ავტორი:

"შვილის პიტბული მიიყვანა, ამბობდა, გიორგისგან ესღა დამრჩაო... ეზოში გახდა ცუდად და დაგლიჯა უბედური ქალი" - რას ჰყვება ამერიკაში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი პიანისტის მეგობარი

"შვილის პიტბული მიიყვანა, ამბობდა, გიორგისგან ესღა დამრჩაო... ეზოში გახდა ცუდად და დაგლიჯა უბედური ქალი" - რას ჰყვება ამერიკაში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი პიანისტის მეგობარი

ქართველი პიანისტი მარინა გაბუნია ამერიკაში ტრაგიკულად დაიღუპა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ის საკუთარი შვილის პიტბულმა დაგლიჯა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

პოლიციამ ქალი ლონგ აილენდში, საცხოვრებელი სახლის ეზოში დასახიჩრებული იპოვა. პიტბული ადგილზე მისულ სამართალდამცველსაც დაესხა თავს, რის შემდეგაც პოლიციამ ძაღლს ესროლა.

მარინა გაბუნიას შესახებ მისი უახლოესი მეგობარი, მუსიკისმცოდნე, მუსიკის თეორეტიკოსი თინა ნაცვლიშვილი გვესაუბრა:

- 70-იანი წლების კონსერვატორიაში ბევრი საუკეთესო მუსიკოსი აღიზარდა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ბევრმა მათგანმა საზღვრებს მიღმა გაიტანა საქართველოს სახელი და მათი მოღვაწეობა ეროვნულ სიამაყედ იქცა. იცვლებოდა ეპოქა, გარბოდა წლები. 90-იანები უმძიმესი იყო თითქმის ყველასათვის და ვისაც კი რაიმე შანსი გაუჩნდა, ყველამ დატოვა საქართველო.

მარინა გაბუნია კონსერვატორიაში ჩემზე ერთი კურსით უკან სწავლობდა. ჩვენ მთელი ეს წლები ვმეგობრობდით და მართლაც ბევრი რამ გვქონდა ერთად გასახსენებელი. მარინა არაჩვეულებრივი გოგონა იყო - ნიჭიერი პიანისტი, შესანიშნავი მომღერალი, თბილი და მოსიყვარულე მეგობარი. მახსენდება კონსერვატორიის პერიოდის ე.წ. სტუდენტური ბრიგადები.

10-12 სტუდენტისაგან შემდგარი ჯგუფები კონცერტებით მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ეს იყო დაუვიწყარი დღეები. ასეთ კონცერტებზე პროგრამაში ჩართული იყო არაკლასიკური რეპერტუარიც, ძირითადად ქართული სიმღერები, რომლებიც იმ წლებში ძალიან პოპულარული იყო. ამ სიმღერებს ეთერ იოსებიძე და მარინა გაბუნია მღეროდნენ, დღეს არცერთი ცოცხალი არაა.

მარცხნიდან: მარინა გაბუნია, პიანისტი ნანა მამულაშვილი და თინა ნაცვლიშვილი

დაუვიწყარი იყო კონცერტები სამეგრელოს რეგიონში და კონკრეტულად ენგურჰესის მშენებლებისათვის, სადაც მარინა გაბუნია წამოსული იყო, როგორც პიანისტი. შოპენს უკრავდა. მინდვრის ყვავილების თაიგული მოართვეს და სთხოვეს, არ წახვიდე, კიდევ დარჩი სცენაზეო. მარინა დაფიქრდა, მერე მე დამიძახა ( ჩვენ ხშირად ვხვდებოდით და მე აკომპანიმენტს ვუკეთებდი მის ნამღერს), იმღერა და რა იმღერა! ტაშით დაინგრა დარბაზი. მერე დიდი წვეულება მოგვიწყვეს და მარინას ეუბნებოდნენ, შენი გაშვება არ გვინდაო. ისიც სულ მომღიმარი, ნათელი სახით ჰპირდებოდა, კიდევ ჩამოვალო. ბევრი კონცერტი შემოინახა მეხსიერებამ, ბევრი მხიარული დღე, ბევრი მოსაგონარი, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი გულს მიხეთქავს.

ყველას ცხოვრებაში დგება კრიტიკული მომენტი, როცა სერიოზული ნაბიჯი გაქვს გადასადგმელი და ღელავ, რომ რაღაცაში არ შეცდე, რაღაც არ შეგეშალოს. მარინაც დადგა ასეთი მოვლენის წინაშე, როცა ოჯახი დაენგრა, დარჩა ვაჟიშვილი და მთელი პასუხისმგებლობა მას დაეკისრა. არ დაბნეულა, ნიუ-იორკში გაემგზავრა და აღმოჩნდა ისეთ შემოქმედებით ცენტრში, როგორიცაა American Ballet Theatre. მალე კიThe Juilliard School -ის საბალეტო დასის კონცერტმეისტერი გახდა.

ნიუ-იორკში შექმნა მეორე ოჯახი და ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს. მისი ვაჟი, გიორგიც იქ მოღვაწეობდა და დედას არ ტოვებდა. რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა, დაქალები შეგვკრიბა და ყველას სათითაოდ საჩუქრები მოგვართვა, გამიხსენეთო. მეც მესტუმრა ოჯახში და ძალიან თბილად ვიხსენებ იმ საღამოს. ხშირად ვსაუბრობდით "მესენჯერით". ცხოვრობდა ნიუ-იორკის ახლოს, კუნძულზე, ლონგ აილენდის ულამაზეს ეზოიან სახლში და გვაცნობდა იქაურობას. მეუღლეც გამაცნო შორიდან და შემპირდა, შემდეგში ერთად ჩამოვალთო. ეჰ, ეს აღარ მოხდება!

დაახლოებით 10 დღის წინ, ნიუ-იორკში, მოტოციკლით ავარიაში გარდაიცვალა მისი ერთადერთი ვაჟი გიორგი. ეს მარინასათვის უდიდესი მეხისდაცემა იყო. მან ჩათვალა, რომ მისი ცხოვრება დამთავრდა და საჭმლის მიღება აკრძალა. სახლში მოიყვანა მისი შვილის პიტბული და ამბობდა, რომ გიორგისგან ესღა დამრჩაო... როგორც მეგობრებმა მითხრეს, შაქარმა აუწია და ხანდახან გონებასაც კარგავდა.

  • როგორც ჩანს, ეზოში გახდა ცუდად და პიტბულმა დაასახიჩრა და დაგლიჯა უბედური ქალი. რამდენიმე საათი იყო ეზოში და სისხლად იცლებოდა. როცა პოლიცია მოვიდა, ერთ-ერთ პოლიციელსაც დაესხა თავს, იგი ცუდად გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. ახლახანს მეგობარმა დამირეკა ნიუ-იორკიდან - ამერიკის ტელევიზიები სულ ამაზე ლაპარაკობენო და კიდევ ერთი ფაქტი: ლონგ აილენდში აღმოაჩინეს 3000 -მდე გაუფორმებელი ძაღლი, ძირითადად პიტბულები, რომლებიც საშიშროებას წარმოადგენდნენ და ჩამოართვეს პატრონებს.

ბევრი რამ მახსენდება, მაგრამ ძალიან მტკივნეულია ყოველივე ეს ჩემთვის! მარინა გაბუნია მუდამ იცოცხლებს ჩემს გულსა და მეხსიერებაში!