ავტორი:

"დამირეკა, 1 საათში უნდა ჩამოვფრინდე და დამხვდიო, ამ წუთამდე ველოდე..." - გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავის მეუღლე

"დამირეკა, 1 საათში უნდა ჩამოვფრინდე და დამხვდიო, ამ წუთამდე ველოდე..." - გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავის მეუღლე

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა შორის, ერთ-ერთი მფრინავი ზაზა ლორიაა. მისი მეუღლე მომხდარის შემდეგ "ტვ პირველთან" პირველ კომენტარს აკეთებს.

"დამირეკა 1 საათში უნდა ჩამოვფრინდე და დამხვდიო, ამ წუთამდე ველოდე. საშინელი ტრაგედია მოხდა, არა მარტო ჩემს ქმარს ვტირი, მე ვტირი იმ ბიჭებს, ვინც შეეწირა - დანარჩენი მფრინავები, მაშველები, ექიმები. საშინელი მდგომარეობაა, არ ვიცი ეს რა კატასტროფაა. ძალიან ბევრი ჰყავს გადარჩენილი და დღესაც ამას შეეწირა.

ყოველთვის სადარაჯოზე იყო, ყოველთვის მზად იყო. სამსახურშიც ზაზა რომ მიფრინავდა, ყველა მშვიდად ვიყავით, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა. შვებულებაში იყო, მაგრამ მისთვის შვებულებაც არ არსებობდა.

ბედნიერი წლები გავატარეთ, ყოველთვის ვამაყობდი, რომ ზაზა ლორიას მეუღლე ვიყავი. იყო ყოველთვის თავმდაბალი, სიკეთის განსახიერება, ყველას გადამრჩენელი, მაშველი თუ კი რამ შეეძლო. საუკეთესო მეგობარი, მეუღლე, მამა, ბაბუა, ყველასთვის.

მე არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ ერთი ეს ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ გადაერჩინა, როგორც საკუთარი თავი, ისე ყველა. ნამდვილად ვიცი, რომ ბოლო წუთამდე იბრძოდა, პირველი შემთხვევა არ იყო, მფრინავისთვის ეს თანმდევია”, ამბობს გარდაცვლილი მფრინავის მეუღლე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ყველა მათგანი დაიღუპა.