ავტორი:

"თქვეს, რომ მკვლელი და მისი სამეგობრო ისეთი ხალხია, მცირედზე შეეძლოთ აშარება. სავარაუდოდ, მირიანი მათ არც იცნობდა" - რას ჰყვება ცხვარიჭამიაში მოკლული ბიჭის მეგობარი?

"თქვეს, რომ მკვლელი და მისი სამეგობრო ისეთი ხალხია, მცირედზე შეეძლოთ აშარება. სავარაუდოდ, მირიანი მათ არც იცნობდა" - რას ჰყვება ცხვარიჭამიაში მოკლული ბიჭის მეგობარი?

20 წლის მირიან კუკავას მკველელობის საქმეზე შსს-მ 7 პირი დააკავა, მათ შორის არიან ირაკლი ასლანიძე, გიორგი კუჭავა და გიორგი ხორავა. ინფორმაცია უწყებამ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცადებაში დაადასტურა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 28 ივლისს ცხვარიჭამიაში მომხდარი, 2002 წელს დაბადებული მ.კ.-ს მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.

განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი პირველი ექსპერიმენტული და მე-60 სკოლის მოსწავლეებს შორის მოხდა. ყოფილი კლასელები მეგობრის - ქეთათო არაბულის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, რა დროსაც 20 წლის ახლაგაზრდას გულში დანა ჩაარტყეს.

ცნობილია იმ ერთი ახალგაზრდის ვინაობაც, ვისაც პოლიცია განზრახ მკვლელობისთვის ბრალს წაუყენებს, თუმცა ამ დრომდე უწყება ოფიციალურად მის დაკავებას არ ადასტურებს.

  • დავით ჯიჯეიშვილს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.

აგარაკი, სადაც ახალგაზრდები დაბადების დღე აღნიშნავდნენ

ტრაგედია ცხვარიჭამიაში იმ დროს დატრიალდა, როდესაც ახალგაზრდები დაბადების დღეს ქეთათო არაბულის სახლში აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ, სწორედ სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი, რომელიც უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა. მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილი მკვლელს და მის სამეგობროს არ იცნობდა.

სალომე აბაშიძე, მირიანის მეგობარი:

"მირიანი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, ჯგუფელები ვიყავით ტექნიკურ უნივერსიტეტში, დიზაინის ფაკულტეტზე. გუშინ დაბადების დღეზე რომ მიდიოდა, შემეხმიანა და მითხრა, იქედან ბიჭები პირდაპირ ფესტივალ "როკვაზე“ მივდივართო. დავგეგმეთ, რომ აგვისტოში ბათუმში ერთად წავსულიყავით. მალე ერთად გამოფენის გაკეთებას ვაპირებდით და ისე უხაროდა - მე ორგანიზატორი ვარო, ასე ამბობდა. იქ რა მოხდა, არაფერი ვიცი. ენით ვერ აღგიწერთ, როგორი უთბილესი და პოზიტიური იყო მირიანი.

5 წუთითაც რომ დალაპარაკებოდით, არ არსებობს, არ შეგყვარებოდათ, ის ყველაზე უკონფლიქტო იყო. რა ჩხუბი, რა შელაპარაკება, დარწმუნებული ვარ, არაფერ შუაში იყო. ერთადერთი, ალბათ, ვიღაცას გადაეფარა, რომ დაეცვა და ამიტომ გაიმეტეს. მას ყველა უყვარდა, ყველა დაჩაგრული ეცოდებოდა. როგორც თქვეს, მკვლელი და მისი სამეგობრო ისეთი ყაიდის ხალხია, ელემენტარულზე შეეძლოთ აშარება. სავარაუდო მკვლელს მირიანი, მგონი, არც იცნობდა.

ამბობენ, მან დანა პირდაპირ გულში ჩაარტყა და მირიანი ადგილზე გარდაცვლილაო. გოგოს გამო რამე კონფლიქტს გამოვრიცხავ. ხელოვანი, თბილი და უსაყვარლესი ადამიანი იყო. სამეგობროც ისეთი კარგი ჰყავს, ისეთ წრეში ტრიალებდა, მათგან ცუდს ვერ წარმოვიდგენდით, ყველა მიყვარს, ვინც მირიანის ირგვლივ იყო.

დაბადების დღეზე 50 კაცი რომ ავიდა, ყველა მისი ახლობელი და ნაცნობი ვერ იქნებოდა, გუშინ ღამით 30 კაცი მაინც ჰყავდათ დაკითხვაზე. მირიანი მთელი უნივერსიტეტის ტკივილია, ყველა ლექტორი იმას ამბობდა, - ეს ბიჭი გენიოსიაო. აუდიტორიის კარს რომ შემოაღებდა, იტყოდა, "მე მოვედი“ და ეს იყო მთელი ცერემონია, იყო დიდი ზეიმი. მესამე კურსიდან უნდა აგვერჩია სპეციალობა, მე ინტერიერის დიზაინს ვირჩევდი და მითხრა, შენ თუ იქ წახვალ, მეც მაგას ავირჩევ და შენთან ერთად ვიქნები, ხომ იცი, რა ნიჭიერი ვარ, ყველაფერი გამომივაო, - სულ ხუმრობდა.

მთელი აგვისტო დაგეგმილი გვქონდა, წარმოუდგენელ შოკში ვარ... იქ 17-18 წლის ბავშვებიც იყვნენ და მაგათთვისაც რამხელა ტრაგედიაა ეს ამბავი. შაქარაც ხომ ანალოგიურად გაიმეტეს... ბევრი მკვლელობა მომხდარა, სამეგობროს დაუმალავს მკვლელის ვინაობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა მირიანს აირჩევს, მის გვერდით დადგება, სიმართლე არ დაიმალება და მკვლელი აუცილებლად დაისჯება. მირიანი ვიღაც არ იყო, ამ ამბავმა ასე ჩაიაროს, ამას არავინ არავის შეარჩენს.“