ავტორი:

შაკირას საგადასახადო თაღლითობის საქმე: რას ედავებიან მომღერალს - ბრალდებები, რომელთა დამტკიცების შემთხვევაშიც, მას პატიმრობა ემუქრება

შაკირას საგადასახადო თაღლითობის საქმე: რას ედავებიან მომღერალს - ბრალდებები, რომელთა დამტკიცების შემთხვევაშიც, მას პატიმრობა ემუქრება

კოლუმბიელ პოპ ვარსკვლავ შაკირას, საგადასახადო თაღლითობის გამო, რვა წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ესპანელმა პროკურორებმა მომღერალს ექვსი ბრალდება წაუყენეს. მათი მტკიცებით, შაკირამ ესპანეთის მთავრობას, 2012-დან 2014 წლამდე, თითქმის 15 მილიონი დოლარის გადასახადები არ გადაუხადა. პროკურორები მისგან 24.5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდასაც ითხოვენ.

"მომღერალი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და არჩევს ეს საკითხი კანონის ხელში დატოვოს", - აცხადებენ შაკირას ოფიციალური წარმომადგენლები. შაკირას თაღლითობის საქმე სასამართლოს მას შემდეგ გადაეცა, რაც 45 წლის მომღერალმა პროკურორების მიერ შეთავაზებულ შეთანხმებაზე უარი განაცხადა. სასამართლო პროცესის თარიღი ჯერ არა არის დადგენილი, თუმცა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პროკურორები სასამართლოს რვა წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთას სთხოვენ.

კოლუმბიელმა ვარსკვლავმა 2012-2014 წლებში მის ოფიციალურ საცხოვრებლად ბაჰამის კუნძულები დაასახელა, მაგრამ პროკურორები ამტკიცებენ, რომ ის სინამდვილეში ესპანეთში ცხოვრობდა ყოფილ პარტნიორთან, ესპანელ ფეხბურთელ ჯერარ პიკესთან. პროკურორებმა შაკირას გადასახადებისგან თავის არიდებაში ბრალი 2018 წლის დეკემბერში წაუყენეს. საქმე როგორ წარიმართება, ეს იმის გარკვევაზეა დამოკიდებული, თუ სად ცხოვრობდა რეალურად ამ წლების განმავლობაში შაკირა.

წყარო: usatoday

მოამზადა: ანა სიბოშვილმა