ავტორი:

"აქ ან რუსული მიწა იქნება, ან გადაიბუგება ყველაფერი" - ოკუპანტებმა აღიარეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მნიშვნელოვანი ობიექტები დანაღმულია

"აქ ან რუსული მიწა იქნება, ან გადაიბუგება ყველაფერი"  - ოკუპანტებმა აღიარეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მნიშვნელოვანი ობიექტები დანაღმულია

7 აგვისტოს უკრაინულ კომპანია "ენერგოატომმა“ განაცხადა, რომ რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მისადგომები. რაკეტები ბირთვული ნარჩენებისთვის განკუთვნილ ტერიტორიასთან ჩამოვარდა, სადაც ბირთვული საწვავით დატვირთული 174 კონტეინერი იყო განთავსებული. მათივე ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ განთავსებული რადიაციული მონიტორინგის სამი სენსორი დაზიანებულია, ამ ეტაპზე რადიაციის დონის განსაზღვრა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლებელია.

მომხდარს გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში. მისი თქმით, მსოფლიოში, ათწლეულების შემდეგ, ბირთვული დაპირისპირების რისკი დაბრუნდა.

"ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი თავდასხმა არის თვითმკვლელობა“, - განაცხადა მან. მისი თქმით, გაერო მხარს უჭერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აღნიშნულ ატომურ ელექტროსადგურზე სტაბილიზაციის პირობების შექმნისკენ.

თავის მხრივ ოკუპანტებმა ღიად განაცხადეს, რომ დანაღმულია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი. რუსეთი აღარ მალავს, რომ ამ ტერიტორიას "ბირთვულ ფარად" იყენებს. შესაბამისი განცხადება ZNPP-ის საოკუპაციო გარნიზონის მეთაურმა ვალერი ვასილიევმა გააკეთა.

ვალერი ვასილიევმა დამპყრობლებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა ქმედებას უპასუხებს.

ვასილიევის თქმით, თუ სადგური რუსეთის ფედერაციის კონტროლს არ დაექვემდებარება, მაშინ მის ადგილას გადაბუგული მიწა დარჩება...

"აქ იქნება ან რუსული თავისუფალი მიწა, ან გადაიბუგება ყველაფერი. თქვენ, რუსული არმიის ჯარისკაცები, მზად უნდა იყოთ მნიშვნელოვანი ბრძანების შესასრულებლად. ჩვენ დანაღმული გვაქვს ზაპოროჟიეს ატომური ელექტოროსადგურის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი და ამას არ ვუმალავთ მტერს. მტერმა იცის, რომ სადგური იქნება ან რუსული, ან განადგურდება. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ სხვა გზა არ გვაქვს. თუ იქნება ყველაზე მკაცრი ბრძანება, ეს პატივით უნდა შევასრულოთ“, - განაცხადა ვასილიევმა.

ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსულმა ძალებმა მარტის დასაწყისში დაიკავეს. ის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია.

იხილეთ ასევე: