხდებათ მოძებნონ ფაქტები და დაამტკიცონ, რომ მათი ქმარი თუ შვილი ტყვეობაშია ან დაიღუპა და ეს ხდება მთელ ქვეყანაში. უფლებამოსილი ორგანოები ცუდად მუშაობენ, სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელობა არანაირად არ გვეხმარება", - ვკითხულობთ პუტინისთვის მიწერილ წერილში, რომელიც უკვე გადასცეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

მიმართვას ხელი 106-მა ადამიანმა მოაწერა. ისინი მოითხოვენ არა მხოლოდ მათი ახლობლების მოძებნას, არამედ რუსეთის ყველა რეგიონში ისეთი პუნქტის შექმნას, სადაც მათ უკრაინაში უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედროების მოძებნაში დაეხმარებიან.

წერილის ერთ-ერთი ხელმომწერია პეტროზავოდსკის მკვიდრი ირინა ჩისტიაკოვა. ის უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობს 19 წლის ვაჟის - კირილის მოძებნას. ქალს ხელთ უამრავი ქაღალდი აქვს, რომელთა ნაწილის მიხედვით, მისი შვილი ცოცხალია, ნაწილის თანახმად, ის ტყვეობაშია, ნაწილი კი დედას აუწყებს, რომ მისი შვილი დაიღუპა. ქალმა გაარკვია, რომ მისმა თანამებრძოლებმა ბიჭი უკანასკნელად 24 მარტს ნახეს. "მე მხოლოდ შვილის დაბრუნება მინდა, ის ხომ ასე ოცნებობდა სამხედრო სამსახურზე, უამრავი გეგმა ჰქონდა, ახლა კი ისიც კი არ ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი..." - ამბობს ირინა.

ირინა შვილთან ერთად, რუსულ არმიაში სამსახურის დაწყების წინ

მისივე თქმით, საფრთხე მასაც ემუქრება.

"ეს საფრთხე მოდის სამხედროებიდან, ერთმა პოლკოვნიკმა მითხრა, რომ სამხედროები დალაგებულები არ არიან, თუ არ გაჩერდები და ბოლომდე მიაწვები, შეიძლება გამოუსწორებელი რამ მოხდესო... მე მას ვუთხარი, რომ ეს ჩემი შვილი იყო და შუბლში ტყვიის სროლის მუქარით ჩემი შეშინება, სისულელე იყო... პოლკოვნიკმა მითხრა, რომ კი არ მემუქრება, მაფრთხილებს..." - ამბობს ირინა ერთ-ერთ გამოცემასთან.