"წაიკითხე წიგნები - უკეთესად იქნები!" - "პალიტრა-მედიამ" თავისი სლოგანი პროექტებით გაამყარა: სულ უფრო მეტი გულშემატკივარ-დამფასებელ-მყიდველი ჰყავს ჟურნალ "გზასთან" ერთად გამოცემული "ქართული პროზის საგანძურის" წიგნებს, ასევე შეიყვარა საზოგადოებამ ჟურნალების - "რეიტინგისა" და "კარუსელის" თანმხლები დეტექტივები და ზღაპრები.
სიმბოლური იყო, რომ სწორედ ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, 8 ნოემბერს - "პალიტრა-მედიამ" კიდევ ერთი საინტერესო პროექტი წარუდგინა ქართველ ხალხს - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" - მოსახლეობის გამოკითხვით შერჩეული წიგნები უკვე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად. ეს მაღალხარისხიანი წიგნები მხოლოდ 7 ლარი ეღირება და თვეში ორჯერ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გაზეთთან ერთად 8 ლარად გაიყიდება.
ახალი პროექტისა და ამ სერიის პირველი წიგნის, ონორე დე ბალზაკის "შაგრენის ტყავის" პრეზენტაციამ და წიგნის სიყვარულმა საზოგადოების პალიტრა სავაჭრო სახლ "თბილისი-ცენტრალში", მაღაზია "ბიბლუსის" წინ შეკრიბა - ცნობილები და უცნობები, მწერლები, ბიზნესმენები, მსახიობები, რეჟისორები, პოლიტიკოსები, მომღერლები და, უბრალოდ, მკითხველები.
"შერჩეული 50 წიგნი შეუძლებელია ასახავდეს მსოფლიო ლიტერატურის უზარმაზარ საგანძურს და ვერც ყველას გემოვნებასა და სურვილს დააკმაყოფილებს, თუმცა ეს ჩვენი საზოგადოების რჩეული 50 წიგნი იქნება", - განაცხადა პროექტის წარდგენისას "პალიტრა-მედიის" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ.
პრეზენტაციის პირველი სტუმრები და წიგნის მყიდველები ცნობილი მსახიობები ზურაბ ცინცქილაძე და მისი მეუღლე, თამარ დათუაშვილი აღმოჩნდნენ.
ზურაბ ცინცქილაძე: - "პალიტრა-მედიის" აქციები - წიგნები ხელმისაწვდომ ფასად და პრესასთან ერთად - თითქოს მოდური გახდა და იმაზე სასიხარულო რა არის, წიგნი თუ მოდური იქნება.
მალე მწერალი დათო ტურაშვილიც შემოგვიერთდა: - თქვენი წიგნი იაფია - ბევრი იყიდის და წაიკითხავს. წიგნზე კარგი წამალი მართლა არ არსებობს. ეს პროექტიც ძალიან კარგია, ისევე როგორც ყველაფერი, რაც წიგნს უკავშირდება.
დავით უსუფაშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე: - ბალზაკთან ერთად "დიდი მხატვრების" სერიით გამოცემული გოგენიც შევიძინე და იცით, რატომ? ამას წინათ კიდევ ერთხელ გადავიკითხე სომერსეტ მოემის "მთვარე და ექვსპენსიანი" და შეუძლებელი იყო, დღეს გოგენიც არ მეყიდა. ასეა: ყოველი წიგნის წაკითხვა თითქოს მადას გიღვიძებს და კარგი გაგრძელება მოჰყვება ხოლმე (იღიმის).
თემურ ჭკუასელი, მწერალი: - ამ სერიის მომდევნო წიგნების ჩამონათვალს რომ გადავხედე, გამიხარდა: უმრავლესობა მე კი მაქვს წაკითხული, მაგრამ ახალი თაობისთვის შეიძლება ეს წიგნები აღმოჩენად იქცეს.
დალი ფანჯიკიძე, მთარგმნელი: - არაჩვეულებრივი პროექტია. ხანგრძლივ დროზეა გათვლილი და აუცილებლად გაამართლებს. ვფიქრობ, კიდევ სჭირდება ამ ნუსხას დაზუსტება, რომ მართლა შედევრები მოხვდეს და არა - შემთხვევითი წიგნები.
დავით ანდღულაძე, რეჟისორი: - ძალიან მომეწონა წიგნის ხარისხი. იმედი მაქვს, კომპიუტერს შეჩვეულ ბავშვებს ჯერ სწორედ ხარისხი მიიზიდავს და მერე დაინტერესდებიან ბალზაკით, ჯეკ ლონდონით და ასე შემდეგ.
- ზოგიერთს უკვირს, რატომ დაიწყეთ პროექტი ბალზაკით ან მისი სწორედ ამ ნაწარმოებითო. არადა, პროექტის მესვეურებს წიგნების გამოცემის თანამიმდევრობა ავტორის პოპულარობის სიდიდე-სიმცირით არ განუსაზღვრავთ. ნაწარმოებები შეირჩა გამოკითხვით, რომელიც ახლაც მიმდინარეობს...
- ასეთ კითხვას, ალბათ, ის სვამს, ვინც კარგად არ იცის ბალზაკის მნიშვნელობა. გერონტი ქიქოძის ნათარგმნი ბალზაკი არც წამიკითხავს და ორ-სამ გვერდს რომ გადავხედე, ძალიან მომეწონა. ასე რომ, ქართველი ახალგაზრდები ახლა ამ მშვენიერ ნათარგმნს წაიკითხავენ. ისე, ჯავახიშვილიც რომ ყოფილიყო, მაინც იკითხავდნენ, რატომაა პირველიო. აი, რუსთაველზე კი კითხვას არავინ დასვამდა (იღიმის). ეს მენეჯმენტის საკითხია და სხვა არაფერი. მთავარია, საინტერესო პროექტი დაიწყო და იმედია, წარმატებით გაგრძელდება.
ირმა ხარშილაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)