კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის საქმეზე დაკავებული ექიმის, თეიმურაზ ბეჟანიძის განცხადებით, მას გალდავას შეშინების მიზნით ესროლა და მისი მკვლელობის მიზანი არ ჰქონია.
ბეჟანიძემ დღევანდელ პროცესზე მომხდარის დეტალების შესახებ ისაუბრა.
"შემთხვევა სწორია, მაგრამ ასეთი მცდელობა არ მქონია, ეს გამორიცხულია, მინდოდა შეშინება და კუთხეში გავისროლე, ამ დროს ადგა და მხარში მოხვდა, მისი მკვლელობა რომ მდომოდა, ექიმმა კაცმა გული სად არის და თავი სად არის, ვიცი. სამსახურიდან უმიზეზოდ გამათავისუფლა, კონდიციონერის პულტი არ მივეცი, რადგან ჩემი იყო, ამაზე განაწყენებულმა გამათავისუფლა, როგორც შვილი, ისეა ჩემ ხელში გაზრდილი. კონდიციონერი იყო ჩემი ნაყიდი, სხვაგან გადამიყვანა, 4 კაბინეტი შემაცვლევინა, მითხრა, ერთ კვირაში ახალ კონდიციონერს დაგიდგამო და ამაზე დაიწყო უშვერი სიტყვები. ამ ასაკის კაცს, რა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცოდი, იარაღს სახლში არ ვტოვებდი, მეშინოდა შვილიშვილების, სამსახურში ვინახავდი, ვიფიქრე, შევაშინებ-მეთქი, იქნებ ბრძანება შეცვალოს-მეთქი. ძალიან ცუდად მოიქცა, გაფრთხილების მიზნით, კუთხეში გავისროლე, ადგა და მარჯვენა მხარეში გაკრა ტყვიამ, განზრახ მკვლელობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. არც დამალვა მიცდია, იარაღი ბუჩქებში ჩავაგდე და ვუჩვენე. დამნაშავედ ვცნობ თავს, მან მიბიძგა დანაშაულისკენ. პოლიციაშიც ნამყოფი არ ვარ, სპორტსმენი ვარ ძველი, ცხოვრებაში ცუდი არაფერი გამიკეთებია“, - განაცხადა ბეჟანიძემ და აღნიშნა: „რომ გავისროლე და სისხლი დავინახე, იარაღი გავჭედე, ხელები მიკანკალებდა და კიდევ გასროლა რომ არ მომხდარიყო“.
თეიმურაზ ბეჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი, მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
როგორც პროკურორი ეკა ჭაავა განმარტავდა, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებებია განადგურების საფრთხე არსებობდა, რის გამოც, მის მიმართ პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო. ამასთან, პროკურორი აცხადებდა, რომ ამ ეტაპზე მხარეებს შორის კონფლიქტი ამოწურული არ არის.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 10 000-ლარიანი გირაო უნდა შეფარდებოდა. ამასთან, ადვოკატი კახა შონია აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაზარალებულის შეშინების მიზნით, 2 მეტრის სიშორიდან ესროლა. ადვოკატი თეიმურაზ ბეჟანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ მას ინფარქტი ორჯერ ჰქონდა გადატანილი და რომ ის მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებდა.
ცნობისთვის, პროკურატურამ თეიმურაზ ბეჟანიძეს ბრალი გიორგი გალდავას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.