ავტორი:

"დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა" - "ქართული ოცნების" დეპუტატი რუსეთის მოქალაქეებზე გაკეთებულ განცხადებას განმარტავს

"დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა" - "ქართული ოცნების" დეპუტატი რუსეთის მოქალაქეებზე გაკეთებულ განცხადებას განმარტავს

თბილისის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან", გივი ჩხარტიშვილი საკუთარ განცხადებას განმარტავს და "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ნაცმოძრაობა" და მისი ტელვიზიები დროს არ კარგავენ შექმნან ფეიკ ამბები პროვოკაციებისთვის. ახლა საკრებულოს სხდომაზე ჩემი განცხადება ამოუღიათ მიზანში. ცდილობენ, სხვა შინაარსი შესძინონ - მტერთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებსო.

არა და არა ბატონებო, რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი კლავს და სწორედ თავისუფლებისთვის საუკუნეების განმავლობაში მებრძოლი ჩვენი ხალხის სიბრძნეა ისიც, რაც ვაჟამ ერთ ფრაზაში ჩაატია - "დღეს, სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა". მართებს რუსეთს ჩემი სისხლი! დიახ, რუს აგრესორებთან ბრძოლას, საქარათველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა ბიძაჩემი, დედაჩემის ძმა, რომლის საფლავიც დღემდე არ გვაქვს. თითოეული გმირის სისხლი მართებს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა!.ჩვილების, ბავშვების, ქალების, მოხუცების სიცოცხლე მართებს, ვინც 1991 წლიდან რუსულ ჭურვებს, ნაღმებს, ტყვიებს შეეწირა. მაგრამ, არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ ის, რაც ვთქვი - საუკუნეთა განმავლობაში მრავალი მტრით გარშემორტყმული საქართველოს და ქართველი ერის სტუმართმოყვარეობა! მიუხედავად იმისა, რა ეროვნების იყო სტუმარი.სწორედ ეს ვთქვი რადგან ვერ დავემსგავსებით იმ ქვეყანას, იმ ერს, რომელმაც 2006 წელს მის მიწაზე სტუმარი ქართველები სატვირთო თვითმფრინავებით გამოაძევა. ეს დევნა ბევრს დაუჯდა სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად. თუ ჩვენ ასე მოვიქცევით, ოკუპანტის მიზანიც მიღწეულია - დაგვიმგვანოს.და რადგან ქართველობა და ღირსება გაცილებით მეტია მხოლოდ ერთს ვიტყვი, ვწუხვარ ჩემი ოპონენტების გამო, რომლებიც ასე, მცირე-მცირე პროვოკაციებით და ტყუილებით ცდილობენ დიდი ზვავის აგორებას. და ისე დააბრმავა პოლიტკურმა სიბრაზემ და უმწეობამ, მიდიან ყველაფერზე, თუნდაც ამ ზვავმა მთელი ქვეყანა დაიტანოს".

შეგახსენებთ, დეპუტატმა საქართველოში შემოსულ რუს ტურისტებზე საუბრისას მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და თავმდაბლობის გამოჩენისკენ მოუწოდა. ჩხარტიშვილმა მოძრაობა "სირცხვილია“ და "ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხზე "პროვოკაციულ პერფორმანსებში" დაადანაშაულა.

"სოციალურ ქსელს ყველა თვალს ვადევნებთ და ვხედავთ, თუ რამდენად პროვოკაციული პერფორმანსები ეწყობა "სირცხვილიას" მხრიდან. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეა, რომ თქვენი მზაკვრული გეგმები, "ნაციონალური მოძრაობის" ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ყველა მიმართულებით ჩავარდა და ახლა ახალი სქემა გაქვთ შემუშავებული, რომ საზოგადოებაში გინდათ გამოიწვიოთ აურზაური და რაღაც სახით შექმნათ ისეთი ფონი, თითქოს, აი, შემოვიდნენ რუსები, რჩებიან, აქ ცხოვრობენ, ჩვენ სად წავიდეთ და სხვადასხვა ინტერპრეტაციით მიგყავთ, თქვენ თვითონაც არ იცით, რა ინტერპრეტაციით მიდიხართ და რას ემსახურებით ზოგადად.

ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ და ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა, ჩვენი თავმდაბლობა აუცილებლად, ერის წინაშე მაქვს საუბარი, გამოვიჩინოთ და მივყვეთ ჩვენი ქალაქის განვითარებას. საზოგადოებას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და არ აჰყვნენ პროვოკაციებს", - თქვა ჩხარტიშვილმა.

იხილეთ ასევე: