ავტორი:

თურქი მერილ სტრიპი - ვინ არის სერიალების ვარსკვლავი ქართული ფესვებით, რომელსაც უბერებელს უწოდებენ - 78 წლის ნებაჰათ ჩეჰრეს ვარსკვლავური ცხოვრება და სკანდალები

თურქი მერილ სტრიპი - ვინ არის სერიალების ვარსკვლავი ქართული ფესვებით, რომელსაც უბერებელს უწოდებენ - 78 წლის ნებაჰათ ჩეჰრეს ვარსკვლავური ცხოვრება და სკანდალები

ნებაჰათ ჩეჰრეს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ თურქი მერილ სტრიპი, რადგან ის თავის ქვეყანაში დაფასებული და პატივსაცემი მსახიობია.

როდესაც პირველად ეკრანებზე სერიალი "დიდებული საუკუნე“ გამოჩნდა, სწორედ მაშინ გაარკვია ქართულმა საზოგადოებამ, რომ ქალს მამის მხრიდან ქართული ფესვები ჰქონდა. მსახიობი 1944 წელს, აჭარელი მუჰაჯირის, იურისტ იზეთ ჩეჰრეს ოჯახში დაიბადა. გოგონა 5 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად საცხოვრებლად სამსუნიდან სტამბოლში გადავიდა.

ნებაჰათმა იმდენად მძიმედ გადაიტანა მამის დაკარგვა, რომ მომავალში, უმცროსი ძმისგან განსხვავებით, დიდი გაჭირვებით მიიღო დედის ახალი ქმრები. ის ძალიან მორცხვი იყო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ 15 წლის ასაკში "მის თურქეთის“ ტიტული მოეპოვებინა, რამაც მას ახალი, ნათელი და საინტერესო ცხოვრების კარი გაუღო.

ახალგაზრდა გოგონას სილამაზით ინტერესდებოდნენ პროდიუსერები, სარეკლამო აგენტები. სთავაზობდნენ კონტრაქტებს სამოდელო ბიზნესში მონაწილეობისთვის. მსახიობობამდე იყო მოდელობა და ადრეულ ასაკში ესტრადაზეც კი სცადა ბედი.

  • ნებაჰათ ჩეჰრეს პირადი ცხოვრება

მსახიობი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად ცოლად კოლეგა მსახიობსა და სცენარისტ ილმაზ გიუნის გაჰყვა. მამაკაცი თურქეთში ცნობილი მსახიობი გახლდათ. ის ორჯერ იყო დაჯილდოვებული ოქროს ფორთოხლითა და ოქროს პალმის რტოთი.

ნებაჰათი და მისი პირველი ქორწინება

მათი ქორწინება მალე დასრულდა, ორმა ძლიერმა ადამიანმა ერთად ცხოვრებას ვერ გაუძლო. XX საუკუნის 70-იან წლებში ქალი სტამბოლის საკალათბურთო კლუბ გალათასარაის სპორტსმენ იავუზ დემირთან შენიშნეს, თუმცა ჩეჰრემ მამაკაცი რამდენიმე წელიწადში მიატოვა, მიზეზი კი როლები იყო. მაშინ ნებაჰათმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მისთვის პირადი თავისუფლება და საყვარელი საქმე უფრო მნიშვნელოვანი იყო.

ნებაჰათ ჩეჰრე თავის მეორე ქმართან, იავუზთან ერთად

"ორჯერ ვიყავი გათხოვილი და ახლა მხოლოდ კარგ მოგონებებს ვინახავ იმ მამაკაცების შესახებ, რომლებიც ჩემთან იყვნენ მწუხარებაში და სიხარულში. მაგრამ ისე მოხდა, რომ მომიწია არჩევანის გაკეთება ჩემს საყვარელ საქმესა და მამაკაცებს შორის, უფრო სწორად, მათ დამაყენეს ამ არჩევანის წინაშე. ასეთ პირობებში ვერც კი ვიფიქრებდი ბავშვის გაჩენაზე. მადლობა ბედს, რომ გამომიგზავნა ვალიდე სულთნის როლი "დიდებულ საუკუნეში“. როდესაც ფილმში მონაწილეობა შემომთავაზეს, ძალიან გამიხარდა, რომ შემეძლო მეთამაშა როგორც 18 წლის, ისე 35 წლის ადამიანის დედა“.

  • ნებაჰათ ჩეჰრეს შემოქმედებითი გზა

60-იან წლებში ქალი მინიმუმ 7 ფილმში გადაიღეს. მისი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსა. თუმცა 70-იანი წლების შემდეგ ნებაჰათის კინოცხოვრებაში დიდი პაუზა იყო, რადგან გათხოვდა და დედამისისა და მრავალი თურქი ქალის მსგავსად, ოჯახურ ცხოვრებას მიუძღვნა თავი.

