ავტორი:

ულამაზესი ჰილიერის ტბა ავსტრალიაში - რა აძლევს უცნაურ შეფერილობას და კიდევ სად გვხვდება ვარდისფერი ტბები?

ულამაზესი ჰილიერის ტბა ავსტრალიაში - რა აძლევს უცნაურ შეფერილობას და კიდევ სად გვხვდება ვარდისფერი ტბები?

ავსტრალია მრავალი უნიკალური გეოლოგიური ფენომენის სამშობლოა, მათ შორის - ვარდისფერი ტბების. ეს ვარდისფერი ტბები "მარწყვის რძეს" მოგვაგონებს და შესაძლოა, მის დალევაზეც კი იფიქროს ზოგმა, მაგრამ სინამდვილეში, მსოფლიოს ყველაზე მარილიანი წყლის ობიექტების სიაშია.

ჰილიერის ტბა ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარდისფერი ტბაა, რომელიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს. ტბა დაახლოებით 600 მეტრის სიგრძის და 250 მეტრის სიგანისა. მას კიდეებზე ქვიშა და ევკალიპტის ხეების ხშირი ტყე აკრავს. ჰილიერის ტბა 1802 წელს, ბრიტანელმა ნავიგატორმა და კარტოგრაფმა, მეთიუ ფლინდერსმა აღმოაჩინა. ტბა კვლევის შემდეგ ისეთივე მარილიანი აღმოჩნდა, როგორიც მკვდარი ზღვა.

  • რის გამო აქვს ჰილიერის ტბას ვარდისფერი შეფერილობა?

ზუსტად არავინ იცის, რა იწვევს ჰილიერის ტბის უცნაურ შეფერილობას, მაგრამ ექსტრემალური მიკრობიომის პროექტის მკვლევართა ჯგუფმა რამდენიმე სავარაუდო ეჭვი გამოთქვა. 2015 წელს, მკვლევარმა კენ მაკგრატმა, ჰილიერის ტბის ნალექისა და წყლის ნიმუშებიდან გენეტიკური ინფორმაცია შეაგროვა.

ბევრი ორგანიზმი ვერ უმკლავდება მყარი მარილის გარემოს, მაგრამ ექსტრემოფილები, რომლებიც ჰილიერის ტბაშია, ამ გარემოში უპრობლემოდ ხარობენ. კვლევის მიზანი, ტბაში მცხოვრები სხვადასხვა ექსტრემოფილების იდენტიფიცირება იყო, რომლებიც შესაძლოა პასუხისმგებლები იყვნენ მის გასაოცარ ფერზე. მასალის ანალიზმა მარილის მოყვარული ბაქტერიების დაახლოებით 10 სახეობა აჩვენა, ასევე აღმოაჩინეს არქეა და დუნალიელას წყალმცენარეების რამდენიმე სახეობა. თითქმის ყველა ეს ორგანიზმი ვარდისფერი, წითელი ან ორაგულისფერია და ტბის უჩვეულო ფერიც, სავარაუდოდ, მათი დამსახურებაა.

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ჰილიერის ტბის ვარდისფერ შეფერილობაზე პასუხისმგებელი მიკრო წყალმცენარეები იყვნენ, თუმცა, ბოლო კვლევის დასკვნებმა სხვა სურათი აჩვენა.

"ყველაზე დიდი რაოდენობით დნმ, რომელიც ჩვენ ტბიდან ამოვიღეთ, ბაქტერიას ეკუთვნის, სახელად Salinibacter ruber, რომელიც მარილის მოყვარული ჰალოფილია და წითელ პიგმენტებს გამოიმუშავებს", - ამბობს მკვლევარი კენ მაკგრატი.

საინტერესოა, რომ გარდა ავსტრალიისა, ვარდისფერი ტბები არის სენეგალში, ბოლივიაში, ესპანეთსა და ტანზანიაში.

წყარო: australiangeographic.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა