ავტორი:

"ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ პასპორტს ვაქვეყნებ, რომელშიც აშშ-ს 5-წლიანი ვიზაა. საბედნიეროდ, მსგავსი ვიზები თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის" - დავით არახამია

"ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ პასპორტს ვაქვეყნებ, რომელშიც აშშ-ს 5-წლიანი ვიზაა. საბედნიეროდ, მსგავსი ვიზები თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის" - დავით არახამია

უკრაინის რადაში ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია უკრაინელი დეპუტატებისა და სხვამაღალჩინოსნებისთვის დიპლომატიური პასპორტის შეჩერების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ინიციატორი თავად იყო.

არახამია ვიდეომიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მან უკვე აიღო ახალი დიპლომატიური პასპორტი, აშშ-ს 5-წლიანი ვიზიტით, რომელსაც "სპეციალურად ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის“ აქვეყნებს.

ამასთან, არახამია ვიდეოში საქართველოს მთავრობას 2008 წლის აგვისტოს ომის 14-წლის თავზე გაკეთებული განცხადებების გამოც აკრიტიკებს და როგორც აცხადებს, ელოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავის ქვეყანასთან მიმართებაშიც არ ეყოფოდა გამბედაობა, აგრესორი გაეკიცხა.

"დღეს, რამდენიმედღიანი სპეციალური პაუზის შემდეგ, გადავწყვიტე ვიდეო გამომექვეყნებინა. მაინტერესებდა, 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რა რეაქცია ექნებოდა და ეყოფოდა თუ არა ვინმეს გამბედაობა, უკრაინასთან თუ არა, თავის ქვეყანასთან მიმართებით მაინც გაეკიცხა აგრესორი და გაეხსენებინა, რა მსხვერპლი და ზარალი მოიტანა რუსეთის ომმა საქართველოში.

მოხდა ისე, როგორც ველოდი. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან არანაირი რეაქცია არ ყოფილა, რაც შიშით და რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობითაა განპირობებული. ქართული მედიისთვის თვალყურის დევნების დროს ერთადერთი რაც ვიპოვე, ჩემი ინიციატივით პარლამენტის დეპუტატებისთვის, მათ შორის ჩემთვის, რადგან მეც დეპუტატი ვარ, დიპლომატიური პასპორტის ჩამორთმევისა და მათი დასჯის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო. ეს გააზვიადეს და ამ ამბისგან რაღაცა სპეცოპერაცია შექმნეს.

ახლა, კი სპეციალურად ბატონი ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ დიპლომატიურ პასპორტს გამოვაქვეყნებ, რომელშიც ამერიკის შეერთებულ შტატების 5-წლიანი სამთავრობო ვიზაა. უნდა გაიგოთ, რომ მსგავსი ვიზები საბედნიეროდ თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. ვიმედოვნებ, რომ სანქციების მერვე პაკეტში, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს, ვნახავთ, ვინ რას წარმოადგენს, ვის რა პასპორტი ექნება და ვინ სად იქნება. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ, გკოცნით“, - განაცხადა არახამიამ, რომლის ვიდეომიმართვის თარგმანს "მთავარი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასობით დიპლომატიური პასპორტი გააუქმა, მათ შორის გადაწყვეტილება შეეხო უკრაინელ დეპუტატებსაც. აღნიშნულ სიაში მაღალჩინოსნებს შორის ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია, ლიზა იასკო და ალექსი გონჩარენკოც იყვნენ.