ავტორი:

რას ამბობს შს მინისტრი გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამომწვევ მიზეზებზე?

რას ამბობს შს მინისტრი გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამომწვევ მიზეზებზე?

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გუდაურში, სადაც შსს-ს ვერტმფრენი ჩამოვარდა, შესაბამისი ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

მინისტრის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ გარდაცვლილების პროზექტურაში გადასვენება უახლოეს საათებში მოხდეს.

"ღონისძიებები გრძელდება. ვინც არის დაშავებული ამოვიყვანეთ, ქვევით ჯგუფები მუშაობენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გარდაცვლილების პროზექტურაში გადასვენება დღესვე მოხდეს. თუ საჭირო გახდება ოპერაცია გვიან ღამემდე, ან დილამდე გაგრძელდება, თუმცა ვფიქრობ, რომ დილამდე არ დაგვჭირდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

"ექსპერტები მუშაობენ, თუ რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა. კადრების მიხედვით, რაც ვნახე უკანა მხარე თითქოს კლდეს ეჯახება და შემდეგ მართვის დაკარგვა იწყება. ეს არ ვიცით, რამ გამოიწვია - შეცდომა იყო, გაუმართაობა, ქარის ბრალი იყო თუ რაც იყო, ალბათ, ექსპერტიზა გვეტყვის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.