ავტორი:

"იტირა ექიმმა, როდესაც ხატია ნახა, რა გაუკეთეს ასეთიო... ქართველმა ექიმებმა ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიცილეს თავიდან" - რა მდგომარეობაში გოგონა, რომელიც ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა?

"იტირა ექიმმა, როდესაც ხატია ნახა, რა გაუკეთეს ასეთიო... ქართველმა ექიმებმა ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიცილეს თავიდან" - რა მდგომარეობაში გოგონა, რომელიც ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა?

4 წლის წინ ხატია თვაურის ცხოვრება ერთ დღეში შეიცვალა. გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში, საკუთარი ფეხით მივიდა, რათა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაეკეთებინა. მისი ოცნება ოცნებად დარჩა, რადგან 2017 წლის 7 სექტემბრის შემდეგ, გოგონა კომაშია, მას ოპერაციის შემდეგ გული გაუჩერდა...

თავდაპირველად ხატიას ოჯახს იმედი არ დაუკარგავს, თუმცა საქართველოში გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ არ წავიდა. მას შემდეგ, კი, როდესაც ოჯახს ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოეწურა, იძულებული გახდნენ, საქართველო დაეტოვებინათ და საფრანგეთში ლტოლვილად ჩაბარებულიყვნენ. უკვე რამდენიმე წელია ოჯახი საფრანგეთში ცხოვრობს.

"პალიტრავიდეოსთან" ხატიას დედა თეო სიდამონიძე ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარეობა ივლისში იმდენად დამძიმდა რომ ქირურგიული ჩარევაც კი გახდა საჭირო.

"ხატიას გასტროზონდი აქვს მუცელში, რომელმაც გაჟონა და ინფექცია განვითარდა. სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს, სამი საათი ჰყავდათ შეყვანილი. ერთი თვე ვიწექით საავადმყოფოში და ახლა უკეთესად არის", - ამბობს თეო სიდამონიძე.

დედის თქმით, ფრანგი ექიმები ყველანაირად ცდილობენ ხატია ფეხზე დააყენონ, მაგრამ ოჯახისთვის იმედის მიცემა უჭირთ...

"ერთი კვირის წინ სტრასბურგში ყველაზე საუკეთესო ნევროლოგი მყავდა. იტირა ამ ქალმა როდესაც ხატია ნახა, რა გაუკეთეს ამ ბავშვს ასეთი, როგორ მინდა ფეხზე დავაყენოო. ქართველმა ექიმებმა ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიცილეს თავიდან. ყველას ყველაფერი მიეზღვება. როგორც ჩვენ გაგვამწარეს და გაგვაუბედურეს... დღე და ღამე ვუვლი მწოლიარე ბავშვს. სიცოცხლით სავსე შევიყვანე საავადმყოფოში და გამოვიყვანე რა? - ვერაფერს მაგებინებს. ერთადერთი ხმებზე აქვს ახლა რეაქცია, ჩემი, მეუღლისა და ოჯახის წევრების ხმას ცნობს... ვარსებობ, რა... რა მაცოცხლებს, არ ვიცი..." - ამბობს დედა.