ავტორი:

"რუსული იმპერიალისტური ოცნება - "საქართველო ქართველების გარეშე" - სამწუხაროდ, ჩვენს თვალწინ სრულდება" - რას საფრთხეს უქმნის ქვეყანას რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა?

"რუსული იმპერიალისტური ოცნება - "საქართველო ქართველების გარეშე" - სამწუხაროდ, ჩვენს თვალწინ სრულდება" - რას საფრთხეს უქმნის ქვეყანას რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა?

ჩვენს სამშობლოში რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე აღარავის უკვირს. ისინი ყველგან გვხვდებიან: მაღაზიებში, ტრანსპორტში, აფთიაქებში, განსაკუთრებით, ზღვისპირა ქალაქებში, სადაც რუსული უკვე ლამის მთავარი სასაუბრო ენა გახდა. ისინი ყიდულობენ ქონებას, არეგისტრირებენ ბიზნესებს, ბევრი მათგანი ქართულ ქალაქებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილადაც ირჩევს... ექსპერტების ნაწილი შიშობს, რომ ეს არის "რბილი ძალა", რომელიც ჩვენს სამშობლოს სერიოზულ საფრთხეს უქადის. დღეს ეს საკითხი საქართველოს ყველა გულშემატკივარს აწუხებს, მათ შორის, ჩვენი რესპონდენტებიც არიან:

  • "ოდესმე ვეღირსებით, რომ აქ ქართველებმა ლაღად და ბედნიერად იცხოვრონ?!"

მაია კაჭკაჭიშვილი, მუსიკოსი:

- ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მკვიდრისთვის, არასასიამოვნოა, რომ აქედან გადახვეწილი ემიგრანტების ადგილს უცხოტომელები იკავებენ! მით უმეტეს, ნამდვილად არ მსურს, აქ ბინა ოკუპანტებმა დაიდონ. საქართველო ისედაც მცირერიცხოვანი ქვეყანაა, მილიონზე მეტი ქართველი წასულია აქედან, უცხოეთში გადაიხვეწნენ ლუკმა-პურისთვის, სამაგიეროდ, რუსები თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი - წყალში. ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებსაც კი აქვთ კონტროლის მექანიზმი, რომელიც უცხოელების შემოდინებას აწესრიგებს და ოკუპირებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასე ადვილად რატომ ვუშვებთ? ჩვენ უცხო ტომებისთვის გასაყოფი მიწა-წყალი ნამდვილად არ გვაქვს, მით უმეტეს - რუსებისთვის. საქართველო დიდი ქვეყანა რომ იყოს, კიდევ გაუძლებდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ მცირერციხოვანი ერის შვილები ვართ. ისედაც 2 თუ 3 მილიონი ვართ დარჩენილი და თუ ჩვენს სამშობლოში ნორმალური, ღირსეული ცხოვრების უფლებას მოგვცემენ, მადლობას ვიტყოდით. აშკარაა, რომ რუსეთის მოქალაქეები აქ ოჯახებით ჩამოდიან და სურთ ფესვები გაიდგან. პუტინი ხომ ყველგან ასე იქცევა: თავის ხალხს ჩაასახლებს და მერე ჰგონია, რომ ის ტერიტორია რუსეთს ეკუთვნის. ასე მოხდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ახლა იგივე განმეორდა უკრაინაშიც... ყველას აქ სურს ცხოვრება, ისედაც ურთულესი დემოგრაფიული სიტუაცია გვაქვს და ხომ უნდა დავფიქრდეთ, მომავალში რა გველოდება?! რა მნიშვნელობა აქვს, იარაღით დაგვიპყრობენ თუ ფულით?! ნაცვლად იმისა, რომ თავისი ხალხი დააბრუნონ და ადამიანური პირობები შეუქმნან, აქ უცხო ხალხს უშვებენ და ასახლებენ. რას უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი, მე ვერ ვხვდები, მაგრამ ძალიან მაწუხებს ერთი რამ: ოდესმე ვეღირსები, რომ ქართველებმა თავიანთ სამშობლოში ლაღად და ბედნიერად იცხოვრონ?!

