ავტორი:

"ასპარეზზე გამოსული "ხალხის ძალა“ სინამდვილეში ნიშნავს ივანიშვილის უძალობას" - დავით უსუფაშვილი

"ასპარეზზე გამოსული "ხალხის ძალა“ სინამდვილეში ნიშნავს ივანიშვილის უძალობას" - დავით უსუფაშვილი

ასპარეზზე გამოსული "ხალხის ძალა“ სინამდვილეში ნიშნავს ივანიშვილის უძალობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც "ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის, "ხალხის ძალის“ დაფუძნებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, უნდა ველოდოთ, რომ ივანიშვილი ევროპას ენას დაურბილებს და "ქართულ ოცნებაში“ წინ წამოიწევიან პირები, რომლებიც იტყვიან, რომ დასავლეთში ინტეგრაცია სურთ.

"მას უკვე დასჭირდა ამ ტიპის მანევრები, რომ ამომრჩევლის ყველა სეგმენტი როგორმე შეინარჩუნოს, რადგან კატასტროფული კლებაა "ოცნების“ მხარდამჭერთა იმ ნაწილში, რომელსაც საქართველო წარმოუდგენია თავისუფალი ევროპული ოჯახის წევრად. ახლა ივანიშვილი შეეცდება ერთი მხრივ ევროპას დაურბილოს ენა. როგორც ჩანს, ისეთი პირები წამოვლენ წინა პლანზე, რომლებიც დაიფიცებენ, რომ ევროპა უნდათ, ხოლო ის ხალხი, ვისზეც რეალურად აპირებს დაყრდნობას, ასეთი მანევრებით გაიყვანა გვერდზე. ეს სრულიად გასაგები ტაქტიკური ნაბიჯია, მაგრამ ეს მიუთითებს უძალობაზე და არა უძლეველობაზე.

”ქართული ოცნების“ ამ პოლიტიკაზე ელჩებთან დაკავშირებით, მცირე ხანში ნათელი გახდება საპარლამენტო ოპოზიციის დამოკიდებულება, მეც ვარ ამ პროცესის თანამონაწილე და ჩვენი პოზიცია იქნება ღია და ნათელი,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.