ავტორი:

"თავდასხმები კელი დეგნანზე, საელჩოზე და კარლ ჰარცელზე, უნდა შეწყდეს - სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოს მომავალი" - სენატორი ჯიმ რიში

"თავდასხმები კელი დეგნანზე, საელჩოზე და კარლ ჰარცელზე, უნდა შეწყდეს - სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოს მომავალი" - სენატორი ჯიმ რიში

თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოზე და ევროკავშირის ყოფილ ელჩ კარლ ჰარცელზე, სრულიად შეუსაბამოა და ისინი უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა "ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.

ჯიმ რიშის შეფასებით, იმედგამაცრუებელია იმის მოსმენა, რომ პოლიტიკურად დატვირთული ასეთი რიტორიკა ქართულ მედიაში ამდენ დროს იკავებს.

"ელჩმა დეგნანმა და ჩვენმა გუნდმა აშშ-ის საელჩოში არაერთხელ გამოხატეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ, რომ მათი მომავალი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და ევროკავშირში იყოს. ეს თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოზე და ევროკავშირის ყოფილ ელჩ კარლ ჰარცელზე, სრულიად შეუსაბამოა და ისინი უნდა შეწყდეს“, - განაცხადა სენატორმა რიშმა.

სენატორ რიშის განცხადებით, მედიაში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებას დიდი დრო ეთმობა და ამ ტიპის პოლიტიკური უთანხმოება მხოლოდ კეთუილსინდისიერი დიალოგით შეიძლება მოგვარდეს.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური უთანხმოება საქართველოში მედიაში საჯაროდ მიმდინარეობს. ამ ტიპის პოლიტიკური უთანხმოება შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ კეთილსინდისიერი დიალოგით და არა მაპროვოცირებელი საჯარო რიტორიკით. ყველა მხარე უნდა დააკვირდეს საკუთარ განსხვავებულ პოზიციებს და იპოვოს საერთო საფუძველი რეალური პროგრესის მისაღწევად. მიზანმიმართული პოლიტიკური პოლარიზაცია ემუქრება ქართულ საზოგადოებას და მე სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოს მომავალი, თუ ის ამ დილემის გადალახვას ვერ შეძლებს“, - განაცხადა სენატორმა რიშმა.