2000-იან წლებში ნებაჰათ ჩეჰრე ისევ დაბრუნდა გადასაღებ მოედანზე. 2006-2008 წლებში პოპულარულ თურქულ სერიალებში ითამაშა, როგორებიცაა "გულგატეხილი“ და "აკრძალული სიყვარული“. მისი თავბრუდამხვევი კარიერა კი "დიდებული საუკუნის“ გამოსვლის შემდეგ დაიწყო, სადაც სულთან სულეიმანის დედის, ვალიდეს როლი ითამაშა.

2013 წელს მსახიობმა ითამაშა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თურქული სერიალის რიმეიქში - "მომღერალი ჩიტი“, რომელიც რეშად ნური გიუნთექინის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს. მისი პარტნიორები გადასაღებ მოედანზე იყვნენ ბურაკ ოზჩივიტი, ფაჰრიე ევჩენი, ბეგუმ კუტუკი, მეჰმეთ ოზგურ და სხვები.

78 წლის მსახიობი საოცარ ფორმაშია. "ინსტაგრამზე" აქტიურობს და არაჩვეულებრივად გამოიყურება.

მისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ მედიაში ივლისში გამოქვეყნდა, სადაც გულწრფელად ისაუბრა ვალიდეს როლზე და სერიალზე, რომელიც მოდიდან არასოდეს გადადის. აღმოჩნდა, რომ როგორც სერიალში, ისე გადასაღებ მოედანზე ძალიან აღიზიანებდა ჰიურემის როლის შემსრულებელი მერიემ უზერლი.

  • ნებაჰათი ამაყობს ვალიდეს როლით

როდესაც მსახიობმა შეიტყო, რომ თურქეთში სულთან სულეიმანის ცხოვრებისადმი მიძღვნილი მასშტაბური სერიალის გადაღებას აპირებდნენ, აღფრთოვანებული დარჩა, რადგან მისი აზრით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო მსგავსი ტიპის პროექტი. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც აუდიენციაზე წავიდა, როლს დათანხმდა და მონაწილეობა მიიღო ნამდვილი ლეგენდის შექმნაში.

როდესაც ქალი ვალიდე სულთნის როლზე დაამტკიცეს, ის უზომოდ ბედნიერი იყო, თუმცა ესმოდა, რომ მას დიდი ძალისხმევა მოუწევდა, რათა ოსმალეთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ვალიდეს როლი კარგად შეესრულებინა. დღეს უკვე ფიქრობს, რომ როგორც რეჟისორის, ისე პროდიუსერებისა და მაყურებლის მოლოდინები გაამართლა.

  • რაც შეეხება ვალიდესა და ჰიურემის რთულ ურთიერთობას, ნებაჰათის თქმით, მისთვის რთული არ იყო თამაში, რადგან ის თავიდანვე უარყოფითად იყო განწყობილი მერიემ უზერლის მიმართ. ჩეჰრე ახალგაზრდა მსახიობს "ევროპელ ბავშვს" უწოდებდა. მას არ მოსწონდა გადამეტებული ხმაური, რომელსაც მერიემი გადასაღებ მოედანზე ქმნიდა, ისევე როგორც მისი დიდი მოთხოვნები ანაზღაურებასა და სამუშაო პირობებზე. მისი თქმით, ცდილობდა სულთნის ნამდვილი დედის ადგილას დაეყენებინა თავი. და, როგორც ჩანს, ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა, რადგან მერიემი მისი სახელის გაგონებაზე კრთებოდა.

მსახიობის თქმით, მის მიმართ უარყოფითად კიდევ ერთმა ფაქტორმა განაწყო, კონკრეტულად კი იმ ფაქტმა, რომ მერიემ უზერლიმ შვილები ქორწინების გარეშე გააჩინა, რაც მისი აზრით, მუსლიმი ქალისთვის მიუღებელია. ამდენი ნეგატივის მიუხედავად, ჩეჰრემ აღიარა, რომ სულთნის დღესასწაულზე მოცეკვავე უზერლის შეხედვისას, მიხვდა, რომ მის როლს მერიემზე უკეთ ვერავინ ითამაშებდა.

ნებაჰათი ამჯერად არცერთ პროექტში არ არის დაკავებული. თურქი ლეგენდა ქართული ფესვებით პერიოდულად მილიონამდე თაყვანისმცემელს "ინტაგრამის" საშუალებით ეკონტაქტება და ფოტოებს უზიარებს.