ავტორი:

ექიმი ცოლ-შვილი, აქციები ჩაჩავას კლინიკაში და დაცვის მომსახურებაში გადახდილი 24 ათასი - რა ქონებას ფლობს მილიონერი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, რომელიც მთელი წელი პარლამენტში სიტყვით არ გამოსულა

ექიმი ცოლ-შვილი, აქციები ჩაჩავას კლინიკაში და დაცვის მომსახურებაში გადახდილი 24 ათასი - რა ქონებას ფლობს მილიონერი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, რომელიც მთელი წელი პარლამენტში სიტყვით არ გამოსულა

გუშინ "საერთაშორისო გამჭირვალობამ" გამოაქვეყნა მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიში, რომლის თანახმად, პარლამენტის 53 წევრს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოუყენებია, ხოლო 21-ს სიტყვის გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, პარლამენტის 59 წევრს ხელფასიდან საერთო ჯამში 1 105 617 ლარი დაუკავდა.

დოკუმენტში მიმოხილულია პარლამენტის საქმიანობა 2020 წლის 11 დეკემბრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრამდე. სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 21 წევრს, რომელთაგან 10 უმრავლესობის წარმომადგენელია, მათ შორის არის ელგუჯა გოცირიძე, რომელიც მილიონერი პარლამენტარების სიაშიც შედის.

ელგუჯა გოცირიძის ქონება გასული წლის მონაცემებით 6 000 000 ლარს შეადგენს. დეპუტატს ჰყავს მეუღლე რუსუდან ავალიანი, რომელიც ექიმია. ასევე სამედიცინო სფეროში მუშაობს მისი ქალიშვილი - ქეთი გოცირიძე ჩაჩავას კლინიკაში რეპროდუქტოლოგია.

რუსუდან ავალიანი და ქეთი გოცირიძე

დეპუტატს ბინების დიდი ნაწილი ცოლის სახელზე აქვს რეგისტრირებული - რუსუდან ავალიანის სახელზეა 95 000 დოლარად შეძენილი საცხოვრებელი ფართი იტალიურ ეზოში, ღამბაშიძის ქუჩაზე, ასევე ბინა დედაქალაქში ონიაშვილის ქუჩაზე, რომელიც 80000 დოლარად შეიძინა, ასევე მიწის ნაკვეთი წავკისში, რამდენიმე არასაცხოვრებელი ფართი თბილისში და ავტოფარეხები.

ელგუჯა გოცირიძის სახელზეა საცხოვრებელი სახლი კოჯორში, რომელიც 2005 წელს აიშენა. მშენებლობა დეპუტატს 200 000 ლარი დაუჯდა. დაბა კოჯორში გოცირიძე 800 კვ.მ. შენობა-ნაგებობას ფლობს, რომელიც 2020 წელს 310 000 დოლარად შეიძინა.

დეპუტატი სს “ჩაჩავას კლინიკის” აქციების მფლობელია, ფასიანი ქაღალდის ნომინალი 1 ლარია, მის საკუთრებაში კი ნახევარ მილიონზე მეტი ფასიანი ქაღალდია.

დეკლარაციის შევსების დროს ტერა ბანკის მიმდინარე ანგარიშზე დეპუტატს 3439,44 ლარი ჰქონდა, დეპოზიტზე 154 500 და 663 722,4 დოლარი. თიბისი ბანკის ანგარიშზე 5229,45 დოლარი და 5458,47 ევრო. პროკრედიტბანკის ანგარიშზე კი 19 500,88 ლარი.

მეუღლეს, რუსუდან ავალიანს - ტერა ბანკის დეპოზიტზე 307 200 და 204 400 დოლარი; თიბისი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე - 237 001,09 დოლარი.

ელგუჯა გოცირიძეს ჩაჩავას კლინიკის მართვის უფლება სხვაზე აქვს გაცემული, საიდანაც ერთი წლის განმავლობაში სარგებლის სახით 1 112 003,57 ლარი მიიღო.

დეპუტატს პარლამენტში კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით 46018,62 ლარი აქვს აღებული. მეუღლეს, რუსუდან ავალიანს, რომელიც ჩაჩავას კლინიკის ექიმია, ხელფასის სახით 37 595,46 ლარი ჩაერიცხა.

მილიონერმა დეპუტატმა დაცვის მომსახურების საფასური ერთი წლის განმავლობაში 24 410 ლარი გადაიხადა. ქონების გადასახადი - 33 657 ლარი. ელგუჯა გოცირიძის საოჯახო და პირადმა ხარჯებმა 60 300 ევრო და 80 000 ლარი შეადგინა. რუსუდან ავალიანის საოჯახო და პირადი ხარჯები გასავალის სახით 70 000 ლარი ჰქონდა.

დეპუტატმა ქველმოქმედებისთვის ერთი წლის განმავლობაში 22 000 ლარი გაიღო...