ავტორი:

"როცა ირაკლის და ლიზას ამხელა სიყვარული თვალსაჩინო გახდა, არ ვიცი, რა ძალა უნდა ყოფილიყო, რომ აქ ნაკლი ეპოვათ" - გიორგი გილიგაშვილი ცნობილ ქორწილსა და დამარცხებულ დაავადებაზე

"როცა ირაკლის და ლიზას ამხელა სიყვარული თვალსაჩინო გახდა, არ ვიცი, რა ძალა უნდა ყოფილიყო, რომ აქ ნაკლი ეპოვათ" - გიორგი გილიგაშვილი ცნობილ ქორწილსა და დამარცხებულ დაავადებაზე

გიორგი გილიგაშვილმა ცოტა ხნის წინ უმძიმესი დაავადება დაამარცხა. დღეს ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს. ორი კვირის წინ ის ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილის მეჯვარეც გახლდათ და ყველამ ნახა, თუ როგორ მშვენიერ ფორმაშია. გიორგი ახლა AMBEBI.GE-ს სტუმარია, გვიყვება, როგორ შეძლო მძიმე სენის დამარცხება, ავადმყოფობის შემდეგ როგორ გრძნობს თავს და როგორ აფასებს თავის, როგორც მეჯვარის როლს ულამაზესი წყვილის - ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩაჩუას ქორწილში:

- გიორგი, როგორ გრძნობთ თავს?

- "ჩემში ღმერთის გენია,/ არ მაშინებს გენია,/ მწამს, რომ ღვთის სიყვარული/ მკვდრეთით აღმადგენია" - ასე რომ, ყველანი ღვთის შვილები ვართ. ადამიანში არის საღმრთო სული. სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია, სადაც ღმერთია, იქ გამარჯვებაა. მენდეთ, თუ ადამიანს რაიმე დაატყდება თავს და მორჩილად, სიყვარულით მიიღებს მას და არ დაიწყებს საკუთარი თავის გლოვას, მიენდობა უფალს, ყველაფერი უკეთესად იქნება. მამას და დედას ყოველთვის უფრო მეტად უყვარს შვილი, ვიდრე შვილს უყვარს საკუთარი თავი. მამას და დედას ყოველთვის მეტად უნდათ შვილისთვის კარგი, ვიდრე ეს საკუთარი თავისთვის შვილებს გვსურს. ასე რომ, უფალმა საკუთარ თავში გამომანახვინა ძალაც და რაღაცნაირად ამ განსაცდელისთვის მომამზადა კიდეც.

საზოგადოდ გამოხატული არ მქონია, თუმცა იყო ჩემში რაღაც ფიქრები, რასაც სარწმუნოდ მივიჩნევ, რომ ღვთისგან იყო. როდესაც ფიქრი ავისკენ გარბოდა, იქვე სანუგეშო, საუფლო ფიქრი შემოდიოდა. სევდიანს ბედნიერი ფიქრი მოჰყვებოდა. ასე ჩემს თავთან ბრძოლაში - გავატარე მთელი ის პერიოდი და რაც მოხდა, თვით შემეცნების თვალსაზრისით მოხდა. ერთ დღესაც ავთვისებიანი კარცინომის პასუხი - მითხრეს. იმ დროს ყველაზე მეტად მადარდებდა ის, რომ წვერს ხომ არ გამპარსავენ-მეთქ?!. ექიმს ოპერაციის წინ ვკითხე კიდეც. იმაზე არც მიფიქრია, გადავრჩებოდი თუ არა. როგორი შედეგითაც არ უნდა დამთავრებულიყო, მხოლოდ წვერი მადარდებდა.

