ავტორი:

"ყველგან, სადაც შედიხარ, რუსული ენა გესმის... ცემა-ტყეპაზე გადავა ხალხი... ქართველები ერთმანეთს ეჩხუბებიან რუსების გამო" - ნინო კასრაძე

"ყველგან, სადაც შედიხარ, რუსული ენა გესმის... ცემა-ტყეპაზე გადავა ხალხი... ქართველები ერთმანეთს ეჩხუბებიან რუსების გამო" - ნინო კასრაძე

მსახიობი ნინო კასრაძე საქართველოში რუსების შემოდინებაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე, სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მსახიობი ამბობს, რომ მისთვის დისკომფორტია, როცა ყველგან რუსული ენა ესმის. აღნიშნულის შესახებ კასრაძემ "მთავარ არხთან" ისაუბრა.

"ისე მოვიდა რუსული ენა ჩვენს ცხოვრებაში, ნახეთ, ნებისმიერი ბანკომატი, მენიუ რუსულადაც დაემატა, რესტორნები, კაფეები, საუბარზე უკვე აღარაფერს ვამბობ - ყველგან, სადაც შედიხარ, რუსული ენა გესმის.

ეს ჩემთვის დიდი დისკომფორტია. მოდიან და მერე, რუსეთის ხელისუფლება მათი ინტერესების დასაცავად იწყებს მოქმედებას.

ჩვენ ხომ ეს ვიცით, ჩვენ ხომ ეს ვნახეთ, გავიარეთ... თან ვკითხულობ, რომ მაგალითად, ლატვიამ ვიზების გაცემა შეწყვიტა რუსეთის მოქალაქეებისთვის, არათუ დააწესა, შეწყვიტა, ალბათ ისინიც ხედავენ რაღაც საფრთხეს და ამიტომ. როდესაც არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არის, არც იცი ვინ შემოდის.

არ მინდა ვიყო რადიკალური, მაგრამ გამოუვალი სიტუაციაა. შემდეგი ნაბიჯი ის იქნება, რომ ცემა-ტყეპაზე გადავა ხალხი, თუ ეს არის მიზანი, მიღწეულია ფაქტობრივად. მერე ვიღაც იტყვის, არა ეს ასე არ შეიძლება, ეს ქსენოფობიაა, ის უპასუხებს, რატომ არის ქსენოფობია, როდესაც აგერ მიწა წამართვეს, სამაჩაბლოში საფლავზე ვერ გავდივარ. ამას ვამბობ, რომ ეს იქნება დაპირისპირების წყარო საზოგადოებაში. ჩვენ საზოგადოებას კიდევ დაპირისირება სჭირდება?!

  • ამიტომ სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს. სახელმწიფო უნდა იღებდეს რაღაც პასუხისმგებლობას თავის თავზე, რომ კომფორტი შეუქმნას პირველ რიიგში თავის მოსახლეობას.

თუ საზოგადეობას და ხელისუფლებას შორის რაღაც კონსენსური არ შედგა, მაშინ მოსახლეობა თვითონ დაიწყებს დარეგულირებას, თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანს პროცესს და ძალიან დიდი შარის მოწმენი გავხდებით, ქართველებს შორის დაპირისპირების.

ქართველები ერთმანეთს ეჩხუბებიან რუსების გამო. მგონია, რომ რაღაც წილი პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს, სახელმწიფომ უნდა დააყენოს თავისი კონტროლის ქვეშ", - ამბობს ნინო კასრაძე.