"დღეს იმის ილუზია არ გვქონია, რომ შესაძლებელი იყო სასამართლოს რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო. მეტსაც გეტყვით, ჩვენს შორის გირაოს გამოყენების შესაძლებლობის საკითხი არც განხილულა", - ამის შესახებ ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულის, დავით ჯიჯეიშვილის ადვოკატმა, გიორგი გვაჯაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი და მოკლული, მირიან კუკავა ერთმანეთს არ იცნობდნენ.
"29 ივლისს დავით ჯიჯეიშვილი დედის თანხლებით, პოლიციის განყოფილებაში აღიარებით მივიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მის მიერ ჩადენილ ბრალეულ ქმედებას ათვითცნობიერებს, გულწრფელად ინანიებს მას და უკვე 29 ივლისიდან შესაბამისი სასჯელისთვის ემზადება. ამდენად, დღეს იმის ილუზია არ გვქონია, რომ შესაძლებელი იყო სასამართლოს რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო. მეტსაც გეტყვით, უფრო ნაკლებად მკაცრ აღკვეთის ღონისძიების შესაძლებლობასთან დაკავშირებით მას ჩემთვის არც უკითხავს და ჩვენს შორის გირაოს გამოყენების შესაძლებლობის საკითხი არც განხილულა,“ - განაცხადა გიორგი გვაჯაიამ.
ბრალდებულის ადვოკატი მკვლელობის მოტივზე განმარტებებს არ აკეთებს.
"მოტივი არის უკვე დეტალებზე საუბარი. დეტალებზე ორი მიზეზის გამო ვერ და არ ვისაუბრებ. პირველი: ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს და მეორე: მინდა იცოდეთ, რომ მე გარდა ჩემი პროფესიული ვალდებულების შესრულებისა, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს. შესაბამისად, საზოგადოების ცნობისმოყვარე ნაწილის დაკმაყოფილების ხარჯზე საზოგადოების შეგნებულ ნაწილს ვერ დავაზარალებ, რომელსაც შეიძლება იმ დეტალების საჯაროდ გახმოვანებით ტკივილი მიადგეს, რასაც ამ საქმესთან ჰქონდა შემხებლობა,“ - განაცხადა უფლებადამცველმა.
შეგახსენებთ, ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დავით ჯიჯეიშვილს და კიდევ 7 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მკვლელობაში ბრალდებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, კონკრეტულად, როგორც მან სხდომაზე განაცხადა, ხულიგნობის ნაწილში თავს არ ცნობს დამნაშავედ, თუმცა აღიარებს, რომ მირიან კუკავა სწორედ მის მიერ მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა.
საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 19 სექტემბერს ჩაინიშნა.
ბრალდებული 7 პირიდან 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება დავით ჯიჯეიშვილს, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.