ავტორი:

"იყო დრო, ვაჟას ეზოში შესვლის უფლება არ გვქონდა" - ვაჟა-ფშაველას დევნილი შთამომავლები: ვინ არიან ისინი და რას ჰყვებიან წარსულსა და ამჟამინდელ ცხოვრებაზე?

"იყო დრო, ვაჟას ეზოში შესვლის უფლება არ გვქონდა" - ვაჟა-ფშაველას დევნილი შთამომავლები: ვინ არიან ისინი და რას ჰყვებიან წარსულსა და ამჟამინდელ ცხოვრებაზე?

“ვაჟა-ფშაველაც რომ ცოცხალი იყოს, მასაც კი დავხვრეტდითო“, - ასეთი პასუხი გასცა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ქართველი პოეტების დელეგაციას, როდესაც ლევან რაზიკაშვილის შეწყალება ითხოვეს. ლევან რაზიკაშვილი, ვაჟა-ფშაველას უფროსი ვაჟი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი და თანამოაზრე, ბოლშევიკებმა 1923 წლის თებერვალში დახვრიტეს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან თანამშრომლობისა და დახმარებისთვის. მისი დახვრეტის შემდეგ, ჩარგლიდან, მამისეული სახლიდან გამოყარეს მისი ცოლ-შვილი, დააპატიმრეს მისი სახელი და ხსოვნა! მისი შვილები, ხალხის მტრის შვილების სახელით იზრდებოდნენ და საკუთარი გვარის ხსენებისაც კი ეშინოდათ! ასე იყო მანამ, ვიდრე ვაჟა-ფშაველას 100 წლის იუბილეზე, მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, ერთი სანდომიანი ქალბატონი არ გამოეცხადა და განაცხადა, - ლევან რაზიკაშვილი ქალიშვილი ვარ, იუბილეზე მოსაწვევი მეც მეკუთვნისო... ათეული წლების დაფარული ამბები ვაჟას ოჯახზე ასე გახდა ცნობილი ქართული ლიტერატურული ელიტისთვის, ხოლო საზოგადოებამ ლევანის ოჯახის არსებობა გასული საუკუნი 90-იანი წლების დასაწყისიდან გაიგო...

დღეს, ლევან რაზიკაშვილის შვილიშვილები გორში ცხოვრობენ, გულით ატარებენ იმ საშინელი ათწლეულების თავგადასავალებს და ტკივილებს, როცა მათ არსებობას და ცხოვრებას შავი ყორანივით თან სდევდა შიში და დავიწყების ტკივილი.

ambebi.ge-ს სტუმრები, ლევან რაზიკაშვილის შვილიშვილები, ძმები - ლევან და გოდერძი გოდერძიშვილები და დები - თამარ და ნინო რაზიკაშვილები არიან, რომლებსაც მათი ბებოსგან, ლევანის მეუღლისგან, თამარ მთვარელიძისაგან უამრავი რამ აქვთ მოსმენილი და მოსაყოლი საზოგადოებისთვის.

ლევან გოდერძიშვილი, ვაჟა-ფშაველას შვილთაშვილი, ლევან რაზიკაშვილის შვილიშვილი:

- მე გახლავართ, ლევან რაზიკაშვილის, ვაჟა-ფშაველას შვილის - ვაჟის შვილიშვილი. როგორც ვიცი, ვაჟას ძალიან უყვარდა პაპაჩემი... ლევანი გორში პირველად, მისმა ბიძამ თედომ ჩამოიყვანა, რომელიც იმ დროს მისდევდა მეფუტკრეობას. იქვე ახლოს, მეფუტკრეობას მისდევდა ლევან მთვარელიძეც, ლევანის სიმამრი. სწორედ იქ გაიცნო ლევანმა მომავალი მეუღლე თამარ მთვარელიძე. მაშინვე მოეწონათ ერთმანეთი და ძალიან მალე იქორწინეს. იმ პერიოდში ლევანი გორში მსახურობდა. ამ დროს ვაჟა საავადმყოფოში იწვა და მასთან ჩასულ ლევანს სთხოვა, - შვილო, იმ კარ-მიდამოს ნუ მიატოვებ, იქაა შენი ფუძეო“. შეისმინა ეს ლევანიმ და ვაჟას გარდაცვალების შემდეგ, მოკიდა ცოლ-შვილს ხელი და გადავიდა საცხოვრებლად ჩარგალში.

