ყველაფერი უკან მიდევნებული ლამპრის მდგომარეობაში ხდება, ელჩმა თქვა, რომ ძალიან დიდი ხანია, რაც ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია, ამის შემდეგ ვხედავთ განცხადებას, სადაც ნახსენებია კონკრეტული თარიღი და ხანგრძლივობა ამ შეხვედრისა, ცხადია ამას სჭირდება პასუხები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც უპასუხა აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის მიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კითხვას.
როგორც ღუდუშაურმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალი სტუდიაში“ განმარტა, "ქართული ოცნების“ და მთავრობის არცერთ წარმომადგენელს არც ელჩის და არც საელჩოს მისამართით, "არაფერი გადაბრუნებული არ უთქვამთ“ და ისე ახლოს ვართ აშშ-სთან, როგორც არცერთ ხელისუფლების დროს არ ვყოფილვართ.
"აუცილებელია ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე. ცხადია, თვითონ საელჩოს ინტერესიც უნდა იყოს და ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს წერტილი დაესმება. ვისურვებდი უფრო მეტი სიცხადე ყოფილიყო, თუნდაც ქალბატონი ელჩის განცხადებაში. საინტერესოა, რა სტატუსით მოხდა ეს შეხვედრა და რა მიზანს ემსახურებოდა. შეხვედრის ხანგრძლივობაც ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს. 3 საათი რაზე შეიძლება ისაუბრონ, როდესაც ადამიანი არ მონაწილეობს პოლიტიკაში“,- აცხადებს ღუდუშაური.
ამასთან, ღუდუშაურის თქმით, უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს მიმართ "მძიმე ბრალდებები და წილისწამება“ ისმოდა, თუმცა ამაზეც დღემდე პასუხები არ არსებობს და საჭიროა მკაფიო პოზიცია.
"უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საქართველო იყო დადანაშაულებული, გახსოვთ როგორ ესხმოდნენ თავს ჩვენს ქვეყანას, თითქოს სანქცირებულ ტვირთებს ვატარებდით. ეს იყო მძიმე ბრალდება და ცილისწამება, რომელზეც დღემდე პასუხები ვერ მივიღეთ. ჩვენ გვჭირდება პოზიცია, რომელიც იქნება მკაფიო და ამომწურავი, დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ქართველ ხალხს.
გულწრფელად ვწუხვარ, რომ ელჩთან დაკავშირებით ასეთი აღქმები არსებობს, "ქართული ოცნების“ და მთავრობის არცერთ წარმომადგენელს არაფერი გადაბრუნებული არ უთქვამს არც ელჩის და არც საელჩოს მისამართით. ჩვენ ისე ახლოს ვართ აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორც არცერთი ხელისუფლება ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა. ამას აღიარებენ აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირები. როდესაც არის კითხვები, ამას სჭირდება პასუხები. უბრალოდ არ მესმის რა შუაშია ვინმეს შეურაცხყოფა, თავდასხმა ან მსგავსი რამ. მოსამართლე გამოვიდა და ღიად თქვა, რომ ის დაბლოკეს მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მიიღო გვარამიას საქმეზე, ცხადია ეს არის გაუგონარი რამ, მაშინ გამობრძანდნენ და თქვან, რომ ეს არის მისაღები“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
რაც შეეხება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას, ღუდუშაურის თქმით, ევროპარლამენტარებმა თავიანთი თვალით ნახეს თუ როგორი დესტრუქციის მიმართულებით მიდის ოპოზიცია, რადგან მათი მუშაობის მიზანი მხოლოდ შოუების მოწყობაა.
"ევროპარლამენტარებმა თავიანთი თვალით ნახეს როგორი დესტრუქციის მიმართულებით მიდის ოპოზიცია. სამუშაო ჯგუფები შევქმენით მეორე დღეს და შევუდექით 12 პუნქტის დაუყოვნებლივ შესრულებას, 12 პუნქტიდან პირველი და უმთავრესი არის დეპოლარიზაცია, რომელსაც სჭირდება ორივე მხარის ნება. ჩვენ ეს ნება გამოვხატეთ, კარი გვაქვს ღია და ვაძლევთ თავიანთ პოზიციის დაფიქსირების საშუალებას, მაგრამ საბოტაჟს უკეთებენ ამ შეთავაზებას. ისეთი მოთხოვნები აქვთ, რომელიც 12 პუნქტს საერთოდ არ გულისხმობს, მათი მუშაობის მიზანი არის მხოლოდ შოუების მოწყობა. უნდა შევთავაზოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ წარმომადგენლები გამოყონ და დააკვირდნენ ამ პროცესს, რომელიც ღია და საჯარო იქნება“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.