ავტორი:

სროლა საქორწილო ესკორტის გადაადგილების დროს -  შსს-მ 2 პირი დააჯარიმა და იარაღი ჩამოართვა: რა მოხდა მარნეულში?

სროლა საქორწილო ესკორტის გადაადგილების დროს -  შსს-მ 2 პირი დააჯარიმა და იარაღი ჩამოართვა: რა მოხდა მარნეულში?

პოლიციამ დააჯარიმა და იარაღები ჩამოართვა ორ პირს, რომლებიც მარნეულში საქორწილო ესკორტის გადაადგილების დროს იარაღიდან ისროდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ვიდეომასალაში ჩანს მარნეულის მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო კორტეჟის გადაადგილების და ჰაერში იარაღიდან სროლის ამსახველი კადრები.

გავრცელებული ვიდეოკადრები, აღნიშნული მედიასაშუალების ჟურნალისტმა სამართალდამცველებს მიაწოდა. სამართალდამცველებმა შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს ფაქტის შესწავლა. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, უმოკლეს დროში მოხდა სამართალდამრღვევი პირების დადგენა და მათი დაჯარიმება.

კერძოდ: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით (საავარიო სიტუაციის შექმნა) დაჯარიმდა კადრებში ასახული ავტომობილის მძღოლი, ხოლო ამავე კოდექსის 181-3 მუხლის მიხედვით (გაზის აირის ან აკუსტიკური იარაღის ტარების წესების დარღვევა) დაჯარიმდა 2 პირი. პოლიციამ სამართალდამრღვევი პირებისგან ორი ხმოვანი პისტოლეტი ამოიღო" - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: სქრინი "მთავარი არხის" მიერ გავრცელებული კადრებიდან