ავტორი:

რა სჭირდება უკრაინას ყირიმის ხიდის გასანადგურებლად - "წამყვანი როლი შორი დისტანციის რაკეტებმა უნდა შეასრულონ"

რა სჭირდება უკრაინას ყირიმის ხიდის გასანადგურებლად - "წამყვანი როლი შორი დისტანციის რაკეტებმა უნდა შეასრულონ"

"ყირიმის ხიდის დანგრევა მოითხოვს კომპლექსურ და მრავალვექტორულ ოპერაციას, ერთი შორი მანძილის ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტის გაშვება საკითხს ვერ გადაჭრის“, - განაცხადა კონფლიქტის დაზვერვის ჯგუფის მკვლევარმა კირილ მიხაილოვმა რადიო NV-ის ეთერში.

მისი თქმით, უკრაინის არმიას მოუწევს უპილოტო საფრენი აპარატების, ავიაციისა და შესაძლოა დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების გამოყენებაც.

”ეს საკითხი შეიძლება გადაწყდეს და ამაში წამყვანი როლი შორი დისტანციის რაკეტებმა უნდა შეასრულონ. მაგრამ ეს ბევრად უფრო რთულია. ვიდრე ღილაკის დაჭერა და ხიდის დანგრევა, სამწუხაროდ“, - ამბობს ის.

მიხაილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვას შეუძლია ჩამოაგდოს ზოგიერთი HIMARS-ის ტიპის რაკეტა, მაგალითად, ხუთიდან ერთი, თუმცა ის უძლურია GMLRS-ის რაკეტების წინააღმდეგ.

"ხვალაც რომ მიიღოს უკრაინამ ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტა, უპირველეს ყოვლისა, საჭირო იქნება რუსული საჰაერო თავდაცვის განადგურება, განეიტრალება, GMLRS რაკეტებს ამის უნარი აქვთ. ჩვენ ვნახეთ რუსული S-300 ბატარეის განადგურება, სარადარო სადგურების განადგურება... მე მჯერა, რომ ეს არის ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების გამოყენების წინაპირობა”, - თქვა CIT-ის ანალიტიკოსმა. მისივე პროგნოზით, ამის შემდეგ, უკრაინის მთელი დროებით ოკუპირებული ტერიტორია, მათ შორის ყირიმი, იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების ხანძრის განადგურების ზონაში, რაც ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

როგორც UNIAN-ი იტყობინებოდა, 16 ივლისს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდს "ბოიკოს კოშკების“ ბედი ელის.

ambebi.ge-სთან სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ყირიმის ხიდის მნიშვნელობასა და მისი მწყობრიდან გამოყვანის საშუალებებზე საუბრობს:

"2014 წელს, უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ, რუსეთის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ამ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნა და მისი მომარაგება წარმოადგენდა. მანამდე რუსეთიდან ტვირთის მხოლოდ საზღვაო (ნოვოროისიისკიდან) და საჰაერო გზით შეტანა ხორციელდებოდა, ვინაიდან სახმელეთო გზა არ არსებობდა. შემდეგ რუსეთმა დიდი თანხები ჩადო და რამდენიმე წლის წინ ააშენა ყირიმის ხიდი, რომელიც შედგება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ნაწილისგან. ყირიმის ნახევარკუნძული არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული ადგილი, სადაც განლაგებულია უამრავი სამხედრო ნაწილი, აეროდრომები და ა.შ.

რუსეთ-უკრაინის ახალი ომის დაწყების წინ, ყირიმს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ თვალსაზრისით, რომ აქედან მარაგდებოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხრეთ მიმართულება, რომელიც შეიჭრა ხერსონში, მელიტოპოლში, ბერდიანსკში. მას შემდეგ, რაც რუსებმა აზოვის ზღვის სანაპირო და ეს ქალაქები დაიპყრეს, მათ უკვე გაჭრეს სახმელეთო გზა როსტოვის ოლქიდან აზოვის ზღვის სანაპიროს გავლით ყირიმისკენ. ამიტომ დღეს ყირიმის ხიდს შეიძლება იმხელა მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინც სერიოზული საკომუნიკაციო საშუალებაა რუსეთისთვის. ყირიმის ხიდის მწყობრიდან გამოყვანა ძალიან რთულია, თუნდაც წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, რადგან დაახლოებით 19კმ. სიგრძის ხიდი აგებულია კაპიტალურად, ბურჯებზე, რაც წყალზე გადის, მაგრამ ძირითადი თაღი 300 მეტრამდეა, რომლის ქვეშაც გადიან სავაჭრო გემები და სამხედრო ხომალდები შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში, ან - პირიქით. მისი სიმაღლე დაახლოებით 80მ-ია.

