ავტორი:

"სააკაშვილი პოლიტიკაში დღეს ხელისუფლებას უფრო სჭირდება, ვიდრე ოპოზიციას" - რამდენად რეალურია ექსპრეზიდენტის ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესაძლებლობა?

"სააკაშვილი პოლიტიკაში დღეს ხელისუფლებას უფრო სჭირდება, ვიდრე ოპოზიციას" - რამდენად რეალურია ექსპრეზიდენტის ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესაძლებლობა?

რამდენიმე დღეა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ექსპრეზიდენტი ემიჯნება ქართულ პოლიტიკას, "ნაცმოძრაობიდანაც“ მიდის და ეს მისი მხრიდან დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. "მან თქვა, რომ დღის წესრიგიდან გამომდინარე, იმდენად საფრთხის მატარებელია მისი მდგომარეობა, რომ ყველანაირი პოლიტიკისგან ითავისუფლებს თავს და მისახედი აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მას არ აინტერესებს არც "ნაციონალური მოძრაობა“ და არც ქართული პოლიტიკა. მისი პოზიცია ნათელია, რომ პოლიტიკაში ყოფნა არ უნდა, რაც ნიშნავს, რომ არც "ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნა უნდა. თუ მისი სრული რეაბილიტაცია მოხდება, ამის შემდეგ ხანგრძლივი პერიოდია საჭირო. პოლიტიკაში თუ დაბრუნდება, მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის პოლიტიკაში და არავითარ შემთხვევაში საქართველოში“,- ამბობს ექსპრეზიდენტის ადვოკატი ვალერი გელბახიანი.

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე და ადვოკატების განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, რომ ეს მისი ადვოკატების ტაქტიკაა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ ნიკა მელიამ სააკაშვილის "საიდუმლო ფორმულა" გათქვა.

"ნაციონალურ მოძრაობაში“ ეჭვქვეშ აყენებენ საკაშვილის ადვოკატების განცხადებებს და მესამე პრეზიდენტისგან ოფიციალურად ამ ინფორმაციის დადასტურებას ელოდებიან. თუმცა აქვე ამბობენ, რომ ახლა ყველაზე მთავარი ექსპრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაა, რის შემდეგაც ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკური კარიერის შესახებ. "შეუძლებელია ჯანმრთელობის ამ მდგომარეობით სააკაშვილი იყოს ჩართული პოლიტიკაში, ან ნებისმიერ სხვა საქმეში. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ეს ჰუმანიტარული საკითხია გადასაწყვეტი. ადამიანი, რომელიც არის პერმანენტული წნეხის ქვეშ კანიბალური რეჟიმის მხრიდან, როგორსაც წარმოადგენს ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა, უნდა გავიდეს ისეთ გარემოში, სადაც მის ჯანმრთელობაზე იზრუნებენ“, - ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური.

სასჯელის გადავადება, რასაც სააკაშვილის ადვოკატები მოითხოვენ, სამართლებრივი ფორმაა, მაგრამ ამ ფორმას ხელისუფლება, სავარაუდოდ, მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის თუ გამოიყენებს. ისმის კითხვა, რა შემთხვევაში შეიძლება ეს გააკეთოს "ოცნებამ“? - სააკაშვილი "ნაცმოს" თუ გაემიჯნება, ეს, ცხადია, მის პარტიას ელექტორალურად ფასს დაუგდებს. ჩვენ ადვოკატების პირით გვესმის, რა შემთხვევაში შეიძლება ეს გააკეთოს სააკაშვილმა, მაგრამ თავად ექსპრეზიდენტი განცხადებას აგვიანებს. როგორც ამბობენ, ის ამას გააკეთებს, თუ მას ექნება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვების პირობა. არის თუ არა ეს გარიგების ნაწილი და რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის პოლიტიკიდან დისტანცირებამ, ამაზე ambebi.ge-სთან პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს:

"ჩემი აზრით, ეს განცხადებებები ადვოკატებმა გააკეთეს მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილს გარკვეული დრო ჰქონოდა ნიადაგი მოესინჯა, რა რეაქციას გამოიწვევდა ასეთი განცხადება ცალკე საზოგადოებაში და ცალკე - ხელისუფლებაში. ამბობენ, რომ სააკაშვილი ცუდად არის, მაგრამ არც ისე ცუდად, რომ განცხადების გაკეთება ვერ შეძლოს. ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ განცხადებების შემდეგ გარკვეული კულუარული მოლაპარაკებები იყოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებთან...