ლევან გოდერძიშვილი

1921 წელს მოხდა აჯანყება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეროვნულმა გმირმა, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა შეკრიბა რაზმი და წამოვიდა თავისი შეფიცულებით ჩარგლისაკენ. ამ დროს პაპაჩემი მსახურობდა იქ მილიციის უფროსად ფშავლების თხოვნით.

გოდერძი გოდერძიშვილი, ლევან რაზიკაშვილის შვილიშვილი:

- ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა პაპას. სამართლიანი კაცი იყო და მფარველი ყველასი. ყველამ ვიცით, რომ ქაქუცას მეგობარი იყო ლევანი და როდესაც პაპას მისი დაჭერის ბრძანება მიუღია, ასეთ ხერხს მიმართა: წაიყვანა 10 კაცი არაგვის გაღმა, სადაც ქაქუცა იყო დაბანაკებული და სანამ მიუახლოვდებოდა, შეუთვალა, გამეცალე აქედან, ბრძანება მივიღეო.. ქაქუცა ამდგარა, ერთი ბატკანი წამოუყვანია პაპასთან შესახვედრად და კარგადაც უქეიფიათ და დამშვიდოებისას თავის თეთრი ნაბადიც კი აჩუქა, რომელიც შიგნიდან ამოტვიფრული იყო ინიციალებით: ქ და ჩ. როგორც ჩანს, ამ 10 კაციდან აღმოჩნდა ერთ-ერთი, ვინც ეს ამბავი გარეთ გამოიტანა.

ლევანი გოდერძიშვილი:

- ისე მოხდა, რომ ჩეკისტებმა მოაქციეს ალყაში ქაქუცა, მაგრამ პაპამ გადაარჩინა, გაარღვია ეს ჩეკისტები და აფხუშოს გავლით, უცნობი ბილიკებით გააპარა ჩარგლიდან ქაქუცა და გადაიყვანა პანკისის ხეობაში. როცა შორდებოდნენ, ქაქუცამ ლევანის სთხოვა, - წამოდი ჩვენთან, შენ აქ არ მოგასვენებენ, პროვოკაციას მოგიწყობენ და დაგღუპავენო. მაგრამ პაპამ უარი უთხრა, ცოლ-შვილს ვერ დავტოვებო... და დაბრუნდა უკან სახლში. მალევე დაწერა განცხადება სამსახურიდან წამოსვლის შესახებ. ამ ამბიდან დაახლოებით ერთ კვირაში, თავის მეუღლეს, ბებიაჩემს თამარ მთვარელიძეს უთხრა: - “თუ ვინმე მოვიდეს და მიკითხოს, უთხარი, რომ მთაში ზევით ავდივარ სათიბებშიო და ზუსტად არ იცი სად ვარო“, და იმ დღეს, როცა გადიოდა სათიბში, ოჯახის წევრებს, ცოლს და დედინაცვალს სთხოვა, თუ ვინმე მოვა, რამენაირად შემატყობინეთ, რომ თავს ვუშველოო. მთაში ბევრია სათიბები, და თუ კარგად არ იცი ლოკაცია, ვერანაირად ვერ მიაგნებ. სამწუხაროდ, ეს ამბავი გასკდა დედა-შვილი დიდებაშვილებისაგან. (ლევანის დედინაცვლისაგან და მისი შვილი ვახტანგისგან). 10 დღის შემდეგ, როდესაც მოვიდნენ ჩეკისტები და იკითხეს, სადაა ლევანიო, სწორედ ვახტანგმა მიასწავლა მისი ადგილსამყოფელი.