  • "ადამიანი მამა-პაპურ ქონებას როგორ მოექცევა, ეს მისი გადასაწყვეტია"

ლადო კახაძე - ექიმი, საქართველოს პარლამენტის წევრი:

- საქართველო ტურისტული ქვეყანაა, ძალიან საინტერესო ისტორია და ეთნოკულტურა გვაქვს, ამიტომ, სტუმრების ჩამოსვლა და ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი ბუნებრივია. თუ ჩვენი სტუმრები აქედან დადებით ინფორმაციას გაიტანენ, ამას რა ჯობს?! კარგია ისიც, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება - ეს ჩვენს ეკონომიკას წაადგება, მაგრამ სულ სხვა საკითხია ის, რომ ტერიტორიები გვაქვს დაკარგული და აქ მიწის თუ უძრავი ქონების გასხვისება მხოლოდ კანონის მიხედვით შეიძლება. გასაგებია, რომ ზოგიერთ მათგანს აქ უნდა დასახლება. ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, ქონება შეიძინოს, ან თავისი ქონება გაასხვისოს და როგორც უნდა, ისე განკარგოს. კერძო მესაკუთრის გადაწყვეტილებაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა. ეკონომიკა ისეთი სფეროა, რომელიც საზღრებს არ სცნობს, მე ბევრჯერ მითქვამს: მანჰეტენი იაპონელებს ეკუთვნით-მეთქი... ცხადია, იაპონელები მანჰეტენს თან ვერ წაიღებენ, მაგრამ იქ შრომობენ, დოვლათს ქმნიან და ბიუჯეტში გადასახადები შეაქვთ, რაც ამერიკის ეკონომიკას აძლიერებს. ჩვენც, თუ გონივრულად გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც გვაქვს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას გავაძლიერებთ. აქვე იკვეთება ამ საკითხის მორალურ-ეთიკური მხარეც: ზოგიერთი ადამიანი, შიმშილიც რომ ემუქრებოდეს, მამა-პაპურ მიწას და ეზო-კარს სხვას არ მიჰყიდის. მე მაგალითად, ჩემს ქონებას უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ დავუთმობ, მით უმეტეს, რუსეთის მოქალაქეს. რატომ? - მათ გერბსაც კი, ორთავიანი არწივი ამშვენებს... ეს ქვეყანა სულ აქეთ-ქით იყურება, რომ ვინმეს რაიმე წაართვას. რუსეთმა ჩემი ქვეყანა დაბომბა, ეკლესიები წამიბილწა და ხალხი ამიწიოკა, ამ ქვეყნის შვილებს ჩემს მამა-პაპურ საკუთრებას როგორ გადავცემ?! სწორედ მათ წაგვართვეს სამაჩაბლო და აფხაზეთი, ახლა ბიჭვინთის ანექსიაც სურთ, მაგრამ ეს დროებითია. მე აფხაზეთში, სოხუმში, სახლი მაქვს და ერთი წუთითაც არ დამიკარგავს იმედი, რომ ჩემს სახლში დავბრუნდები, როცა ეს ტერიტორია კანონიერად დაგვიბრუნდება.

როცა ოკუპირებულ ქვეყანაში ცხოვრობ, თითოეული ადამიანის მოქალაქეობრივ პოზიციას და შეგნებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კერძო საკუთრება ხელშეუხებელია და ვინ როგორ მოიქცევა, ეს მისი გადასაწყვეტია.

  • "ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ოკუპაციაა!"

თეონა დოლენჯაშვილი - მწერალი:

