ავტორი:

"როცა ივანიშვილი მთავრობის ქებას იწყებს, იმის მერე ბევრი რამ იცვლება ხოლმე. ახლა კულუარული პროცესები მიდის..." - უნდა ველოდოთ თუ არა სამთავრობო ცვლილებებს?

"როცა ივანიშვილი მთავრობის ქებას იწყებს, იმის მერე ბევრი რამ იცვლება ხოლმე. ახლა კულუარული პროცესები მიდის..." - უნდა ველოდოთ თუ არა სამთავრობო ცვლილებებს?

"ჩვენს მთავრობაში სტრატეგიული აზროვნების ადამიანები არ არიან", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე და ქვეყანაში სამთავრობო ცვლილებებს არ გამორიცხავს. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- ჯერ კიდევ მაშინ, როცა გიორგი გახარია იყო უშიშროების საბჭოს მდივანი, შევთავაზე, რომ შეგვექმნა სტრატეგიული ანალიზის ცენტრი. მსგავსი ორგანო არის უსაფრთხოების სამსახურში, მაგრამ საკმარისი არ არის. საჭიროა ცენტრი, რომლის მუშაობაშიც ჩაერთვებიან არა მარტო ვიწრო, არამედ უფრო ფართო სპექტრის პროფესიონალებიც. ყველა ნორმალურ ქვეყანაში მუშაობს ამგვარი ცენტრები. რა თქმა უნდა, ჩემს წერილზე არავის უპასუხია. საჭიროა ინსტიტუცია, რომელიც სტრატეგიულად დაგეგმავს ჩვენს პოლიტიკას და არა ისე, როგორც ირაკლი კობახიძე აკეთებს - დღეს კელი დეგნანი რაღაცას რომ იტყვის, 15 წუთში ის გამოვარდება და პასუხობს - ეს არის მთელი მისი პოლიტიკა. ეს არასწორია, თან დაუჟინია, დასკვნა მარტივიაო, არადა, ანალიზი და დასკვნის გამოტანაა ყველაზე რთული. ჩვენს პოლიტიკას მე შევადარებდი უთავო მხედარს მაინ რიდის ცნობილი ნაწარმოებიდან - მიქრის ცხენი და ვინც მას უნდა მართავდეს, უთავოდ არის დარჩენილი.

- სად მიგვიყვანს ეს "უთავო მხედარი"?

- ფაქტია, ამგვარი პოლიტიკით ქვეყანა ზიანდება, მაგრამ ეს მოცემულობაა... ეს პროცესი ან მივა უმრავლესობის დაშლამდე და არჩევნებამდე, ან მთავრობა შეიცვლება.

- ივანიშვილის წერილში ამ ცვლილების შესაძლებლობა დაინახეთ? ის აქებს მთავრობას და უწონებს, რომ მან ომი აარიდა ქვეყანას.

- როცა ის მთავრობის განსაკუთრებულ ქებას იწყებს, იმის მერე ბევრი რამ იცვლება ხოლმე. გაგახსენებთ, ღარიბაშვილსაც ძალიან აქებდა მის პირველ ჯერზე პრემიერობისას და უცებ, სადღაც 5 დღეში, გადადგა... ჩემი აზრით, ახლა კულუარული პროცესები მიდის, ივანიშვილი მოწადინებულია თავისი პრობლემები მოაგვაროს. შემოდგომაზე ცვლილებებია მოსალოდნელი. ამას, მგონი, გრძნობენ "ქართულ ოცნებაშიც", ბევრი უკვე ეძებს თავის ადგილს სამომავლო პოლიტიკურ კოლაჟში. ცხადია, რომ 2024 წლის არჩევნებში მათ არავითარი პერსპექტივა არა აქვთ, ამიტომ სურთ რაღაცის დაფუძნება. მათი პოზიცია ანტიდასავლური იქნება თუ პროდასავლური, არავინ იცის, რაც მთავარია, თვითონაც არ იციან. ისინი ჯერ საკუთარ თავზე ფიქრობენ, მერე ქვეყანასა და იდეოლოგიაზე. ამიტომ მძულს ქართული პოლიტიკა - ქამელეონივით შეიძლება შეიცვალონ პოლიტიკოსებმა შეხედულებები. ავიღოთ დიმიტრი ხუნდაძე - ერთ-ერთი იმ ცნობილი სამეულიდან. ჯერ იყო და, საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ როგორი დემარშით გამოვიდა, შემდეგ უცებ პროდასავლელი გახდა, მერე ისევ დასავლეთის გინება დაიწყო. ლერწამივით არიან, საითაც ქარი დაუბერავს, იქით იხრებიან, საკუთარი თავის გარდა, არაფერი აინტერესებთ. წაიკითხეთ სტატია სრულად