როგორც ჩანს, სააკაშვილი ყველა მეთოდს იყენებს და მზადაა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, თუ სანაცვლოდ გადაუვადებენ სასჯელს და უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვებენ. ეს იქნება გარიგება, სხვაგვარად რა მოლპარაკება შეიძლება იყოს? სააკაშვილი გარიგებას სთავაზობს ხელისუფლებას, მოტივი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, ის სთავაზობს ხელისუფლებას, რომ უარს ამბობს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობაზე და სანაცვლოდ მას გაუშვებენ სამკურნალოდ საზღვარგარეთ. მე პირადად, პრობლემა არ მაქვს, თუ გაუშვებენ, მაგრამ ეჭვი მაქვს, ხელისუფლება ამას არ იზამს. სააკაშვილი რომ პოლიტიკის გარეშე ვერ გაძლებს, ეს ათმა წელმა დაადასტურა, რამდენად სანდოა მისი სიტყვა, არც ვიცი. იქნება ის ციხეში, თუ - უცხოეთში, გააკეთებს ამ განცხადებას, თუ - არა, სააკაშვილი მუდამ იქნება ფაქტორი "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის გარკვეული ნაწილისთვის. ჩემი აზრით, მას მერე, რაც ის აქ ჩამოვიდა, მისი პოლიტიკური რეიტინგი საკმაოდ დაეცა. რეალობა აქ ასეთია: სააკაშვილი დადგა ალტერნატივის წინაშე, რომ ქუჩიდან მისი გათავისუფლება ვერ ხერხდება, ეს არის ფაქტი. არ ვიცი, ნიკა მელიას პარტიის შიგნით ვინ რას საყვედურობს, მაგრამ მოყოლებული ოქტომბრიდან დღემდე,"ნაციონალურმა მოძრაობამ" სცადა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა ქუჩაში, მაგრამ ამან შედეგი არ მოიტანა. ახლა ის ასეთი ალტერნატივის წინაშე დგას - ან უნდა ეს განცხადება გააკეთოს და გათავისუფლდეს ციხიდან, ან მას ემუქრება ციხეში ყოფნა. არის მეორე ფაქტორი - 4-5 თვე მაინც იქნება, გორის ჰოსპიტალიდან მოყოლებული, მუდმივად არის ლაპარაკი იმაზე, რომ მიშას სასწრაფოდ თუ არ გადაიყვანენ, მოკვდება და ა.შ. თავიდან ეს ფაქტორი მუშაობდა, მერე აღმოჩნდა, რომ ის ცოცხალია (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს). ანუ ეს ფაქტორიც მოიშალა და დარჩა ერთადერთი - გააკეთოს განცხადება, რომ მიდის ქართული პოლიტიკიდან და მოიპოვოს სამკურნალოდ თავისუფლება.

ჩემი აზრით, ხელისუფლება ამაზე არ წავა. ის გადადგამს ამ ნაბიჯს მხოლოდ მაშინ, თუ მართლა სერიოზულად დადგა მისი ჯანმრთელობის საკითხი. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას "ვივამედიდან“ აქვს ყველა მონაცემი და პარამეტრი სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ. ხელისუფლება მაშინ გადადგამს ამ ნაბიჯს, თუ რეალურია ფატალური შედეგი, სხვა შემთხვევაში ის ამას არ გააკეთებს, ვინაიდან მას სააკაშვილი სჭირდება ისევე, როგორც 10 წელი სჭირდებოდა და რაც უფრო დაეცემა მისი პოლიტიკური ავტორიტეტი, მით უკეთესი იქნება ხელისუფლებისთვის. ერთი სიტყვით, ხელისუფლებას სააკაშვილის ფაქტორი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდება. ამასთანავე, გარკვეული დაპირისპირება ხდება "ნაციონალურ მოძრაობაშიც" და არ გამოვრიცხავ, ეს მოძრაობაც ორად გაიყოს“.

ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან გამიჯნვას თავად "ნაცონალურ მოძრაობაში" , რა პერსპექტივა რჩება მის პარტიას, ასევე, რა ბედი ელის "ოცნებას, ეს მოვლენა გააძლიერებს, თუ პირიქით - დაასუსტებს ოპოზიციას და საერთოდ, შეცვლის თუ არა პოლიტიკურ ამინდს საქართველოში სააკაშვილის პოლიტიკური ავანსცენიდან გასვლა.

