ავტორი:

მეგი გოგიტიძის, სოჭში დაგეგმილი, კონცერტი გაუქმდა - რა გახდა ამის მიზეზი და რა ელის მის მოსკოვურ გასტროლს?

მეგი გოგიტიძის, სოჭში დაგეგმილი, კონცერტი გაუქმდა - რა გახდა ამის მიზეზი და რა ელის მის მოსკოვურ გასტროლს?

სოჭში, რესტორან Ресторан Lucky Dze-ში დაგეგმილი მეგი გოგიტიძის კონცერტი გაუქმდა. ანონსი, რომ 29 ივლისს ქართველი მომღერალი კონცერტს გამართავდა, კვირაზე მეტია, რაც გოგიტიძის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. ამჟამად ბილეთების შესაძენი ლინკი აქტიური აღარ არის. ამ ეტაპზე მოქმედია მოსკოვის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შესაძენი ლინკი. როგორც ჩანს, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის გაუქმდება თუ არა საღამო რუსეთის დედაქალაქში.

სოჭში კონცერტის გაუქმების შესახებ ინფორმაცია კლუბის ადმინისტრაციათან გადავამოწმეთ. ჩვენს კითხვაზე გაუქმდა თუ არა მეგი გოგიტიძის კონცერტი სოჭში, დადებითი პასუხი მივიღეთ, თუმცა მას შემდეგ, რაც კონცერტის გაუქმების მიზეზი ვკითხეთ და ავუხსენით, რომ საქართველოდან ვწერდით, მათ ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა აღარ ისურვეს.

მოსკოვსა და სოჭში მეგი გოგიტიძის კონცერტების ანონსი შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. საზოგადოების დიდი ნაწილი მომღერლის ამ ნაბიჯს კრიტიკულად შეხვდა. ბათუმში ერთ-ერთმა კლუბმა მომღერლის კონცერტი გააუქმა.

საზოგადოების კრიტიკას მომღერალი აგრესიულად შეხვდა.

"ჩემს გაუქმებულ კონცერტს საქართველოში არასდროს დავივიწყებ, ისე ქმნით ჩემგან გმირს, რომ ვერც იაზრებთ."

"წლებია, რუსეთში ვმოღვაწეობ, მრავალი კონცერტი ჩავატარე... ჯობდა ვამპირებს არ დამსგავსებულიყავით."

"მგონი, კიდევ ვერ იაზრებთ, რას დაეტაკეთ... დრო გაჩვენებთ თქვენ ნამდვილ მოღალატეებს და სამარცხვინო ადამიანებს."

ეს ფრაზები მეგი გოგიტიძემ იმ ქართველების მისამართით თქვა, რომლებმაც მის მიმართ კრიტიკა არ დაიშურეს.

ერთ-ერთი ვერსიით გოგიტიძეს კონცერტი თავად კლუბმა გაუუქმა, რადგან მომღერალმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ის პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მღეროდა.

"პირველი კონცერტი არ არის. მეორე კონცერტია 2022 წელს. არ მექმნება უხერხულობა, იმიტომ, რომ მე არ ვაკეთებ იმას, რაც მე უხერხულობას შემიქმნის. მე თუ იქ ჩავდივარ, პირადად ჩემ თავს ვაყენებ რისკის ქვეშ. იმიტომ რომ, იქ მე რასაც ვმღერი სცენაზე, ეს არის დიდი რისკი ამ წუთას იქ. შევწყვიტოთ ეს საუბარი... ჰოდა, გამოიკვლიეთ რას ვმღერი, მაგ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ვმღერი ზუსტად", - განაცხადა გოგიტიძემ.

რა გახდა კონცერტის გაუქმების რეალური მიზეზი, გოგიტიძე ჯერჯერობით განმარტებას არ აკეთებს.