ავტორი:

"რა ქსენოფობია, ოკუპანტის მიუღებლობა რომ არსებობდეს, ეს გასაკვირია? გასაკვირი ისაა, ოკუპანტი დასასვენებლად რომ ჩადის იმ ქვეყანაში, რომლის 1/3 ოკუპირებული აქვს" - უსაფრთხოების ექსპერტი

"რა ქსენოფობია, ოკუპანტის მიუღებლობა რომ არსებობდეს, ეს გასაკვირია? გასაკვირი ისაა, ოკუპანტი დასასვენებლად რომ ჩადის იმ ქვეყანაში, რომლის 1/3 ოკუპირებული აქვს" - უსაფრთხოების ექსპერტი

ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი პიკს აღწევს და გასულ წელთან შედარებით, 340%-ით არის გაზრდილი. რა მიზნით შემოდიან ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები მასობრივად ჩვენს ქვეყანაში, ამის მონიტორინგი არ არსებობს. მეტიც, ხელისუფლება საფრთხეს ამაში ვერ ხედავს, მეტიც, ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ტურისტული ნაკადის გაზრდა მხოლოდ წაადგება ქართულ ეკონომიკას. მათთვის საფრთხეს არც რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენა და საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირება წარმოადგენს, არც ბინადრობის მოწმობის უპრობლემოდ მიღება.

ამ დროისთვის უცნობია, შემოსული 247 149 მოქალაქიდან რამდენმა დატოვა ქვეყანა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევა მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა. კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი, 7-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 13 500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის თვალსაზრისით აფერი განსაკუთრებული არ ხდება და კამპანია, რომელიც მიმდინარეობს, რუსების მიმართ ქსენოფობიაში გადაიზარდა. "რაც შეეხება რაოდენობას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და უფრო მეტიც, ვნახეთ, ამ კამპანიამ სადამდე მიგვიყვანა, ქსენოფობიურ კამპანიაში გადაიზარდა. გადაიზარდა იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე რუს მოქალაქეს ვიღაცამ ქვა ესროლა. ეს კამპანია სწორედ ამ ქსენოფობიას ახალისებს. მიკვირს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ამაში ჩართულია ზოგიერთი NGO. ქსენოფობიას აღვივებენ და მეტს არაფერს“, - ამბობს პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ საქართველო ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, რუსეთზე ყველაზე ნაკლებადაა დამოკიდებული და აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს.

შალვა პაპუაშვილი

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში რუსეთიდან (მოქალაქე, რეზიდენტი) 247 149 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64.3%-ით ნაკლებია. კერძოდ, 2019 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში რუსეთის 691 587 მოქალაქე/რეზიდენტი შემოვიდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 2019 წელთან შედარებით ვითარება რადიკალურად შეცვლილია, საფრთხეები კი გაზრდილი.

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით შეიქმნა პეტიცია, რომელსაც უკვე 11600-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. "დაწესდეს რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც წლის განმავლობაში რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეები 3 თვეზე მეტი დროით ვერ შეძლებენ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, რაც უზრუნველყოფს რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის საქართველოში მოგზაურობას", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ითხოვს პარტია "ლელოც“.

"ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა. შესაბამისი სტრუქტურები არ და ვერ აკონტროლებენ ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს. არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა იქნას მიღებული დროებითი ზომები, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლი: შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის; დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე - ვიზები გაიცეს პირდაპირ საზღვარზე ან/და ონლაინ; 30 დღეზე მეტი დარჩენის მსურველთათვის გაიცეს ვიზები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით“, - განაცხადეს "ლელოში“.

"ლელოს“ ინიციატივას სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით, გახარიას პარტიაც შეუერთდა. მიაჩნია რა, რომ ქვეყანაში რუსი მოქალაქეების მასობრივი შემოდინება რისკებს შეიცავს, პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ გადაიდგას ნაბიჯი დესტაბილიზაციის აღსაკვეთად და დაწესედეს სავიზო რეჟიმი რუსეთისა და ბელარუსისის მოქალაქეებისთვის 1-დან 3 თვემდე ვადით.