რადგანაც უფლის წინაშე როგორც სიყვარულით დამდაბლებული და ბევრი სამაგალითო საქმით დამშვენებული მინდა, რომ წარვდგე, ასევე მსურდა, რომ წვერითაც ვიყო. რომ არ გეთქვა, წვერი თურმე შენთვის როგორი მნიშვნელოვანია, მის მოცილებას მართლაც ვაპირებდით. რადგან ასეა, დაგიტოვებთო. ჩემი ოჯახის წევრებს, ვისაც ძალიან ვუყვარვარ, ცხადია, ძალიან დარდობდნენ, მე ვეუბნებოდი, რომ სანერვიულო არაფერი იყო, რადგანაც ყველაფერი უფლის ნებაა, „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა“. ასე რომ, ყველაფერი გენიალურად არის. პროცესი ღვთის წყალობით კარგად მიდის. ასე ვიმხნევებ თავს - „არასოდეს მტოვებს ღმერთი უნახავი,/ არ არსებობს ჩემთვის გადაულახავი“/. გადაულახავი არაფერია, ოღონდ, მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერი, გონიერი და ფიზილური მობილიზება. ისეთი სიყვარულით ვართ ერთმანეთის მიმართ, რომ სიყვარულს ჩემები არ მაკლებენ. მეც ვცდილობ, მათ ეს გრძნობა არ მოვაკლო.

- გარეგნულადაც კარგ ფორმაში ხართ და ეს კარგად დაინახა უამრავმა ადამიანმა, ვინც ჩიჩუა-მაქაცარიების ქორწილს თვალი მიადევნა. თქვენ ქორწილის მეჯვარე იყავით...

- ამ წყვილს ისე უყვართ ერთმანეთი, ერთმანეთისთვის არიან შექმნილი. სიყვარულში არც ერთი პირველობს და ეს არის უმთავრესი მათ ურთიერთობაში. არის გამოთქმა, - „მე შენ მიყვარხარ“. ისინი სიყვარულის ახსნას ასე იწყებენ - „შენ მე მიყვარხარ“. მათი სიყვარულით ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. ამ წყვილის ჯვრისწერის მოწმე ვარ ღვთის წინაშე, მათი მეგობარი ცოცხალი სული. ეს ყველაფერი რომ აღსრულდეს, ადამიანები ამ საიდუმლოს მათ ვანდობთ, ვისაც ვენდობით და გვიყვარს. ასე რომ, ჯვრის წერის საიდუმლო, როდესაც მოძღვარმა აღასრულა, ირაკლის და ლიზას გვერდით ვინც ვიდექით, იმდენ მოსიყვარულე და ნდობით სავსე ადამიანში, მეჯვარეობის პატივი ჩვენ გვერგო. ეს ვალდებულებაცაა, რომ მათი სიყვარულისთვის ვაკეთოთ ყველაფერი.

- თურმე "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამს" არ იყენებთ და თქვენი სახელით არსებულ გვერდებს თქვენი დები ამუშავებენ... რატომ?

- კი, ასეა. ინტერნეტი ვფიქრობ, რომ დიდი დროს მოითხოვს, ამიტომ არ ვსარგებლობ. ცოცხალი ურთიერთობები მიყვარს, სმაილებით და გულებით გამოხატულ სითბოს და სიყვარულს მირჩევნია, ის ემოცია, როდესაც ხალხი ქუჩაში მიღიმის და სითბოთი მავსებს. ეს არის ჩემი ცხოვრების სარკე, „რასაცა გასცემ შენიას“ ყოვლად უტყუარი ფორმულა... სიმართლე რომ ვთქვა, სადღაც მრცხვენია კიდეც, იქ სადაც კარგად გამოვიყურები, ის ფოტო დავდო და შემდეგ მის ქვემოთ კომენტარებში ჩემი განდიდების ფრაზები წავიკითხო. ადამიანებს, რომლებსაც სურთ, საღვთო ბუნების მიღება. თუ ამაზე დავფიქრდებით, ძალიან უნდა შეგვრცხვეს, რომ ეს არის ეგოს თაყვანისცემა და მეტი არაფერი.

დღევანდელობა ხომ ამაზეა აგებული, ამის გარეშე ხომ არ შეგვიძლია, მაგრამ ამას ვამბობ, არა ვინმეს განკითხვით, უბრალოდ სურვილით იმის, რომ ეგოს თავი დავაღწიოთ, დავეხსნათ. ვეცადოთ მაინც. თორემ მეც, რა თქმა უნდა, არ გამოვირჩევი განსაკუთრებულობით. ცოდვებისგან გათავისუფლებას უნდა ვეცადოთ, მაგრამ ადამიანის ბუნება ასეთია - „ცოდვასა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“. რაც არ უნდა ვქნათ, ცოდვაში ვიბადებით. ამიტომ, ამისგან გათავისუფლება, მუდმივი ბრძოლაა ვნებებთან, რომელიც, სანამ ცოცხალი ხარ, არ უნდა დაცხრეს და გაჩერდეს. ერთფეროვან ცხოვრებას ადამიანი ვერ იტევს, მრავალფეროვნებისკენ ისწრაფვის, სადაც უკვე ცოდვების გარეშე წარმოუდგენელია...

გიორგი გილიგაშვილი დასთან ერთად

ცუდია, რომ ღმერთისთვის ცოტა დროს ვხარჯავთ, ხოლო საკუთარი ხორციელი და ამქვეყნიური სიტკბოების შემეცნებისთვის დიდი დროს გვრჩება. ეს უნდა იყოს ჩვენი მნიშვნელოვანი ფიქრების პოლიგონი. თუ ამაზე ყოველდღე ვიფიქრებთ მაინც, მაშინ უფალი უკეთეს ნაბიჯსაც გადაგვადგმევინებს. ყოველი ცუდიც და კარგიც გონებაში ფიქრით შემოდის. დანარჩენი ადამიანის ხელით და ქმედებით ხორციელდება.

- ქორწილი, რომელიც ვახსენეთ, იყო სიკეთის და სიყვარულის დღესასწაული, თუმცა სოციალურ ქსელში ის კრიტიკას და განკითხვას მაინც ვერ ასცდა... ადამიანების გარკვეული ნაწილი მისთვის ჩრდილის მიყენებას ეცადნენ...

- მე არ ვიცი, ინტერნეტში რა ხდება და არც ის, ვინ რა დაწერა, თუ გამოაქვეყნა. თუ რაიმე იყო მსგავსი - უფალი ამბობს, „პირველი ქვა იმან ისროლოს, ვინც უცოდველიაო“. წარმოუდგენელია, რომ ადამიანს ცოდვა არ ჰქონდეს, ქრისტე, როდესაც ჯვარს ვაცვით, ილია როდესაც მოვკალით, რატომ ვფიქრობთ, რომ სიტყვაზე ჩემი თუ ჩემი ძმაკაცის კარგი საღამო, რომელიც სიყვარულით არის გამსჭვალული, არ იქნება განკითხვის ობიექტი?! ეს ადამის ბუნებრივი დაცემული მდგომარეობაა. უნდა იცოდეთ, რომ უსიყვარულოდ გამოითქმება გულის სატკენი სიტყვები, მაგრამ სადაც სიყვარულია, იქ გამარჯვებაა, სადაც ეს არ არის, იქ არის განკითხვა, ცილისწამება...

უფალმა თავის თავს გვამსგავსა და მოგვცა თავისუფლება. ის ჩვენზე არ ძალადობს. ამიტომ, როგორც გვსურს, ისე იქნება. გვინდა ჩვენში იყოს ღმერთი, იქნება, არ გვსურს და არ იქნება... უფლება შეუნდოთ იმ ადამიანებს, ვინც ვერ დაიტიეს საკუთარ თავში შური თუ განკითხვა. ამ ყველაფერმა სძლიათ და რაღაცებზე ხმა ამოიღეს, ეს მათ ანარეკლზე მეტყველებს.

როდესაც ჩემი ირაკლის და ლიზას ამხელა სიყვარული იყო თვალსაჩინოდ გამოხატული, ყველა უსინათლოს თვალები აეხილა და ყველა უსმენოს ესმა მათი სიყვარულის ზარები და გალობა, არ ვიცი, რა ძალა უნდა ყოფილიყო, ამ ყველაფრისთვის ნაკლი ეპოვა. ეს კიდევ დასტურია იმის, რომ უთუოდ ჭეშმარიტი სიყვარულის სულია ორივე, რომლებიც ჯვრისწერით მადლით შეიყარნენ და სამარადისოდ გაერთიანდნენ. ასე რომ, ღმერთმა შეუნდოთ დიდი სიყვარულით განმკითხავთ და დარწმუნებული ვარ ჩემი ირაკლი და ლიზაც ასეთივე შენდობით და სიყვარულით იქნებიან ამ ადამიანების მიმართ. სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია, უსიყვარულობას არ აქვს დასაბამი, სიყვარულის დასაბამი და არსი არის უფალი. ბოროტება უსიყვარულობა ნიშნავს.