1923 წელს პაპა ბოლშევიკებმა დახვრიტეს! ამ დროს მისი ცოლ-შვილი ისევ ჩარგალში იყო, მაგრამ ძალიან დაეძაბათ ურთიერთობა ვაჟას ცოლთან თამარ დიდებაშვილთან. გაუსაძლისი რომ გახდა იმ სახლში გაჩერება, ლევანის ცოლის ძმამ იოსებმა, სასწრაფოდ ჩამოიყვანეს გორში ბებია, შვილებთან ერთად.

გოდერძი გოდერძიშვილი:

გოდერძი გოდერძიშვილი

- გორში ეს სახლი ჯერ არ არსებობდა. იყვნენ შეფარებულები სხვასთან, სადაც ეძინათ, წვიმა ჩამოდიოდა. გამოჩნდა ადამიანი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ლევანის ცოლ-შვილის სახლის მშენებლობას და ეს პატარა 2-ოთახიანი სახლი აუშენეს. ისტორიული სახლია, ბევრი სიდუხჭირის და სიმწარის მომსწრე...

თამრიკო რაზიკაშვილი, ლევანის შვილიშვილი:

თამრიკო რაზიკაშვილი

- არანაირი პრივილეგიებით არ სარგებლობდა არც მამა და არც ჩვენი ოჯახი. არავისთვის არაფერი არ უთხოვიათ. მაგალითად, როცა ვცხოვრობდით ბარაკებში და რიგდებოდა ბინები, არავის უფიქრია იმაზე, რომ, აი, ეს არის ვაჟა-ფშაველას შთამომავალი და პირველ რიგში მას უნდა მივცეთ ბინაო. არა! სხვებს აძლევდნენ, ლუკა რჩებოდა. მაგრამ მაინც ხაზგასმით მინდა ვთქვა, დიდ, გასაოცარ გრძნობასთან ერთად, ჩემი ოჯახის მხრიდან, დიდი პატივი და პასუხისმგებლობააა იყო რაზიკაშვილი. თუმცა, რაზიკაშვილობა დიდი ტვირთიც არის, მე ამას მოგვიანებით მივხვდი.. იყო პერიოდი, როცა ამ გვარის ხსენებაც კი გვეკრძალებოდა. მამა ასაკში დაემგვანა პაპას. უყვარდა ზეპირსიტყვიერება. ვაჟას უამრავი ლექსი იცოდა ზეპირად. თავადაც წერდა... საღამოობით აიღებდა ფანდურს და პაპის ლექსებზე სასიამოვნოდ აღიღინდებოდა. განსაკუთრებით უყვარდა "იას უთხარით ტურფასა".

ვაჟას შთამომავლების სახლი გორში

გოდერძი გოდერძიშვილი:

- ლევანის დახვრეტის მერე, შიშით ცხოვრობდნენ. ბებიაჩემი აფრთხილებდა ბავშვებს, რომ ზედმეტი სიტყვა არსად დაგცდეთ, არანაირ შეკრებაზე არ გამოჩნდეთო. ძალიან შეშინებული იყო ბებია: წელიწადნახევარი ბარგი ჰქონდა შეკრული, იძახდა, - ერთხელაც დამიძახებენ და გადამასახლებენ აქედანო. ძალიან დიდი გაჭირვება გამოიარეს. ბებიაჩემი ორი ცვლა საკონსერვო ქარხანაში მუშაობდა. ეს ბინაც მაშინ აშენდა, ქორწილის საჩუქრები ჰქონდა ბებიას, მათ შორის ვაჟას ნაჩუქარი ოქროს საათი. და ასე ადამიანების დახმარებით, ნელ-ნელა ჯერ ერთი ოთახი ააშენეს და შემდეგ მეორე ოთახიც გააკეთეს.

ლევანი გოდერძიშვილი;

- ჩვენ სულ ჩრდილში ვიყავით, არავინ იცოდა ვაჟას შთამომავლები რომ ვიყავით. ბებიას მთავრობისა და განსაკუთრებით კი, ვახტანგისა ეშინოდა. შვილებს ეუბნებოდა, რომ არსად არ თქვათ, - ვისი შვილები ხართო. აი იქიდან მოყოლებული, სულ ჩრდილში იყვნენ ესენი და მერე ჩვენც. პირწავარდნილი აგენტი იყო ვახტანგი...