"ჯერჯერობით, "ოცნება“ კარნახობს თამაშის წესებს მთელ ოპოზიციას. ოპოზიცია არის სრულიად ქაოტურ მდგომარეობაში, დაბნეულია და არ აქვს ჩამოყალიბებული არანაირი მიმართულება, არ გააჩნია სტრატეგიული გეგმა და მიდის ქაოსური პროცესი. ამიტომაც "ქართული ოცნება“ დღეს არის მშვიდად ძალაუფლების შენარჩუნების მხრივ. როგორი იქნება პროცესი სექტემბრიდან, ვნახავთ, მაგრამ ამ არსებული ვითარებიდან არ მგონია, რაიმე გამოადნოს ოპოზიციამ, არ არიან ამისკენ მომართული, დგამენ არასწორ ნაბიჯებს და თავისი ქმედებებით პირიქით, ხელს უწყობენ იმას, რომ "ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში.

რაც შეეხება საზოგადოებას, სადღაც 55-60% შეიძლება იყოს ოპოზიციური, მაგრამ ის არ არის ერთიანი. ის ხალხი, ვინც სააკაშვილის ამომრჩეველია, ვიდრე სააკაშვილი ასე ფიგურირებს, სხვა ოპოზიციური ამომრჩეველი მის ამომრჩეველთან ერთად არ იქნება არჩევნებზე. ოპოზიციის ელიტის გაერთიანება არ გამოიწვევს ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანებას, ამას ვერ ხვდება ოპოზიცია ამდენი ხანია. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს ელექტორატის იმ ნაწილზე, რომელიც ბრმად ენდობა სააკაშვილს, ის მისთვის ფაქტორი, იქნება ციხეში, თუ - გარეთ. ამას ემატება კიდევ მეორე ნაწილი, რომელმაც მშვენივრად იცის რა ხდება, ვგულისხმობ, პარტიის ელიტას. "ნაციონალურ მოძრაობაში" ახლა მიდის ბრძოლა, ვინ იქნება სააკაშვილის ელექტორატის მემკვიდრე, ამიტომ მელიას წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, რომ მან ყველაფერი არ გააკეთა, შეფარვით იმ ამომრჩევლის გულის მოგებაა, რომელიც სააკაშვილს ბრმად ემორჩილება და მას აძლევს ხმას. ამიტომაც ვვარაუდობ, რომ პარტია შეიძლება ორად გაიყოს.

ამიტომ ჯერჯერობით, ვიდრე ოპოზიცია ასეთ დიფუზიურ მდგომარეობაშია, მანამდე "ქართულ ოცნებას“ მშვენივრად შეუძლია აკრიტიკოს აშშ-ს ელჩიც, ევროკავშირიც, კონგრესიც და ყველა. მას შიგნით საფრთხე არ ემუქრება.

ივანიშვილიც და მისი პარტიაც აქამდე სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" დემონიზებით ინარჩუნებს ძალაუფლებას, ამიტომ სააკაშვილი ციხიდან რომც გაუშვან, პოლიტიკიდან არ გაუშვებენ, თავად "ოცნება“ არ გაუშვებს, ამას რა დიდი მიხვედრა უნდა... როგორც კი მიშა თავისუფლებაზე გავა, მაქსიმუმ 2 თვე შეინარჩუნოს სიმშვიდე. ყველა არჩევნებზე, სადაც კი დღემდე ერთი-ერთზე დარჩა "ოცნება“ და "ნაციონალური მოძრაობა“, იმ ამომრჩეველმა გადაწყვიტა არჩევნების ბედი, რომელსაც "მიშა მოვათი" აშინებდნენ.

"ქართულ ოცნებას“ სააკაშვილი მინიმუმ 2024 წლამდე სჭირდება ციხეში. ერთადერთი მას ალბათ გაუშვებენ, თუ მართლა სერიოზულად დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სხვა შემთხვევაში მიშა დარჩება ციხეში და დატოვებენ პოლიტიკაში. ის დღეს ხელისუფლებას უფრო სჭირდება, ვიდრე ოპოზიციას...“, - ამბობს პოლიტოლოგი.