"ქართული ოცნება“ აღნიშნულ პეტიციას და ოპოზიციის მოთხოვნასაც ომში ჩათრევის პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს, რასაც უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ანდრო გოცირიძე არ იზიარებს და ambebi.ge - სთან ამ პროცესიდან მოსალოდნელ საფრთხეებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე საუბრობს:

"ოკუპანტი ქვეყნიდან მოქალაქეთა დიდი ნაკადი შეიძლება შეიცავდეს ძალიან ბევრ რისკს. ეს პირველ რიგში, შეიძლება იყოს სპეცსამსახურების მიერ ჯაშუშების, დივერსანტების, ან სხვა ტიპის დესტრუქციული ძალების შემოგზავნა, რაც სპეცსამსახურების მოქმედების კლასიკაა. შესაძლოა, დღევანდელი ჰიბრიდული საფრთხეების ფარგლებში განვიხილოთ ამ ყველაფრის ეკონომიკური ეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულ საკურორტო სეზონს შესაძლოა მყისიერი ფინანსური ეფექტი ჰქონდეს საქართველოს ღარიბი მოსახლეობისთვის, ან მცირე და მიკრო ბიზნესისთვის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აუცილებლად გამოიწვევს რუსულ ეკონომიკაზე მიბმას, რუსულ ტურისტულ ნაკადებზე დამოკიდებულებას, რასაც უფრთხიან არა თუ ჩვენი მსგავსი ქვეყნები, არამედ ისეთი მაღალგანვითარებული ქვეყნებიც, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და სხვა. რუსეთი ბერკეტად იყენებს ამ ეკონომიკურ აქტივობებს და ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ტურისტული ნაკადის აკრძალვით მოახერხებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყოს ჩვენი მოსახლეობა, რომელიც დამოკიდებული იქნება რუსულ ფულზე. ამას გარდა, ბუნებრივია, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები დიდი რაოდენობით ხვდებიან საქართველოში, აქ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროვოკაციებს და მოხდეს იმ ტიპის დაპირისპირება, რომელსაც რუსეთი გამოიყენებს, თითქოსდა, საკუთარი მოქალაქეების დასაცავად“.

ანდრო გოცირიძე

ანდრო გოცირიძე იზიარებს გავრცელებული პეტიციის პათოსს და ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას, რუსეთიდან შემოსული მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და გარკვეული რეგულაციები დაწესდეს. ამასთან, ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავლის სახით, ექსპერტს საკუთარი რამდენიმე თეზისიც აქვს.

"ზოგადად, მრავალი მეთოდი და მექანიზმი არსებობს ამგვარი სიტუაციის დასარეგულირებლად. კარგია, რომ პოლიტიკური პარტიები ჩაერთნენ ამ საკითხების განხილვაში, ინტელექტუალურ დავაში და კარგი იქნება, თუ ხელისუფლების მხრიდანაც გაიხსნება დისკუსია აღნიშნულთან დაკავშირებით. ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი ზუსტად ის საკითხია, რომლის გარშემოც უნდა ითანამშრომლოს აბსოლუტურად ყველა ძალამ, რომელიც არ არის აშკარად პრორუსული. ეს არის ბუნებრივი პროცესი. სახელმწიფოში არსებობენ ამ დარგის სპეციალისტები, რომლებმაც იციან, რა მიდგომები უნდა განხორციელდეს. ბუნებრივია, შემიძლია რამდენიმე ძირითადი თეზისი ჩამოვაყალიბო:

1. რუსეთის მოქალაქეების, რუსი ვიზიტორების მხრიდან უნდა შეიქმნას რაღაც განსაკუთრებული რეჟიმი, ვგულისხმობ, სახელმწიფოს მოქალაქეს და არამც და არამც ეროვნებას, რადგან ამ ყველაფერს, ბოლო დროს, ქსენოფობიის მანტია უნდათ რომ მოასხან. განსაკუთრებული რეჟიმი უნდა შეიქმნას, რომელიც გამორიცხავს რუსი მოქალაქეების უვადოდ გაჩერებას ჩვენს ტერიტორიაზე.

2. უნდა დარეგულირდეს რუსეთის მოქალაქის მხრიდან ბიზნეს-აქტივების, ან უძრავი ქონების შეძენა (არ ვგულისხმობ აკრძალვას, მხოლოდ - რეგულაციას), ესეც აპრობირებული გზაა ევროკავშირის ქვეყნებში.

3. აუცილებლად უნდა არსებობდეს იმ საფრთხეების ჩამონათვალი, რომელიც შესაძლოა ამგვარმა დიდმა ნაკადებმა გამოიწვიონ უსაფრთხოების ჭრილში, ოღონდ, ეს სპეციფიკური თემაა და ამაზე სპეცსამსახურებმა უნდა იმუშაონ.

4. წლების განმავლობაში, რუსეთი ბერკეტად იყენებს თავის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თავის გამომუშავებულ დანაზოგს აქ აგზავნიან და არჩენენ ოჯახებს. რასაკვირველია, ამას რუსეთი ყოველთვის გამოიყენებს ბერკეტად და არც ის მგონია, ქართველები ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს პუტინის რუსეთში. ამიტომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჩართულობით აუცილებლად უნდა შეიქმნას რუსეთში მცხოვრები და მომუშავე ქართველების რეპატრიაციის, რეინტეგრაციის სქემა, თუ როგორ ეხმარება მათ სახელმწიფო იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოინდომებენ საქართველოში დაბრუნებას, რადგან რუსეთში მათზე მუშაობს:

1. ეფ-ეს-ბე და პირდაპირ მათ გადაბირებას აწარმოებს.

2. ოკუპანტი ქვეყნის კულტურულ გარემოში ყოფნა მაინც და მაინც სასურველი არ არის, ვინაიდან ასეთ დროს ვითარდება ოკუპანტის მიმართ მიმღებლობა, რაც შემდგომში აუცილებლად აისახება ქვეყნის მოსახლეობის თავდაცვისუნარიანობასა და ბრძოლისუნარიანობაზე - ომს ვერ იგებს მარტო ჯარი და მთავრობა, მოსახლეობა თუ არ არის საბრძოლო სულისკვეთებით განწყობილი“, - ამბობს ექსპერტი.

იმაზე, რომ "ოცნება“ სავიზო რეჟიმის შემოღებას ომში ჩათრევის პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევს, ანდრო გოცირიძე გვეუბნება, რომ მაღალი რანგის პოლიტიკური პირების მხრიდან მსგავსი ნარატივი, ფაქტობრივად, სუვერენიტეტის დათმობა-დაკარგვას ნიშნავს.

"პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ამას ქსენოფობიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს არის, აბსოლუტურად, მცდარი განცხადება, რომელიც შიდა პოლიტიკური ინტერესების მიღწევაზეა გათვლილი. აქ საუბარია ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების უკონტროლო ჩამოსვლაზე იმ ქვეყანაში, რომლის მიმართაც მათ ორი საუკუნის განმავლობაში არაერთი აგრესია განუხორციელებიათ და უკანასკნელი 30 წლის განმვალობაში კი, მინიმუმ სამი ღია საბრძოლო მოქმედებები ჰქონდა ქვეყანასთან. ასეთ შემთხვევაში, ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ მიუღებლობაც რომ არსებობდეს, ამაში გასაკვირი არაფერია. გასაკვირი უფრო ისაა, რომ ოკუპანტი დასასვენებლად ჩადის იმ ქვეყანაში, რომლის 1/3 ოკუპირებული აქვს. ეს წარმოუდგენელი ამბავია. ქსენოფობიასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის მოქალაქეებზე და არა რომელიმე ნაციაზე. რუსი ერიდან დისიდენტები საქართველოში ოდითგანვე ჩამოდიოდნენ და ცხოვრობდნენ, დღესაც არსებობს რამდენიმე მათგანი. დასანანი უბრალოდ ის არის, რომ რუსების 80% დღეს პუტინის მოსაზრებების მიმდევარია, ყოველ შემთხვევაში, ამართლებს საქართველოს ოკუპაციას, აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თვლის. ამ ხალხის მიმართ ნეგატიური განწყობა, ბუნებრივია. უფრო მეტიც, უარესი იქნებოდა, თუ კი მოსახლეობას მისი ერთადერთი მტრის მიმართ მიმღებლობა ჩამოუყალიბდებოდა და ეს მტერი დღეს არის კრემლის რეჟიმი. როდესაც მაღალი რანგის პოლიტიკური პირები აცხადებენ, რომ თუ კი ჩვენ სავიზო რეჟიმს დავაწესებთ, მაშინ მეორე მხარე დაიწყებს ომს, ეს, ფაქტობრივად, სუვერენიტეტის დაკარგვას ნიშნავს იმიტომ, რომ თუ კი სახელმწიფოს იმის გადაწყვეტილების შესაძლებლობა არ აქვს, რომ მის მეზობელთან მიმოსვლის რეჟიმი დააწესოს, მით უმეტეს, მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან, მაშინ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სუვერენიტეტის ნაწილი ამ სახელმწიფოსთვის ჩაგვიბარებია. წარმოუდგენელია, თანამდებობის პირმა ეს განაცხადოს. მე უფრო ვფიქრობ, რომ ომის თემით სპეკულაცია-მანიპულაცია უფრო შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი და პოლიტიკური მოწინააღმდეგის განადგურებას უფრო ემსახურება მაშინ, როდესაც ჩვენი ყველა სტრატეგიული პარტნიორი მიგვითითებს, რომ სწორედ უსაფრთხოების საკითხებზე ყველა ძალამ, ყველა პოლიტიკურმა მხარემ ერთად უნდა იმუშაოს, რათა თავი დააღწიოს იმ რუსულ საფრთხეს, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ დასავლურ ცივილიზაციას ემუქრება, რომლის ორგანული ნაწილიც არის საქართველო“, - ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი.

იხილეთ ასევე: