ავტორი:

გამწვავებული ვითარება მთიან ყარაბაღში - რას აცხადებენ მხარეები და რა ხდება კონფლიქტის ზონაში

გამწვავებული ვითარება მთიან ყარაბაღში - რას აცხადებენ მხარეები და რა ხდება კონფლიქტის ზონაში

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში რამდენიმე ადგილას კონტროლი მოიპოვეს.

მათივე ცნობით, აზრბაიჯანის არმიამ კონტროლი მოიპოვა გირჰგიზისა და სარიბაბას სიმაღლეებსა და ასევე ყარაბაღის ქედის გასწვრივ.

"განადგურებულია სომხური შეიარაღებული ფორმირებების რამდენიმე პოზიცია. ასევემ იუხარი ორატაღის დასახლებაში სამხედრო ნაწილზე განხორციელდა ავიაიერიში, რის შედეგადაც განადგურდა და დაშავდა ცოცხალი ძალა, რამდენიმე ჰაუბიცა, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები და საბრძოლო მასალები“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

ამასთანავე, სომხურ მედიაში წერენ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 აგვისტოს 09:00 საათზე. მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანმა გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები და ყუმბარმტყორცნები.

  • დაძაბულობის გამწვავებას უკვე მოჰყვა პირველი განცხადებები საერთაშორისო არენაზე. ევროკავშირი ავრცელებს განცხადებას, სადაც აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკების მაგიდისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

"ევროკავშირი მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. სამწუხაროდ, შეტაკებებს მსხვერპლი უკვე მოჰყვა და დაშავებულებიც არიან. აუცილებელია დეესკალაცია, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სრული დაცვა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნება, რათა შესაბამისი გადაწყვეტილებების გზები მოიძებნოს. ევროკავშირი ერთგული რჩება, დაეხმაროს დაძაბულობის დაძლევაში და განაგრძოს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის". - წერია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადება გაკეთდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც, სადაც აღნიშნავენ, რომ მთიან ყარაბაღში ვითარება უარესდება.

ცნობისთვის, 2020 წლის მიწურულს 6-კვირიანმა ომმა 6500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მაშინ ცეცხლი რუსეთის შუამოვლობით შეწყდა, თუმცა დროდადრო კონფლიქტის ზონაში ვითარება უარესდება.