ჩარგალში პირველად, დედამ და დეიდამ აგვიყვანეს. მე ვიყავი 10 წლისა, ჩემი ძმა - 13- ის. რომ ავედით, ვახტანგი გამოვიდა სახლიდან და (ეხლაც კარგად მახსოვს, თვალნათლივ), როგორ გამოვიდა სახლიდან მოხრილი, კეხიანი ცხვირით და დაიძახა: "ესენი ვინ არიანო? ესენიო.“ დეიდამ უთხრა, - ლევანის შვილიშვილებიო... იმან კიდევ დაიძახა, - მოხვედით, გველის წიწილებოო! მე მაშინ ბავშვურად მივიღე ეს, ჩავთვალე, ალბათ აქ მოფერების ასეთი წესია - მეთქი, თურმე მართლა გვითხრა. ეჯავრებოდა პაპაჩემი. სულ ყველგან იმას გაჰკიოდა და გაჰყვიროდა, მე ვარ ვაჟას შთამომავალი და ეგენი არ არიანო...

ნინო რაზიკაშვილი, ლევანის შვილიშვილი:

- მამაჩემი ძალიან განიცდიდა ჩუმად რომ იყო. ის ვერასოდეს ვერ მივიდოდა ვახტანგთან, რადგან იყო დრო, არაცერთ რაზიაკაშვლს ამ ეზოში შესვლის უფლება არ ჰქონდა. არავითარი შეხება არ გვქონია.

ნინო რაზიკაშვილი

1972 წელში, დაანგრიეს ვაჟა-ფშაველას სახლი და ააშენეს ეს, რასაც ეხლა ხედავთ. მუშები რომ მოიყვანეს, ვაჟას სახლის დასანგრევად, თვითონ მუშები ტიროდნენ, ამ სახლს ვინ დააგნრევდა, როგორ შეიძლებოდა ამის ხელის ხლებაო...

ვაჟას სახლ-კარი მის სრულ გადაკეთებამდე

თამრიკო რაზიკაშვილი:

- ისე, რომ საზოგადოებამ არ იცოდა, რომ გორში ცხოვრობდნენ ვაჟა-ფშაველას შვილიშვილები. პირველი ვაჟაობა რომ ჩატარდა, 100 წლის იუბილე, მაშინ მივხვდი, რომ ჩვენ რაღაცას წარმოვადგენდით.

გოდერძი გოდერძიშვილი:

- ბავშვობაში არ მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ მე ასეთი დიდი წინაპრების შთამომავალი ვიყავი, მაგრამ როდესაც ერთხელ სკოლიდან გავიპარეთ შატალოზე, მალევე დაგვაბრუნეს და პირდაპირ შეგვიყვანეს დირექტორთან. დირექტორის გვარი, ეხლაც მახსოვს - ძველაია. მან ცალკე გამიყვანა და მითხრა: "შვილო, შენ ისეთი წინაპრების შთამომავალი ხარ, არ უნდა გააკეთო ეგეთი რამეო“. აი, მაშინ ვიგრძენი პირველად, სიამაყის მსგავსი განცდა.

ლევანი გოდერძიშვილი:

- ღამე რომ დავწვები დასაძინებლად, არ არსებობს პაპაჩემზე არ ვიფიქრო. დედაჩემიც, დეიდაჩემიც და ბიძაჩემიც, სულ იმის დარდში დაიღუპნენ, რომ მისი საფლავი არავინ იცოდა...

"ვეღარ გიხილეთ პაპაო, ვერც ცოცხალ, ვერცა მკვდარია,

ღალატით შენმა სიკვდილმა დაგვაბეჩავა ძალიან,

არ შეისმინეს მფარველთა სიტყვა, ხვეწნა-მუდარის ხმანია,

ეგრე გაგწირეს უბრალოდ, კვირით გიმტვრიეს ძვალია... (პაუზა, ტირის)

არ შემიძლია, ვეღარ გავაგრძელებ... მაპატიეთ...

იხილეთ ასევე:

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი