ავტორი:

"რაც ახლა ყარაბაღში ხდება, ამაში სომხეთის "მოკავშირე რუსეთია" დამნაშავე, რომელიც ყოველთვის სათავისოდ იყენებდა ამ კონფლიქტს" - მესამე ომის საშიშროება ყარაბაღში: რას ამბობენ ექსპერტები?

"რაც ახლა ყარაბაღში ხდება, ამაში სომხეთის "მოკავშირე რუსეთია" დამნაშავე, რომელიც ყოველთვის სათავისოდ იყენებდა ამ კონფლიქტს" - მესამე ომის საშიშროება ყარაბაღში: რას ამბობენ ექსპერტები?

"დაიწყება თუ არა ყარაბაღის მესამე ომი" - ეს კითხვა ბოლო რამდენიმე დღეა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ისევ აქტუალური გახდა. მცირე პაუზის შემდეგ, 3 აგვისტოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფების საერთო ზოლში, კიდევ ერთი შეტაკება მოხდა, რასაც ორივე მხარეს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაჭრილები. როგორც მოსალოდნელი იყო, სიტუაციის ესკალაციაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხური მხარის განცხადებით, ბაქომ თავდასხმისთვის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.

ყარაბაღში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება რუსული მხარე. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკანასკნელ დღეებში აზერბაიჯანმა ყარაბაღში, რუსი სამშვიდობოების განლაგების ზონაში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია.

რუსი სამხედრო ექსპერტის ალექსანდრე ხრამჩიხინის თქმით, "აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევა, რუსეთისთვის ამ მძიმე ვითარებაში, როდესაც უკრაინაში სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, სხვა არაფერია, თუ არა, მისთვის ზურგში დანის ჩაცემა..." - ამბობს ის kavkaz-uzel.eu-სთან საუბარში.

კიდევ ერთი რუსი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრ პერენჟიევი, ყარაბაღის თემის მიმოხილვისას ამბობს, რომ "კონფლიქტი ჩიხში შევიდა და საჭიროა მისი მოდერნიზება".

მისივე თქმით, რადგან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, ასე სიტუაცია ვერ დარეგულირდება... "როდესაც ძველი მეთოდები და მექანიზმები არ მუშაობას, მათი მოდერნიზებაა საჭირო. სომეხი მოსახლეობის უფლებები უნდა დავიცვათ. მოლაპარაკებები უნდა განახლდეს და მასში ქვეყნის ლიდერები უნდა მონაწილეობდნენ, როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე რუსეთის. დიალოგი აუცილებელია". - ამბობს პერენჟიევი.

საერთაშორისო ექსპერტი, პოლიტოლოგი სტეფან გრიგორიანი suspilne.media-სთან საუბარში ამბობს, რომ ლაჩინის დერეფანი, რომლის გარშემოც ახლა ისევ დაპირისპირებაა, სომხეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

"ასე იყო 30 წლის განმავლობაში. მთიანი ყარაბაღის საკითხი ყოველთვის იყო წარმოდგენილი, როგორც ეს ვიღაცებს სურდათ. 2020 წლის 9 ნოემბერს ხელი მოეწერა სამმხრივ შეთანხმებას რუსეთ-სომხეთი-აზერბაიჯანს შორის. არსებობს ექვსი პუნქტი, სადაც აზერბაიჯანი იღებს პასუხისმგებლობას უწყვეტ კავშირზე, ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების ქვეშაა... ანუ კითხვები ბევრი მიმართულებით არსებობს, არა?.. პასუხები კი, დიდი ხანია არ ჩანს" - ამბობს ექსპერტი.

თავის მხრივ, აზერბაიჯანი მუდმივად აკეთებდა განცხადებას იმის თაობაზე, რომ სამმხრივი შეთანხმება, რომელიც 2020 წლის ყარაბაღის ომის დამთავრებას დაედო საფუძვლად, არ სრულდება, ვინაიდან აზერბაიჯანის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დროებით რუსი სამშვიდობოები აკონტროლებენ, სომხური შეიარაღებული ძალები მუდმივად ფიქსირდებიან, თუმცა, ამას სომხური და რუსული მხარეები უარყოფენ...

აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი აზად ისაზადე კატეგორიულად უარყოფს რუსული და სომხური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ ყარაბაღის ომში თურქეთიც მონაწილეობს. "ჩვენ თურქეთი მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას გვიცხადებს, დანარჩენს აზერბაიჯანი თავად აკეთებს. თუმცა, ამ შემთხვევაში, ყველაფერი სომხური მხარის კისერზეა. აზერბაიჯანელი ჯარისკაცები დაგვეხოცა, დაგვეჭრა, ნაღმზე აგვიფეთქდა და მაინც ჩვენკენ იშვერენ თითს. სომეხი ჯარისკაცებს იქ ყოფნის უფლება არ აქვთ" - ამბობს ისაზადე.

სამოქალაქო აქტივისტი გორ არმათუნი ამბობს, რომ ყველაფერში, რაც ახლა მთიან ყარაბაღში ხდება, სომხეთის "მოკავშირე რუსეთია" დამნაშავე, რომელიც ყოველთვის სათავისოდ იყენებდა ამ კონფლიქტს და ახლაც ასე იქცევა.

"რუსეთის მოყვარულებს მივმართავ, კმაყოფილი ხართ მისი მხარდაჭერით? ამდენი წელი მართავდა ამ ომს, სათავისოდ, ჩვენზე გავლენისთვის. 2020-ში ხმაც კი არ ამოუღია ჩვენს დასაცავად, როდესაც თურქეთის პირისპირ დავრჩით, შემდეგ, დამატებითი ძალები შემოიტანა, რომელსაც მოსახლეობა უნდა დაეცვა. თუმცა ხალხს მაინც შიშის ქვეშ უწევს ცხოვრება... ე.წ. სამშვიდობო ფორმატის სტატუსით სამხედროების შემოყვანაც გავლენების გაძლიერებას ემსახურებოდა და არა ჩვენი ხალხის დაცვას... შემდეგ მადა გაეზარდა და უკრაინას დაესხა თავს, ახლა კრიზისებშია გაჭედილი და იხტიბარს არ იტეხს, სამხრეთ კავკასიის დაკარგვა არ უნდა. საკუთარ სისხლში იხრჩობიან და ჩვენს, გარშემო ყველას ეპოტინებიან, რომ როგორმე არსებობა გაიგრძელონ. სინამდვილეში არც არასდროს ყოფილან ჩვენი მოკავშირეები, მხოლოდ უკანა ეზოდ სჭირდებოდა სომხეთი. ახლაც იგივე უნდა" - წერს ის.