ავტორი:

სასამართლომ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და თეა წულუკიანის უწყებას კომპენსაციის გადახდა დააკისრა

სასამართლომ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და თეა წულუკიანის უწყებას კომპენსაციის გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება დაკავებული პოზიციიდან, უკანონოდ მიიჩნია. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, კულტურის სამინისტროს მოსარჩელესთვის კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დაეკისრა.

ამის შესახებ ინფორმაციას "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ავრცელებს.

"სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა დინარა ვაჩნაძის კომპეტენციას. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ პროცესზე მოპასუხე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც რეორგანიზაციისას, თანამშრომელთა ობიექტურ და სამართლიან შერჩევა-შეფასებას დაადასტურებდა. მოსარჩელე 2006 წლიდან მუშაობდა ეროვნულ მუზეუმში, ხოლო 2017 წლიდან თბილისის კოლექციებისა და ეროვნული საგანძურის მართვის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა. მასობრივი გათავისუფლებებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება პირველ პრეცედენტს წარმოადგენს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კულტურის სფეროს სხვა გათავისუფლებულთა შრომითი დავებისთვის, რომელთაც უახლოეს თვეებში განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აგრძელებს დავას როგორც მუზეუმის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლების საქმეებზე. ცენტრი ასევე გააგრძელებს დავას დინარა ვაჩნაძის მიმართ მიღებული სხვა უკანონო გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გათავისუფლებამდე, მისი დაბალ პოზიციაზე უკანონოდ გადანიშვნას გულისხმობდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, კულტურის სექტორის 70-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა.