ავტორი:

"როცა სამშობლომ დაუძახა, ჩვენი გმირები კვლავ ბრძოლის ველზე გავიდნენ" - ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლთა მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა

"როცა სამშობლომ დაუძახა, ჩვენი გმირები კვლავ ბრძოლის ველზე გავიდნენ" - ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლთა მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა

ცხინვალის კინოცენტრის დარბაზში უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლების მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. მას დაესწრნენ ხელოვანები ჩრდილოეთ ოსეთიდან და ე.წ სამხრეთ ოსეთიდან - ალბერტ ლალიევი, მილენა იკაევა, იგორ ტასო, იბრაჰიმ ჯიოევი, ოქსანა ჯელიევა, მადინა ზანგიევა, ლერი მარგიევი და სხვები.

  • "სცენიდან ისმოდა მხარდამჭერი სიტყვები დონბასში მყოფი ბიჭების მიმართ. შემსრულებლებმა იმედი გამოთქვეს, რომ სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდება და მისი თითოეული მონაწილე სახლში ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდება“, - წერს სააგენტო ადგილობრივი სააგენტო "რესი."

საქველმოქმედო კონცერტს ესწრებოდა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლება, ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ხელმძღვანელობით. მან ხელოვანებს კონცერტის გამართვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებისთვის ახლა ნებისმიერი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია."

"მადლობა ყველას ვინც მოვიდა და მხარი დაუჭირა დღევანდელ ღონისძიებას, დარწმუნებული ვარ, ბევრს, ვინც დღეს დარბაზშია ჰყავს ნათესავები და მეგობრები, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის სპეცოპერაციაში.

14 წლის წინ ამ დღეებში ჩვენს მიწაზე სისხლი დაიღვარა, მოსახლეობაში კვლავ იყო მსხვერპლი. არავის სჯეროდა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ჩვენ ისევ დაგვჭირდებოდა იარაღის აღება, მაგრამ ჩვენი გმირები კვლავ ბრძოლის ველზე გავიდნენ, როცა მათ სამშობლომ დაუძახა.

მათ იქ ნაციზმის მოსპობა გადაწყვიტეს, რათა მტერი ჩვენს სახლამდე არ მოსულიყო, ოსურ მიწაზე მშვიდობა დამყარებულიყო“, - თქვა გაგლოევმა.

ღონისძიების გამართვის ინიციატორი ცხინვალელი მომღერალი ალბერტ ლალიევი იყო, რომელმაც უკრაინაში დაღუპული ოსი მებრძოლის რადისლავ ხუგაევისადმი მიძღვნილი სიმღერა შეასრულა.

ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა განკუთვნილია საომარ მოქმედებებში მონაწილე სამხედრო პერსონალის დასახმარებლად.აღსანიშნავია, რომ 12 აგვისტოს მსგავსი შინაარსის კონერტი ვლადიკავკაზში გაიმართება.

ბოლო მონაცემებით უკრაინაში ომს ჩრდილოეთ ოსეთის 108, ხოლო "სამხრეთ ოსეთის" 17 მცხოვრები ემსხვერპლა.