უკრაინელების მიზანია ეს ადგილი გამოყვანილ იქნას მწყობრიდან, რისთვისაც საჭიროა ან წყალქვეშა დივერსია - ბურჯების დაზიანება-აფეთქება ან საჰაერო გზით - ფრთოსანი, ან ბალისტიკური რაკეტებით. რაც შეეხება საჰაერო თავდაცვას, იქ არის მობილიზებული რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები, პლუს ახლა დააყენეს დამატებითი თავდაცვის საშუალებები - რადიოლოკაციური ამრეკლები და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ხიდის გარშემო უშვებენ კვამლის ფარდას (თუ გაიგებენ, რომ არის საჰაერო თავდასხმის საშიშროება, უშვებენ კვამლს), რათა მან დაფაროს ხიდი. გარდა ამისა, კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ უკრაინის ფრონტის ხაზი ამ ხიდამდე დაახლოებით 260-280კმ-ა და ზაპოროჟიედან შეიძლება მიწვდეს ის საშუალებები, რაც დღეს უკრაინას აქვს - ამ სიშორეზე მფრენი "ნეპტუნისა“ და "ჰარკუნის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები. თუმცა ეს რაკეტები გათვლილია ხომალდების დასაზიანებლად და ის, რომ მან კაპიტალურად აშენებული ხიდი ერთი დარტყმით გამოიყვანოს მწყობრიდან, ძალზე რთული იქნება. რაკეტები რომც ჩამოაგდონ და მათ მიაღწიონ ამ ხიდამდე, 1-2 რაკეტით ხიდის მწყობრიდან გამოყვანა რთულია, დანგრევით ვერა, მაგრამ ცოტა ხნით გამოიყვანენ მწყობრიდან.

რაც შეეხება "ატამაქსის“ ბალისტიკურ რაკეტას, რომელიც 300კმ.ზე აღწევს და რომელსაც უკრაინა ითხოვს, ამერიკა იმის შიშით არ აძლევს, რომ მერე უკრაინელებმა რუსეთის ქალაქები არ დაბომბონ. ეს რაკეტა უფრო ძლიერია და შეუძლია ხიდის მეტად დაზიანება, თუმცა არც ისაა 100%-იანი გარანტია. საერთოდ, ხიდის აფეთქება ერთ-ერთი ურთულესია“, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

როგორც ის გვეუბნება, ყირიმის ხიდის აფეთქებას აქვს როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო მნიშვნელობა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, საპასუხოდ რა შეიძლება მოჰყვეს რუსეთის მხრიდან, რომელიც არაფერზე იხევს უკან.

"ამ ხიდის აფეთქებას, პირველ რიგში, ექნება პოლიტიკური მნიშვნელობა, ვინაიდან ეს ხიდი არის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ანექსიის სიმბოლო. თავის დროზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა და მისმა პროპაგანდისტებმა ამ ხიდს ფილმები მიუძღვნეს იმ პროპაგანდისტული ხაზით, აი, რა მაგრები ვართ, რა ხიდი ავაგეთ, "ყირიმი დავიბრუნეთ“ და ა.შ.

სამხედრო თვალსაზრისითაც, რა თქმა უნდა, აქვს დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან ამხელა კომუნიკაცია მოიშლება, მაგრამ როგორც გითხარით, რუსეთს დღეს ვინაიდან დაპყრობილი აქვს მარიუპოლი, მელიტოპოლი, ბერდიანსკი, აზოვის ზღვის ნაპირას გადის სახმელეთო გზა, რომლითაც ისედაც შეუძლია ყირიმის მომარაგება. ყველა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხიდის მწყობრიდან გამოყვანა უკრაინელების საბრძოლო სულს ძალიან აამაღლებს და მოსახლეობაშიც დიდ იმედს ჩასახავს. ამის მერე, გასათვალისწინებელია რუსეთის საპასუხო ქმედებებიც - როგორც წესი, რუსეთი მერე, უკრაინის ცენტრალური ქალაქების დაბომბვას იწყებს ხოლმე“.

იხილეთ ასევე: