ავტორი:

"ბევრისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი" - მიხეილ სააკაშვილის ვაჟი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, მის როლზე პოლიტიკაში და მამის "დიდ შეცდომაზე"

"ბევრისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი" - მიხეილ სააკაშვილის ვაჟი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, მის როლზე პოლიტიკაში და მამის "დიდ შეცდომაზე"

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხი ნაკლებად პოლიტიკური იყოს, რათა საზოგადოებაში შეიქმნას კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი იმსახურებს ღირსეულ ჯანდაცვასა და მკურნალობას. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ვაჟმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

"ჩემი აზრით, საჭიროა, რომ მისი ჯანმრთელობის საკითხი იყოს ნაკლებად პოლიტიკური, რაღაც კონსესუსი რომ შეიქმნას საზოგადოებაში, რომ ის იმსახურებს ღირსეულ ჯანდაცვას, მკურნალობას და ა.შ. და მას უნდა ჰქონდეს წვდომა ამაზე. მნიშვნელოვანია, რომ დეპოლიტიზდეს მისი საკითხი და ამისთვის საჭირო არის, რომ მისი როლი პოლიტიკაში გადაიხედოს.

მე ერთი კვირაა საქართველოში ვარ ჩამოსული, ოჯახის სანახავად, მამაჩემის სანახავად. ცოტა ვიმოგზაურეთ ერთად მე და დედაჩემმა საქართველოს გარშემო. ხალხი გვხვდება ქუჩაში და თუ მცნობენ, მეკითხებიან, მიშა როგორ არის და უფრო მეტი ინტერესი ფართო საზოგადობაში არის მამაჩემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ადამიანების ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი. ისინი მასზე არ მეკითხებიან როგორც - მოდი, მიშა გამოვიდეს და გადაგვარჩინოს და ა.შ. რა თქმა უნდა, არის ბევრი ადამიანი, რომელიც ასე ფიქრობს და ასე უყურებს, მაგრამ არის ასევე ბევრი ადამიანი და შესაძლოა უფრო დიდი ნაწილი, რომლებიც აფასებენ მის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში და უბრალოდ, უნდათ მისთვის კარგი, ნერვიულობენ მასზე, როგორც ადამიანზე. ხშირად ეს ადამიანები, არც "ნაციონალური მოძრაობისა“ და არც მიშას ამომრჩევლები არ არიან“, - ამბობს ედუარდ სააკაშვილი.

  • მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა დიდი შეცდომა იყო:

"დღეს მისგან (მიხეილ სააკაშვილისგან) პოლიტიკურად არც ისმის ბევრი, არც ბევრს წერს პოლიტიკაზე. მაგრამ ჩამოსვლამდე საუბრობდა, რომ მე ახლა ჩამოვალ, ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას, დაიწყება ახლის მშენებლობა და ა.შ. მაგრამ რეალურად, ეს თეორია არ გამოდგა მართალი. ის ჩამოვიდა და მივიღეთ კატასტროფული მდგომარეობა, რაც მივიღეთ. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, რაც მე აქამდეც მითქვამს", - აღნიშნავს ექსპრეზიდენტის შვილი.

  • ედუარდ სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილს "ვივამედში" მკურნალობის შესაძლებლობა მაინც რომ აქვს და გადასხმებს უკეთებენ, თუმცა მისივე თქმით, ეს არ არის საკმარისი მისი რეაბილიტაციისთვის.

"მამაჩემი ამ თვეში ორჯერ ვნახე. მქონდა მოლოდინი, რომ მისი მდგომარეობა იქნებოდა უკეთესი. მაინც და მაინც არ შემიტყვია, რომ უკეთესად არის - ფერმკრთალობა, დაბალი ენერგია, ძალიან აშკარა არის ჩემთვის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არ არის კარგად. რომ მივედი, გადასხმებს უკეთებდნენ. ვფიქრობ, დღეს-ხვალ სიკვდილის საფრთხე არ დგას, აი, ამ გადასხმების გამო და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. კარგია, რომ იქ მაინც არის. შეიძლება ეს არ არის ის, რაც საჭიროა მისი გრძელვადიანი რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ეს მაინც კარგია და სასიცოცხლოდ აუცილებელია მისთვის", - აღნიშნავს ედუარდ სააკაშვილი.