ავტორი:

"ქააძე... ქააძე... სულ მესმოდა ეს გვარი დიტოსგან - სრულიად უცნობი ჩემთვის, მაგრამ ნაცნობი მისი პროფესიონალიზმით" - რას წერს ჟურნალისტი გარდაცვლილ მფრინავზე?

"ქააძე... ქააძე... სულ მესმოდა ეს გვარი დიტოსგან - სრულიად უცნობი ჩემთვის, მაგრამ ნაცნობი მისი პროფესიონალიზმით" - რას წერს ჟურნალისტი გარდაცვლილ მფრინავზე?

გუშინ გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან, გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშველები - კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი; მფრინავები - ანდრო ქუჯოშვილი,​ ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე; სასწრაფოს დახმარების ექიმები - ქეთი გულაგაშვილი, გიორგი ვენეცკი.

ჟურნალისტი ანა წერეთელი ერთ-ერთი გარდაცვლილი მფრინავის დიმა ქააძის შესახებ წერს:

"ქააძე.. ქააძე.. სულ მესმოდა ეს გვარი დიტოსგან. არ ვიცნობდი, არც არსად მენახა, მახსოვდა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი სამაშველო ოპერაციის მერე დაჯილდოვდა და თავისი საქმის პროფესიონალი იყო. ვინმე სადმე თუ ჩარჩებოდა, საშველი იყო და ყურს მოვკრავდი ამ თემას ტელეფონზე, იქვე მესმოდა: "აქ არაა ქააძე?"

დღევანდელი ტრაგედიის ამბავი რომ გავიგე, იმწამსვე გულმა რეჩხი მიყო, ავიღე ტელეფონი და დავრეკე: ქააძე ხომ არ იყო იქ? სრულიად უცნობი ჩემთვის, მაგრამ ნაცნობი მისი პროფესიონალიზმით და შემართებით....იყო. აღმოჩნდა, რომ იყო... რა მძიმე ამბავია... სამძიმარი ოჯახს, მეგობრებს, მთელ საქართველოს.. დიდება გმირებს" - წერს ანა წერეთელი.