- სამწუხაროდ, ლარსი ისევ გადაჭედილია რუსული მანქანებით და რუსები უწყვეტ ნაკადადად შემოდიან. საოცარი იცით, რა არის? - ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, სავიზო რეჟიმი და მკაცრი რეგულაციები არა გვაქვს! რუსეთში წასასვლელად ჩვენ ვიზა გვჭირდება, ისინი კი, უვიზოდ შემოდიან და მერე აქ რჩებიან. ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ოკუპაციაა - სხვა სახელს უბრალოდ, ვერ დავარქმევ. ურთულესი ეკონომიკური სიტუაცია გვაქვს, ნახევარი საქართველო მექსიკა-ამერიკის საზღვარზე დგას და ამ დროს, რუსები აქ აფორმებენ ბიზნესებს, ყიდულობენ უძრავ ქონებას და ნელ-ნელა მკვიდრდებიან. ეს, ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის დამსახურებაა. რატომ ყიდიან ქართველები ამ ქონებას რუსებზე? - ადამიანი, რომელსაც უჭირს და შვილები მშიერი ჰყავს, ბინას იმას მიჰყიდის, ვინც უფრო ძვირს გადაუხდის. ამიტომ, რაღაც ბაზა უნდა შეიქმნას, რომ ეს პროცესი შეაჩეროს. უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც ამას მოაწესრიგებს. ვიცი, ბევრი ფიქრობს, რომ ისინი მხოლოდ ტურისტები არიან და ქვეყანაში ფული შემოაქვთ, მაგრამ მე ამას ვერ დავეთანხმები: ჯერ ერთი, რუსი ტურისტი იაფფასიანი ტურისტია და მეორე - მათ ძალიან ჭკვიანური პოლიტიკა აქვთ არჩეული: საქართველოს ზღვისპირეთში და მთებში რუსებმა სახლები შეიძინეს, ან დაიქირავეს და ახლა თვითონ აქირავებენ - ისევ რუსეთის მოქალაქეებზე. შეიძინეს რესტორნები, კაფეები და თვითონ ამუშავებენ, ტუროპერატორებადაც თავად მუშაობენ და საკუთარ ხალხს ასაქმებენ. ასე რომ, ყველაფერი მათივე ჯიბის გასასქელებლად კეთდება, საქართველოს ბიუჯეტში კი, მინიმუმალური თანხა შედის. ეს რუსული ბიზნესია, ოღონდ, ჩვენი ქვეყნის ხარჯზე. რუსული იმპერიალისტური ოცნება - "საქართველო ქართველების გარეშე" - სამწუხაროდ, ჩვენს თვალწინ სრულდება. დღეს შავიზღვისპირეთს დავთმობთ, ხვალ - თბილისს და ბოლოს, მთელ ქვეყანას ჩავაბარებთ! თუ ჩვენი ხელისუფლება გონივრულ ნაბიჯებს არ გადადგამს, სულ მალე მივიღებთ საქართველოს ქართველების გარეშე. რას ნიშნავს გონივრული ნაბიჯები? - მაგალითად: ესტონეთში შემოიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეებზე ქონება აღარ გაიყიდება. ჩვენც ასე უნდა ვიქცეოდეთ და როცა სწორი საკანონმდებლო ბაზა გვექნება, მერე ვისაუბროთ კერძო საკუთრების ხელშეუხებლობაზე. სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს, როცა საქმე ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს ეხება. საზღვარზე ხომ მაინც უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც რუსეთიდან შემოსულ ხალხს გაფილტრავს? რაც ახლა ხდება, ჩვენი ქვეყნის და ქართული თვითმყოფადობის წაშლის მცდელობაა. როგორც წესი, რუსები ყოველთვის იცავენ "რუსსკი მირს". პუტინი ისე შემოვა აქ თავისი მოქალაქეების დასაცავად, რომ ხმასაც ვერ ამოვიღებთ. "არგაღიზიანების" პოლიტიკამ სწორედ ეს მოგვიტანა: ჩვენი სამშობლო ლამისაა, პუტინის რუსეთს გადავაბაროთ. თითოეული ადამიანის შეგნება მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია, ისეთი ხელისუფლება გვყავდეს, რომელიც ამ ქვეყანაზე იზრუნებს და არა - ერთი კაცის საბანკო ანგარიშებზე. ტურისტები არიან და ეკონომიკას აძლიერებენო, საქართველოში ქართველი თუ არ დარჩა, რაღად გვინდა ეს ეკონომიკა? ჩვენ თუ აღარ დავრჩით, ეკონომიკა რაღად გვინდა? ტურისტი ტურისტია, მაგრამ როცა ბინას თავის სახელზე გაიფორმებს, ის უკვე ტურისტი აღარ არის. მე არ ვიცი ამ სიტუაციიდან ლოგიკური გამოსავალი რა არის, ამიტომ გვჭირდება ჭკვიანი და გამოცდილი პოლიტიკოსები, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ გამოიყვანენ ქვეყანას ამ მდგომაროებიდან.ყველა სახელმწიფო აკონტროლებს თავის საზღვარს, ჩვენ კი, ამასაც ვერ ვახერხებთ!

ავტორი: ხათუნა ჩიგოგიძე